ლაშა უჩავა

by Admin
0 comments

ლაშა უჩავა

ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი.
ზედმეტი კილოგრამებიდან ახალ სიცოცხლემდე

როდესაც პაციენტი ამბობს, უბრალოდ ცოტა ზედმეტი წონა მაქვს, მე ყოველთვის ვუხსნი, რომ ეს „ცოტა“ ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს ფერტილობაში.
სიმსუქნე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ქალის, ისე მამაკაცის ფერტილობაზე (ნაყოფიერებაზე). ჭარბი წონა ხშირად იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს, რაც ართულებს დაორსულების პროცესს და ზრდის ორსულობის გართულების რისკებს.

თანამედროვე მედიცინა სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ცხოვრების წესის გავლენას შვილოსნობაზე. კვლევები ადასტურებს, რომ სხეულის მასის ინდექსი (BMI) პირდაპირ კავშირშია შვილოსნობასთან. სიმსუქნე არ არის მხოლოდ ესთეტიკური საკითხი, ის რთული ენდოკრინული მდგომარეობაა, რომელიც ცვლის ორგანიზმში ჰორმონულ ფონს და მეტაბოლურ რეგულაციას.

ენდოკრინოლოგიური თვალსაზრისით, ჭარბი წონა ასოცირებულია ინსულინრეზისტენტობასთან, ჰიპერინსულინემიასთან და ადიპოკინების დისბალანსთან (ლეპტინი, ადიპონექტინი), რაც პირდაპირ მოქმედებს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-გონადურ ღერძზე და არღვევს რეპროდუქციული ჰორმონების ფიზიოლოგიურ სეკრეციას.

ხელოვნური განაყოფიერებისას კი სიმსუქნის მქონე პაციენტებში წარმატებული ორსულობის შანსი 25%-ით ნაკლებია, ვიდრე ოპტიმალური წონის დროს.

როგორ ცვლის ქალის ბიოქიმიურ რუკასზედმეტი კილოგრამები

ჭარბი წონა და სიმსუქნე მნიშვნელოვნად მოქმედებს, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და შესაბამისად მათ ფერტილობაზე. დღეს მსოფლიოში ყოველი მეექვსე წყვილი რეპროდუქციული სირთულეების წინაშე დგას. ხშირად მიზეზი არა გენეტიკა, არამედ ჩვენი ცხოვრების წესია. სიმსუქნე არ არის მხოლოდ „ზედმეტი კილოგრამები“– ეს არის მდგომარეობა, რომელიც ცვლის სხეულის ბიოქიმიურ რუკას.

ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი გამოიმუშავებს ჭარბ ესტროგენს. ეს იწვევს „ჰორმონულ ქაოსს“, რის გამოც ორგანიზმი ვეღარ ახერხებს რეგულარულ ოვულაციას საკვერცხეებში. წარბ ცხიმოვან ქსოვილს ხშირ შემთხვევაში, თან ახლავს ინსულინრეზისტენტობა, რაც კვერცხუჯრედის ხარისხსაც აქვეითებს, თუმცა აღნიშნული პრობლემა შესაძლებელია სიმსუქნის გარეშეც დადგეს.

დამატებით, ინსულინის მაღალი დონე ასტიმულირებს ანდროგენების ჭარბ წარმოქმნას საკვერცხეებში, რაც კიდევ უფრო ართულებს ოვულაციას და აძლიერებს ჰორმონულ დისბალანსს. სიმსუქნე ხშირად ამწვავებს PCOS-ის (პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი) სიმპტომებს, რაც უნაყოფობის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია, ასევე უარყოფითად მოქმედებს კვერცხუჯრედის ხარისხსა და ემბრიონის იმპლანტაციის შანსებზე.

კვლევები გვიჩვენებს, რომ იმ ქალებში, რომელთა სხეულის მასის ინდექსი 30-ს აჭარბებს, უნაყოფობის რისკი 3-ჯერ მაღალია, ვიდრე ნორმალური წონის შემთხვევაში, ასევე მათ უფრო მეტი დრო სჭირდებათ დაორსულებისთვის, ვიდრე ნორმალური წონის ქალებს.

სიმსუქნის გავლენა მამაკაცის ფერტილობაზე

რაც შეეხება მამაკაცებს, სიმსუქნე აქვეითებს ტესტოსტერონის დონეს და ზრდის სათესლე ჯირკვლების ტემპერატურას (ჭარბი ცხიმოვანი ფენის გამო), რაც სპერმატოზოიდებისთვის დამღუპველია.

ენდოკრინოლოგიური მექანიზმით, ადიპოზური ქსოვილი აძლიერებს ტესტოსტერონის არომატიზაციას ესტროგენებად, რაც იწვევს ჰიპოგონადიზმის სურათს და სპერმატოგენეზის დაქვეითებას. მცირდება სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარი და იზრდება დნმ-ის დაზიანების რისკი, რაც საბოლოო ჯამში მოქმედებს განაყოფიერებაზე.

ყოველი ზედმეტი 10 კილოგრამი მამაკაცის ნაყოფიერების შანსს დაახლოებით 10%-ით ამცირებს. მცირდება სპერმატოზოიდების რაოდენობაც, იცვლება მათი მორფოლოგია. ამავე დროს, სიმსუქნე ზრდის ერექციული დისფუნქციის განვითარების რისკსაც.

კლინიკური შეფასება და რეკომენდაციები

ენდოკრინოლოგიური შეფასებისას მიზანშეწონილია მეტაბოლური და ჰორმონული პარამეტრების კომპლექსური ანალიზი. პრაქტიკაში რეკომენდებულია ინსულინრეზისტენტობის შეფასება (HOMA-IR ინდექსი), გლიკემიური კონტროლის განსაზღვრა (HbA1c), ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება (TSH, საჭიროების შემთხვევაში თავისუფალი T4), ასევე ვიტამინ D-ის დონის განსაზღვრა. ინდივიდუალური კლინიკური სურათიდან გამომდინარე, შესაძლოა საჭირო გახდეს ლიპიდური პროფილის, პროლაქტინისა და სქესობრივი ჰორმონების დამატებითი კვლევაც. მსგავსი კომპლექსური მიდგომა საშუალებას იძლევა დროულად გამოვლინდეს ფარული მეტაბოლური დარღვევები და მკურნალობა იყოს მიზანმიმართული, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რეპროდუქციული შედეგების გაუმჯობესების შანსს.

ბალანსის დაბრუნებაპირველი ნაბიჯი ნაყოფიერებისკენ

კლინიკური შეფასებით გამოვლენილი მეტაბოლური და ჰორმონული დარღვევების საფუძველზე განისაზღვრება მართვის ძირითადი მიმართულებები.

ფერტილობის გასაზრდელად მთავარი მიზანი არა მკაცრი შიმშილი, არამედ ინსულინის დონის სტაბილიზაცია, ანთებითი პროცესების შემცირება და წონის კლებაა.

იმისათვის, რომ ორგანიზმი „ენდოს“ გარემოს და ორსულობისთვის მოემზადოს, კვება უნდა იყოს სტაბილური და ნოყიერი. მეტაბოლური ჰომეოსტაზის აღდგენა არის ის საფუძველი, რომელზეც დგას რეპროდუქციული ჯანმრთელობა.

სტატისტიკურად, წონის მხოლოდ 5-10%-იანი კლება შემთხვევათა 60%-ში აღადგენს ბუნებრივ ოვულაციას და საგრძნობლად აუმჯობესებს სპერმის პარამეტრებს. ნებისმიერი ცვლილება კვებაში უნდა იყოს ხანგრძლივი და სასიამოვნო, რათა ორგანიზმმა თავი სტრესში არ იგრძნოს.

გაითვალისწინეთ და აქციეთ ჩვევად, თქვენი თეფშის ნახევარი ყოველთვის უნდა ეკავოს ბოსტნეულს, განსაკუთრებით მწვანე ფოთლოვანს – ის მდიდარია ფოლიუმის მჟავით. მეოთხედი დაუთმეთ ცილას (თევზი, ქათამი, კვერცხი) და მეოთხედი – რთულ ნახშირწყლებს.

მიიღეთ საკმარისი წყალი და კენკრა (მარწყვი, მოცვი, ჟოლო). ისინი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც იცავენ კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდებს დაზიანებისგან.

ნაყოფიერებისთვის ბრძოლა არ ნიშნავს სასწორზე გარკვეულ ციფრებს. ეს ნიშნავს ორგანიზმისთვის იმ გარემოს შექმნას, სადაც ის თავს უსაფრთხოდ იგრძნობს ახალი სიცოცხლის დასაწყებად.