მამუკა ბოკუჩავა
ორსულობა და ვენური ჯანმრთელობა: რა უნდა იცოდეს მომავალმა დედამ
ექიმი ანგიოლოგის ბლოგი
ორსულობა მხოლოდ ახალი სიცოცხლის მოლოდინი არ არის, ეს არის პერიოდი, როდესაც ქალის ორგანიზმი მნიშვნელოვნად იცვლება. ამ ცვლილებებმა კი შესაძლოა გავლენა მოახდინოს ვენურ სისტემაზეც. ვენური დაავადებები ორსულობის დროს საკმაოდ ხშირია და ზოგჯერ შეუმჩნევლად ვითარდება.
ვენური პრობლემები მოიცავს როგორც ქვედა კიდურების, ისე მენჯის ვენურ უკმარისობას, ასევე თრომბოზსა და მის გართულებებს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ორსულობა თავისთავად ვენური დაავადების განვითარების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, რადგან მომავალი დედის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები , როგორიცაა ჰორმონების დონის მომატება, მოცირკულირე სისხლის მოცულობის ზრდა ან საშვილოსნოს მხრიდან სისხლძარღვებზე ზეწოლა ვენური პათოლოგიებისკენ უბიძგებს. კვლევების მიხედვით, ორსულ ქალებში ვენური პრობლემები 40–80%-მდე გვხვდება. ყოველი მოდევნო ორსულობა ვენურ პრობლემებს აუარესებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის სათანადო მომზადება. ვენური დაავადების პრევენცია და მენჯის ვენური უკმარისობის მკურნალობა დაგეგმილ ორსულობამდე ორი ძირითადი საკითხია, რომელთა შესახებაც მომავალმა დედებმა უნდა იცოდნენ.
რისკფაქტორები და გავრცელება
ვენური თრომბოემბოლია ერთ-ერთი სერიოზული გართულებაა და მისი რისკი ორსულებში 4–5-ჯერ მაღალია, ვიდრე არაორსულ ქალებში.
განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა მრავალნაყოფიანი ორსულობა, პრეეკლამფსია და ჰორმონული სტიმულაციის სინდრომი, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის ვენური გართულებების განვითარების ალბათობას.
ვენური დაავადების განვითარების რისკი იზრდება სხვადასხვა ფაქტორის არსებობისას. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი არის გენეტიკური მიდრეკილება. რისკს ზრდის ასაკიც, განსაკუთრებით 35 წლის ზემოთ დამდგარი ორსულობა, ასევე ორსულობამდე არსებული ჭარბი წონა ან სიმსუქნე და დიაგნოზირებული, თუმცა არანამკურნალები ვენური უკმარისობა.
რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება ასევე თანდაყოლილი ან შეძენილი თრომბოფილია (ჰიპერკოაგულაცია), იმობილიზაცია ორსულობის პერიოდში, საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი და საკეისრო კვეთა, განსაკუთრებით გადაუდებელი შემთხვევების დროს.
ვენური გართულებების ალბათობას ზრდის თანმხლები დაავადებებიც, როგორიცაა პრეეკლამფსია, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, მგლურა, ნაწლავის ანთებითი დაავადებები და ნეფროზული სინდრომი.
დიაგნოსტიკა
ვენური უკმარისობა ხშირად იწყება სიმპტომებით, როგორიცაა, სიმძიმე, ტკივილი ან დაღლილობა ფეხებში, შეშუპება, ვენების გაფართოება. ასეთ დროს აუცილებელია ვიზიტი ექიმთან.
ფიზიკური გამოკვლევა მოიცავს ქვედა კიდურების , ვულვისა და შორისის მიდამოს დეტალურ ვიზუალურ და პალპაციურ შეფასებას.სტანდარტული პრაქტიკაა კიდურების გარშემოწერილობის გაზომვა კონკრეტულ დონეზე, რათა შესარჩევად ჩატარდეს ორსულობისთვის კომპრესიული თერაპია ( პაციენტისთვის შესაბამისად შერჩეული წინდები ან კომპრესიული კოლგოტები).
ორსულობის დროს ვენური სისტემის შეფასებისას ( როგორც ვენური სისტემის ტევადობის შეფასების,ასევე თრომბოზული ცვლილებების თვალსაზრისით) უპირატესი გამოკვლევაა ულტრაბგერითი გამოკვლევა . გამოკვლევა ტარდება ფეხზე მდგომ და ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, ფასდება სისხლის ნაკადი მთავარ ვენურ მაგისტრალებში , სისხლძარღვის სანათურში სარქველების მდგომარეობა, რეფლუქსის არსებობა და მთავარი სისხლძარღვოვანი მაგისტრალების გამტარობა.
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ კიდურების ვენური უკმარისობა, მენჯის ვენური უკმარისობის ისტორია , შორისისა და ვულვის ვარიკოზული ვენები და ვენური თრომბოზისათვის ეჭვის მქონე პირებს, ყოველთვის უნდა ჩაუტარდეთ ტრანსაბდომინალური დოპლერული ულტრაბგერითი გამოკვლევა მუცლისა და მენჯის ღრუების ვენების შეფასებით.
ვენების ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარებასთან ერთად ზოგჯერ დამატებით ხორციელდება D დიმერის დონის განსაზღვრა ( ორსულობის დროს ფიზიოლოგიური მომატების გათვალისიწნებით) . კომპრესიული ულტრაბგერითი გამოკვლევა დიაგნოზის ოქროს სტანდარტად რჩება. საეჭვო შემთხვევებში ან ფილტვის ემბოლიის ეჭვის შემთხვევაში , ნაყოფის უსაფრთხოების გათვალისწინებით , შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ვიზუალიზაციის კვლევები.
საეჭვო და სიცოცხლისთვის საშიშ შემთხვევებში ( განსაკუთრებით ორსულობის მესამე ტრიმესტრში), ზოგჯერ მიმართავენ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას( სასურველია გამოკვლევის ჩატარება კონტრასტული ნივთიერების გამოყენების გარეშე), ორსულ ქალებში ვენოგრაფია საკმაოდ რთულია ნაყოფის მოძრაობების გამო, თუმცა ის უზრუნველყოფს მაღალ მგრძნობელობას და სპეციფიკურობას თეძოს შიდა და საკვერცხის ვენებში თრომბების აღმოსაჩენად.
როგორ დავიცვათ თავი?
ვენური დაავადების მართვა ორსულობის დროს ძირითადად პრევენციაზეა ორიენტირებული. პირველ რიგში ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება: მოერიდეთ ხანგრძლივ ჯდომას ან დგომას, იარეთ ყოველდღიურად, გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიში (ცურვა, იოგა), დასვენებისას აწიეთ ფეხები გულის დონეზე მაღლა. მოერიდეთ ცხელი აბაზანებს და საუნას, ასევე ზედმეტ სითბოს (მაგ. იატაკქვეშა გათბობა). აქვე მნიშვნელოვანია სწორი კვება, მიიღეთ მეტი ბოჭკოვანი საკვები, ნაკლები მარილი და აკონტროლეთ წონა.
კომპრესიული თერაპია – მთავარი იარაღი
ორსულობის დროს კომპრესიული წინდები ან კოლგოტები პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. წინდები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს შეშუპებას, აფერხებს ვენების გაფართოებას, ამცირებს თრომბოზის რისკს. მნიშვნელოვანია წინდის ზომის სწორად შერჩევა და მათი რეგულარული ტარება მთელი დღის განმავლობაში. ექიმმა შეიძლება დანიშნოს ფლებოტროპული პრეპარატები ან ანტიკოაგულანტები მაღალი რისკის დროს.
მენჯის ვენური უკმარისობის შემთხვევაში გამოიყენება სპეციალური დამხმარე ქამრები, რომლებიც ამცირებს სიმპტომებს.
ვენური პრობლემები ორსულობის დროს ხშირია, მაგრამ მათი მართვა შესაძლებელია. დაგეგმილი ორსულობამდე ვენური ჯანმრთელობის შეფასება, სწორი პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა კი არის ის სამი ნაბიჯი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს, როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის.