ქალის ორგანიზმი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ცვლილებებს განიცდის. ორსულობისთვის მზადება, მშობიარობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი თუ მენოპაუზა. თითოეული მათგანი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს რეპროდუქციულ და უროგენიტალურ სისტემებზე, მენჯის ფსკერის კუნთებსა და ზოგადად, ცხოვრების ხარისხზე. ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის ექიმი ფიზიოთერაპევტი ნინო მეტრეველი.
თანამედროვე გინეკოლოგიაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კომპლექსურ მიდგომას, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ფიზიოთერაპია. მისი მიზანი მხოლოდ არსებული დისკომფორტის შემცირება არ არის, სწორად შერჩეული და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო პროგრამა ქალს ეხმარება სხეულის ფუნქციური შესაძლებლობების აღდგენაში, გარკვეული სიმპტომების მართვასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
ფიზიოთერაპიული ჩარევა გინეკოლოგიაში გინეკოლოგთან თანამშრომლობით იგეგმება და ითვალისწინებს ქალის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩივილებსა და ცხოვრების კონკრეტულ ეტაპს.
რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ორსულობისთვის მზადება და IVF-ის პროცესი
ორსულობის დაგეგმვისას, განსაკუთრებით კი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საშვილოსნოს ენდომეტრიუმის მდგომარეობას. მისი სისქე, სტრუქტურა და რეცეპტიულობა ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებსაც ემბრიონის იმპლანტაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობა აქვს.
ამ ეტაპზე ფიზიოთერაპია შესაძლოა განიხილებოდეს კომპლექსური სამკურნალო და სარეაბილიტაციო მიდგომის ერთ-ერთ კომპონენტად. კონკრეტული მეთოდების მიზანი შეიძლება იყოს მენჯის მიდამოს ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესება, კუნთოვანი დაძაბულობის შემცირება და სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პროცესების მხარდაჭერა.
ორსულობა – განსაკუთრებული პერიოდი, განსაკუთრებული სიფრთხილე
ორსულობის დროს ქალის სხეული მნიშვნელოვან დატვირთვას განიცდის. იცვლება ხერხემლისა და მენჯის ბიომექანიკა, იზრდება დატვირთვა მენჯის ფსკერის კუნთებზე და შესაძლოა გამოვლინდეს წელის ტკივილი, კუნთოვანი დაძაბულობა ან სხვა ფუნქციური დისკომფორტი.
ამ პერიოდში ფიზიოთერაპიის მთავარი ამოცანაა უსაფრთხო და მიზანმიმართული მხარდაჭერა. სპეციალისტის მიერ შერჩეული მეთოდები შეიძლება დაეხმაროს ქალს მოძრაობითი ფუნქციის შენარჩუნებაში, კუნთოვანი დისკომფორტის შემცირებასა და სხეულის ახალ მდგომარეობასთან ადაპტაციაში.
თუმცა ორსულობის დროს ნებისმიერი ფიზიოთერაპიული ჩარევა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. პროცედურის შერჩევამდე აუცილებელია ორსულობის მიმდინარეობისა და შესაძლო უკუჩვენებების შეფასება, ხოლო მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს როგორც დედის, ისე ნაყოფის უსაფრთხოების ინტერესებს.
მშობიარობის შემდეგ, სხეულის აღდგენა და ცხოვრების ახალ ეტაპთან ადაპტაცია
მშობიარობა ქალის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვაა, იქნება ეს ბუნებრივი მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა. ამ პროცესის შემდეგ სხეულს დრო და ხშირად მიზანმიმართული მხარდაჭერაც სჭირდება, რათა ეტაპობრივად აღდგეს მისი ფუნქციური შესაძლებლობები.
მშობიარობის შემდგომი ფიზიოთერაპია ინდივიდუალური სარეაბილიტაციო გეგმის საფუძველზე შეიძლება მოიცავდეს:
- მენჯის ფსკერის კუნთების ფუნქციის აღდგენასა და გაძლიერებას;
- სტრესული შარდის შეუკავებლობის მართვას;
- მუცლის კედლის კუნთების, მათ შორის დიასტაზთან დაკავშირებული ფუნქციური დარღვევების შეფასებასა და რეაბილიტაციას;
- საკეისრო კვეთის ან მშობიარობის შემდგომი ნაწიბურის მობილობის გაუმჯობესებას;
- მენჯის მიდამოსა და წელის ტკივილის შემცირებას;
- ლაქტოსტაზის დროს შესაბამისი დამხმარე ღონისძიებების გამოყენებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მენჯის ფსკერის რეაბილიტაცია, რადგან ამ კუნთების მდგომარეობა გავლენას ახდენს შარდის შეკავებაზე, მენჯის ორგანოების მხარდაჭერასა და სქესობრივ ფუნქციაზე.
რეაბილიტაციის დაწყების დრო და მეთოდები დამოკიდებულია მშობიარობის მიმდინარეობაზე, ქალის მდგომარეობასა და შესაძლო გართულებებზე. ამიტომ აღდგენის პროცესი უნდა იყოს ეტაპობრივი და სპეციალისტის მეთვალყურეობით წარმართული.
მენოპაუზა, როცა ორგანიზმი ახალ ბალანსს ეძებს
მენოპაუზა ქალის ცხოვრების ბუნებრივი ეტაპია, რომელსაც ჰორმონული ცვლილებები ახლავს. ესტროგენების დონის შემცირება გავლენას ახდენს უროგენიტალურ სისტემაზე, კუნთებსა და შემაერთებელ ქსოვილებზე. შედეგად, შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა პრობლემებმა, რომლებიც ზოგჯერ ქალის ყოველდღიურობასა და ემოციურ მდგომარეობაზეც აისახება.
მათ შორისაა:
- შარდის სტრესული შეუკავებლობა;
- მენჯის ფსკერის კუნთების სისუსტე;
- საშოს სიმშრალე და დისკომფორტი;
- მენჯის ორგანოების პროლაფსთან დაკავშირებული სიმპტომები;
- სქესობრივი ცხოვრების დროს ტკივილი ან დისკომფორტი.
ამ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მენჯის ფსკერის კუნთების ფუნქციის შეფასებასა და რეაბილიტაციას. სწორად შერჩეული ვარჯიშები და ფიზიოთერაპიული მეთოდები ხელს უწყობს კუნთების კონტროლის გაუმჯობესებას, შარდის შეუკავებლობის ზოგიერთი ფორმის მართვას და ყოველდღიური აქტივობის შენარჩუნებას.
ზრუნვა, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპს აერთიანებს
ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც პრობლემა იჩენს თავს, და არც კონკრეტული ასაკით ან ცხოვრების ეტაპით შემოიფარგლება. თანამედროვე გინეკოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ პრევენციაზე, ფუნქციურ აღდგენასა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მკურნალობაზეა ორიენტირებული.
ფიზიოთერაპია ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, მიდგომა, რომელიც ქალს ეხმარება უკეთ გაიაზროს საკუთარი სხეულის საჭიროებები, მართოს გარკვეული სიმპტომები და შეინარჩუნოს აქტიური, სრულფასოვანი ცხოვრება. რადგან ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ დაავადების მკურნალობა არ არის, ეს მისი ცხოვრების ხარისხზე ზრუნვაცაა.