ჩემი ახალი ფაქტორი
დაიბადა… კიდევ ერთი შვილობილი დაიბადა… დაიბადა ჩემი ანუცის, საქველმოქმედო ფონდის „შენთვის“ და მისი 2000 ახალი სიცოცხლის, კლინიკა GGRC-ის, პატარა ოცნებების და დიდი მიზნების შემდეგ. კიდევ ერთი ნაყოფი მოევლინა სამყაროს – ახალი ფაქტორის სახით…
როცა პროფესიაში არჩევანს ვაკეთებდი, ერთი პირადი მიზეზი მქონდა, ძალიან ადრე შექმნილი ოჯახი და გვიან დაბადებული ჩემი პირველი და ერთადერთი შვილი – ანა. სწორედ დედობამ გამხადა უფრო მგრძნობიარე იმ თემების მიმართ, რომლებიც ყველაზე ღრმად ეხება ადამიანს, სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, იმედს.
47 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს პირველი „სინჯარის ბავშვი“ მოევლინა, ჩვენი პირველი ნომრის მთავარი სტუმარიც ის ბავშვია, რომელმაც დასაბამი დაუდო დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით დედამიწაზე 8 მილიონზე მეტი ადამიანის დაბადებას. ამ გლობალურ სტატისტიკაში თავისი, გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს. ქვეყანა დღეს რეგიონული ჰაბია, სადაც უშვილო წყვილები ჩამოდიან აშშ-დან, ჩინეთიდან, ისრაელიდან და ევროპიდან.
ჩემს ამბავში კი ბევრი „დაბადება“ იყო, ერთ-ერთი დაუვიწყარი ის აღმოჩნდა, მიკროსკოპში პირველად რომ დავინახა ემბრიონი – სიცოცხლის დასაწყისი. ჩემს თავს ვუთხარი – „ჩემი ხელით შევქმენი სიცოცხლე“. ეს განცდა გახდა ჩემი პროფესიული გზის დასაწყისი. თუმცა რეალური გარდატეხა მაშინ დადგა, როცა ყოველდღიურ პრაქტიკაში შევხვდი ქალებსა და წყვილებს, რომლებსაც შვილი უნდოდათ, მაგრამ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ჰოდა, დაიბადა ფონდი „შენთვის“, ჩემი ცხოვრების მთავარი და უდიდესი სოციალური პასუხისმგებლობა, ადამიანური სოლიდარობის მაგალითი, რომელმაც ასობით ოჯახს მისცა შანსი და თავისებურად დაუდო დასაბამი ახალი კლინიკის დაბადებასაც. გზადაგზა იბადებოდა პატარა და დიდი ოცნებები, სურვილები, მიზნები და დღეს უკვე ასობით ოჯახი არსებობს, რომლის ისტორიის ნაწილი მეც ვარ. და ყოველი მათგანი მახსენებს, რატომ ავირჩიე ეს საქმე.
ამ გზამ მაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია საუბარი იმ თემებზე, რომლებზეც ხშირად ვჩუმდებით – რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ქალისა და კაცის შესაძლებლობებზე, იმედზე, რომელიც ზოგჯერ რთულ გზას გადის.
ამიტომაც დაიბადა ეს ჟურნალი. არა მხოლოდ როგორც პროფესიული პლატფორმა, არამედ როგორც სივრცე, სადაც ვილაპარაკებთ იმაზე, რაც ზოგჯერ რთულად სათქმელია, მაგრამ აუცილებელი – ქალისა და კაცის ჯანმრთელობაზე, ოჯახზე, შვილებზე, არჩევანზე და მომავალზე.
მინდა, ეს ჟურნალი იყოს ადგილი, სადაც მეცნიერება და ადამიანური გამოცდილება ერთმანეთს ხვდება. სადაც ექიმები არა მხოლოდ მკურნალობენ, არამედ გვიყვებიან. სადაც პაციენტები აღარ არიან მხოლოდ სტატისტიკა, არამედ ისტორიები, ძალიან პირადი, ხშირად რთული, მაგრამ იმედით სავსე. მინდა გაჩვენოთ, როგორ ერთიანდება მეცნიერება და ადამიანობა ერთ მიზანში – სიცოცხლის გაგრძელებაში.
მინდა, ეს სივრცე იყოს არა მხოლოდ ექიმებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც კითხვები აქვს, ეძებს პასუხებს ან უბრალოდ სურს უკეთ გაიგოს საკუთარი სხეული და შესაძლებლობები.
და ალბათ ყველაზე მთავარი სწორედ ის პირველი გულისცემაა, რომელიც ამ ყველაფერს აზრს აძლევს – ეს არის სიცოცხლის ახალი ფაქტორი.
ფაქტორი, რომელსაც ჩვენ ერთად ვქმნით.
ნინო მუსერიძე, რედაქტორი