როგორ გავუმკლავდეთ უშვილობით გამოწვეულ სტრესს
S company წარმოგიდგენთ
ფსიქოლოგის – ზურა მხეიძის რჩევები წყვილებს
ესაუბრა ქეთია ბელქანია
უშვილობა – ეს არის თემა, რომელზეც საზოგადოებაში ხმამაღლა საუბარს ხშირად გაურბიან, თუმცა სინამდვილეში ის უამრავი წყვილის ჩუმ, ყოველდღიურ და უხილავ ბრძოლას მალავს. როდესაც ოჯახის დაგეგმვა თვეობით ან წლობით ჭიანურდება, პროცესი მხოლოდ სამედიცინო კაბინეტებსა და ფიზიკური გამოწვევებით არ შემოიფარგლება. პირიქით, მთავარი და ყველაზე რთული ასპარეზი ხშირად ადამიანის ფსიქიკა ხდება.
უნაყოფობასთან გამკლავება უდიდეს ემოციურ ტვირთთან, დანაშაულის განცდასთან და მუდმივ მოლოდინთანაა დაკავშირებული. ამ შინაგან ტკივილს კიდევ უფრო ამძიმებს სოციუმის დამოკიდებულება. უხეში რჩევები, სხვისი გამოცდილების თავსმოხვევა და ტაქტს მოკლებული, თითქოსდა უწყინარი შეკითხვები – „აბა, როდის აპირებთ?“ ან „რას ელოდებით?“ – წყვილს ხშირად იზოლაციისკენ უბიძგებს. მათ უჩნდებათ სურვილი, ჩამოშორდნენ მეგობრებს, ნათესავებს და თავი აარიდონ ნებისმიერ სოციალურ შეკრებას, სადაც ბავშვები მთავარი სასაუბრო თემაა.
როგორ უნდა გაუმკლავდნენ პარტნიორები ამ მრავალმხრივ სტრესს ისე, რომ ერთმანეთი არ დაკარგონ? რა შეცდომებს ვუშვებთ კომუნიკაციისას და როგორ გავავლოთ მყარი, მაგრამ ჯანსაღი საზღვრები გარშემომყოფებთან? ამ და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე ფსიქოლოგი ზურა მხეიძე საუბრობს.
ბატონო ზურა, უშვილობა ხშირად უდიდესი ემოციური დარტყმაა წყვილებისთვის, რის გამოც მათ უჩნდებათ სურვილი, განზე გადგნენ სოციალური შეკრებებისგან ან ახლობლებისგან, რომლებიც მუდმივად ბავშვებზე საუბრობენ. რას ურჩევთ პაციენტებს, როგორ გაავლონ ჯანსაღი საზღვრები ისე, რომ საზოგადოებისგან იზოლაციაში არ აღმოჩნდნენ?
ზოგადად, საზოგადოება მსგავსი საკითხების მიმართ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ნაკლებად ითვალისწინებს. ჩვენთან საზღვრების დარღვევა ჩვეულებრივი ამბავია. ავადობაც რომ მოვიყვანოთ მაგალითად: ორი ადამიანი ერთმანეთს შეხვდება და ისე აზიარებენ საკუთარი ცუდად ყოფნის ამბებს, თითქოს ეჯიბრებიან, რომელი უფრო ცუდადაა. მეტსაც გეტყვით, შეიძლება 3 შვილი გყავდეს, მაგრამ როგორც კი ახლობელი შეგხვდება, აუცილებლად მოგიწოდებს მეოთხე შვილის ყოლისკენ; ან, დავუშვათ, წყვილმა გადაწყვიტა, რომ ცოტა ხანი არ უნდათ შვილი – ასეთ დროს ნათესავი მაინც ჩაგეკითხებათ: „აბა, როდის აპირებთ?“. ეს იმდენადაა ადამიანების ჩვევაში გამჯდარი, რომ მათგან ფიზიკური თავის დაღწევის მცდელობა მართლაც სრულ იზოლაციამდე მიგიყვანთ.
გამოსავალი საზღვრების ფიზიკურ გავლებაში კი არა, შინაგან დამოკიდებულებაშია. როცა სხვების ქცევის შეცვლა არ შეგვიძლია, ჩვენი რეაქცია უნდა შევცვალოთ. წინასწარ უნდა ვიცოდეთ და მივიღოთ მოცემულობად, რომ სხვებისგან მსგავსი რეპლიკები და კითხვები აუცილებლად იქნება. მთავარია ამ დამოკიდებულების გაუვნებლება – სხვების ნათქვამმა ჩვენში მძაფრი რეაქცია არ უნდა გამოიწვიოს.
ორგანიზმს თავის დაცვის მექანიზმი გააჩნია და ასეა ფსიქიკის შემთხვევაშიც. ფსიქიკა დამაზიანებელ ინფორმაციას კონტრშინაარსით უპირისპირდება. იმისათვის, რომ შევამციროთ იმ თემის გავლენა, რომელიც გვაწვალებს, ჩვენმა ფსიქიკამ უნდა შექმნას სხვა, ალტერნატიული კონტექსტი და ყურადღება იქით მიმართოს.
დანაშაულისა და უხერხულობის გრძნობა ხშირად თან ახლავს უნაყოფობის მკურნალობის პროცესს. თქვენი აზრით, რა არის პრობლემის „საიდუმლოდ ტარებით“ გამოწვეული სიმძიმის მთავარი მიზეზი ჩვენს რეალობაში და როგორ ეხმარებით ადამიანებს მის დაძლევაში?
აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი იკვეთება. პირველი, ეს არის თვითრეალიზაცია: ზოგადად ადამიანი საკუთარ თავს რეალიზებულად და სრულფასოვნად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს თუ ყველა სოციალურ და ბუნებრივ როლს კარგად ასრულებს, ერთ-ერთი ბიოლოგიური ფუნქცია ადამიანისთვის გამრავლებაა, შესაბამისად თუ შვილი არ ჰყავს სრულად რეალიზებულად ვერ გრძნობს თავს.
ამავდროულად, ცხოვრების მანძილზე ბევრი სოციალური როლი გვაკისრია, რაც სხვადასხვა კონტექსტის მიხედვით იცვლება. ადამიანი თავს კარგად მაშინ გრძნობს, როცა მოცემულ მომენტში მასზე დაკისრებულ როლებს წარმატებით ასრულებს.
როდესაც ირგვლივ სულ გვესმის ამბები, რომ სხვებს შვილი შეეძინათ, რომ ისინი კარგი მშობლები არიან, ავტომატურად ჩნდება ყველაზე დამანგრეველი კითხვა: „ვისი ბრალია?“ შედეგად, მივდივართ იქამდე, რომ თავად თემა ხდება უხერხული განსახილველი, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროცესში ოჯახის ახლობლები და ნათესავები ერევიან.
ამ შინაგან წნეხს ემატება შფოთვა – „შეუძლია თუ არა საერთოდ შვილის ყოლა?“. სირცხვილისა და შიშის დასაძლევად აუცილებელია მოლოდინების სწორი მართვა. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც თავს უსაფუძვლოდ იმშვიდებს და ამბობს: „ყველაფერი კარგად იქნება“. ეს საშიშია, რადგან არასასურველი შედეგის დადგომისას იმედგაცრუების დონე კრიტიკულად მაღალია. მეორე უკიდურესობაა პესიმისტური მიდგომა, როცა ყველაფერს უიმედოდ უყურებენ, რათა მარცხის შემთხვევაში თქვან: „ხომ ვამბობდი, რომ არ გამოვიდოდა“. ორივე მიდგომა ფსიქოლოგიურად გამომფიტავია. გამოსავალი კი რეალისტურ მოლოდინებსა და საკუთარი თავის დადანაშაულებაზე უარის თქმაშია.
სტრესის ფონზე ქალები და მამაკაცები პრობლემებს სხვადასხვანაირად უმკლავდებიან; ქალებს ხშირად საუბარი სჭირდებათ, მამაკაცები კი საკუთარ თავში იკეტებიან ან პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებას ცდილობენ. რა არის ის მთავარი შეცდომა, რასაც წყვილები ამ დროს კომუნიკაციისას უშვებენ და როგორ ავირიდოთ თავიდან ერთმანეთის დადანაშაულება?
სანამ უშუალოდ კომუნიკაციაზე გადავალთ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს სტრესის ფიზიოლოგია. ნებისმიერ ემოციას, რომელსაც ადამიანი განიცდის, ბიოქიმიური რეაქციაც აქვს. როცა ბედნიერი ხართ, ორგანიზმში ენდორფინი, დოფამინი და სეროტონინი გამოიყოფა. სტრესის შემთხვევაში კი მთავარი მოთამაშე კორტიზოლია.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემოციური ფონი დაფეხმძიმების ალბათობაზე პირდაპირ მოქმედებს. უამრავი ფაქტი არსებობს იმისა, რომ წყვილს წლები არ უჩნდებოდა შვილი, გადაწყვიტეს ბავშვის აყვანა და ამ გადაწყვეტილებიდან მალევე ქალი ბუნებრივად დაორსულდა. რატომ? იმიტომ, რომ როგორც კი ცოლ-ქმრის გონებაში „ამოცანა მოიხსნა“ – უშვილობის მუდმივი წნეხი, შესაბამისად შფოთვაც ამ თემასთან დაკავშირებით გაქრა. ხშირად ადამიანები სჯიან საკუთარ თავს – უარს ამბობენ მეგობრებთან გართობაზე, სხვადასხვა აქტივობაზე და იზღუდავენ ბედნიერების ჰორმონების მიღებას, რაც დიდი ალბათობით პირდაპირ მოქმედებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
რაც შეეხება კომუნიკაციას, მთავარი შეცდომა ერთმანეთისთვის საკუთარი გამკლავების მექანიზმის თავსმოხვევაა. სტრესთან გასამკლავებლად ყველას თავისი კომფორტული მდგომარეობა აქვს. მამაკაცი ხშირად იკეტება და ერთ კონკრეტულ საკითხზეა კონცენტრირებული – ეს მისი ბუნებითა და სოციალური როლითაა განპირობებული. ქალს კი ემოციების გაზიარება და საუბარი სჭირდება.
თუ მამაკაცს მოვთხოვთ, მუდმივად ისაუბროს თავის შინაგან განცდებზე, ის კომფორტის ზონიდან გამოვა და კიდევ უფრო მეტად ჩაიკეტება. ანალოგიურად, ქალს რომ გაჩუმება და ემოციების დათრგუნვა მოვთხოვოთ, ეს მასზე დამანგრევლად იმოქმედებს. გამოსავალი ერთმანეთის განსხვავებული ბუნების მიღებასა და გვერდში დგომაშია. პირადად ჩემს პრაქტიკაში, წარმატებული წყვილები ყოველთვის აღნიშნავენ პარტნიორის მხარდაჭერის როლს, განურჩევლად იმისა, თუ რა ფორმით გამოიხატება ეს მხარდაჭერა.
ფსიქოლოგები ხშირად ურჩევენ პაციენტებს, ყურადღება გადაიტანონ და დღეში გარკვეულ დროზე მეტი არ დაუთმონ ჩასახვის შესახებ სამედიცინო ინფორმაციის მოძიებას. რამდენად ხშირია „ინფორმაციული გადატვირთვის“ სინდრომი ამ დროს და როგორ მოქმედებს ეს მკურნალობაზე?
თქვენ წაგიკითხავთ ოდესმე რომელიმე, თუნდაც ყველაზე უწყინარი წამლის უკუჩვენებების სრული სია? დამიჯერეთ, რომ წაიკითხოთ, შეიძლება ის წამალი გადააგდოთ და ცხოვრებაში აღარ დალიოთ. ინტერნეტში იმდენად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაა ყველაფერზე, რომ ადამიანი აუცილებლად დაიბნევა. ჭარბი ინფორმაცია არასდროს მუშაობს ჩვენს სასარგებლოდ, ის მხოლოდ ზრდის შფოთვის დონეს და გაურკვევლობას. ადამიანი საბოლოოდ მაინც იმას იჯერებს, რა განწყობაზეცაა იმ მომენტში.
იცით, რომ 30 წლის წინ შფოთვითი აშლილობები ამ მასშტაბით არ არსებობდა? ეს თანამედროვეობის, ჭარბი ინფორმაციის შედეგია. თანაც, კვლევებით დასაბუთებულია, რომ ნეგატივის მიმართ ადამიანი უფრო ყურადღებიანია, ამიტომ ნეგატივი გაცილებით მძაფრად მოქმედებს ადამიანზე, ვიდრე პოზიტივი. შეიძლება პირდაპირ კავშირს ვერ ხედავდეთ ინტერნეტში ამოკითხულ ახალ ამბავსა და თქვენი განწყობის გაფუჭებას შორის, მაგრამ ზოგადი საინფორმაციო ფონი უდიდეს გავლენას ახდენს. ამიტომ, საინფორმაციო ეკოლოგიის დაცვა მკურნალობის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია – ცნობიერების მუდმივად ნეგატიური ინფორმაციით დაბინძურება ფიზიკურზე არანაკლებ საშიშია.
ვახსენეთ საზოგადოების წნეხი. როდესაც პაციენტი მუდმივად ისმენს ნათესავების შეკითხვებს ან მეგობრების შვილების დაბადების ამბებს, ეს ზოგჯერ სევდას და გულისწყრომას იწვევს. როგორ უნდა ვასწავლოთ საზოგადოებას მეტი ტაქტი და როგორ უნდა დაიცვას თავი პაციენტმა ამგვარი „შეტევებისგან“?
გულწრფელად გეტყვით, არ მაქვს პასუხი იმაზე, თუ როგორ უნდა შევცვალოთ საზოგადოების ქცევა ერთიანად. ალბათ, თავიდან უნდა დაიბადონ და ხელახლა აღვზარდოთ. საზოგადოებისთვის ტაქტის სწავლება ჰგავს სიტუაციას, როცა ლექტორი ნახევრად სავსე აუდიტორიაში მყოფ სტუდენტებს საყვედურობს და უხსნის, რამდენად მნიშვნელოვანია ლექციებზე დასწრება. რეალურად, ამას ხომ მხოლოდ ისინი ისმენენ, ვინც ისედაც დადის ლექციაზე? ამ თემაზე ფიქრი და ემოციური ინტელექტის განვითარებაც მხოლოდ მას აინტერესებს, ვისაც ბუნებრივად უკვე აქვს შესაბამისი ტაქტი. ამიტომ, პაციენტის მთავარი სტრატეგია უნდა იყოს არა საზოგადოების შეცვლა, არამედ საკუთარი ემოციური ფარის გაძლიერება. მიიღეთ მოცემულობად, რომ ეს კითხვები დაისმება და ნუ მისცემთ უფლებას სხვის რეპლიკებს, თქვენი შინაგანი სიმშვიდე დაარღვიოს.
სტრესთან გასამკლავებლად ხშირად რეკომენდებულია ვარჯიში და აქტივობა. ფსიქოლოგიური კუთხით, სად გადის ზღვარი ჯანსაღ ფიზიკურ განტვირთვასა და პრობლემიდან ფანატიკურ „გაქცევას“ შორის?
როგორც უკვე აღვნიშნე, ფსიქიკას თავისი დაცვის მექანიზმები აქვს და ყურადღების გადატანა ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი გზაა. ფსიქიკა ყოველთვის მიისწრაფვის სიტუაციის დალაგებისა და ბალანსისკენ, ამიტომ ბუნებრივია, ვეძებდეთ აქტივობას (მაგალითად, ვარჯიშს), რომელიც დაგვეხმარება დამანგრეველი შინაარსის ნეიტრალიზებაში.
ზღვარი იქ გადის, სადაც ეს აქტივობა წყვეტს სიამოვნებისა და ენერგიის მოტანას და იქცევა აკვიატებად, რომელიც გაშორებთ რეალურ ცხოვრებას. თუმცა, ზოგადად, ყურადღების პოზიტიურზე გადატანა აუცილებელია. ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ მუდმივად ცუდ ხასიათზე ყოფნის ფუფუნება არ გვაქვს. რატომ უნდა ვხარჯოთ დრო და ჩვენი ფასდაუდებელი ემოციური რესურსი იმაზე, რაც მხოლოდ გვაზიანებს?