მადონა და ბელა ჯუღელები
ერთი სივრცე, ორი გზა — ნაპოვნი და საძიებელი
ესაუბრა ეკა ნონიაშვილი
პროფესია ზოგჯერ არჩევანია, ზოგჯერ კი გარემო, რომელიც შეუმჩნევლად, ყოველდღიური ყოფის ნაწილად იქცევა და საბოლოოდ განსაზღვრავს მომავალს.
მადონა და ბელა ჯუღელების ისტორიაში ზღვარი არჩევანსა და გავლენას შორის თითქმის წაშლილია, აქ მედიცინა შინიდან იწყება, ბავშვობიდან, გარემოდან, იმ ადამიანებისგან, ვისთანაც იზრდები და საბოლოოდ იქცევა იმ სივრცედ, სადაც ერთი ადამიანი უკვე დგას თავის ადგილას, მკაფიოდ, მყარად, დამსახურებული ავტორიტეტით, მეორე კი იმავე სივრცეში მოძრაობს კითხვებით, საკუთარი იდენტობის ძებნით.
მადონა ჯუღელი: გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო ექსპერტ-ტრენერი, სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექიმი გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიაში 35 წლიანი გამოცდილებით. ის იმ ექიმთა თაობას ეკუთვნის, რომლებმაც კარიერა საკუთარი ძალებით, მძიმე გამოცდილებებითა და უწყვეტი შრომით ააშენეს. როგორც თავად ამბობს, მისთვის მედიცინა მხოლოდ საქმიანობა არასოდეს ყოფილა, ეს არის სიყვარულით ცხოვრების ფორმა, რომელიც პაციენტთან ერთად გრძელდება სახლშიც, ფიქრებში, ძილშიც კი.
ბელა ჯუღელი: სერტიფიცირებული მეან-გინეკოლოგი, საერთაშორისო ტრენერი, გინეკოლოგიური ონკოლოგიის საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო ფელოუშიფის პროგრამის მონაწილე. ბელა იმ გარემოში გაიზარდა, სადაც მედიცინა იყო ყოველდღიურობა, საუბრის მთავარი თემა, ცხოვრების ბუნებრივი რიტმი და დედა…
ინტერვიუს დეტალები ბელასთან თანხმდებოდა, რთულად, მაგრამ შეძლო ქალბატონი მადონა მოეწყვიტა სამუშაო სივრცისთვის სამუშაო დღის ბოლოს, თუმცა პასუხს კითხვაზე როდის მთავრდება მადონა ჯუღელის სამსახური და იწყება ოჯახი, ვერც ამ ინტერვიუში იპოვით; ინტერვიუში, რომლის დროსაც მადონა პაციენტებთან უფრო იყო (ტელეფონით), ვიდრე ჩვენთან, ამიტომაც, ამ ინტერვიუს აქტიური რესპონდენტი ბელა ჯუღელია, ქალბატონი მადონა ექიმი, რომელიც მუდამ ხაზზეა, გულის ყურით პაციენტებთან და შვილებთან.
„შესავალი“ ინტერვიუს დროსაც გაგვიგრძელდა და შეხვედრის მიწურულს დავსვი მთავარი კითხვა:
და მაინც, ჩვენ ვირჩევთ პროფესიას თუ ის გვირჩევს ჩვენ?
მადონა ჯუღელი: არც ერთი ჩემი პასუხი არ იქნება ზუსტი, ყველაფერი იყო ერთად, ოჯახი, გარემო, მიბაძვის სურვილი და მძიმე გამოცდილებაც.
დედა ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა, ძმა გინეკოლოგი იყო, დიდ დროს ვატარებდი ბებიასთან, ექიმების გარემოცვაში, ჩემამდე ჩემი უფროსი ძმა, სევა გახდა ექიმი, მე ფაქტიურად მისი გაზრდილი ვარ, ჩაჩავას კლინიკაში ერთ-ერთი ახალგაზრდა გინეკოლოგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ თავად დიპლომატიაში წავიდა, ჩემს მომავალზე დიდი ანაბეჭდი დატოვა. მაგრამ ყველაზე ემოციური გავლენა დიდი ბებიის ისტორიას ჰქონდა, საშვილოსნოს ყელის კიბოთი გარდაიცვალა, თუმცა, დიაგნოზი ბოლომდე ვერ დაისვა. სულ მაწუხებდა ეს ამბავი და თან ყოველთვის მიყვარდა სწორედ ეს – ამოუხსნელი საკითხების გახსნა, რაზეც მთელი ჩემი პროფესიული კარიერა ავაგე.
ბელა ჯუღელი: არც მე მაქვს ერთგვაროვანი პასუხი კითხვაზე რატომ გავხდი ექიმი, რადგან მეც ასეთ გარემოში გავიზარდე, სამყარო, სადაც იყო ბევრი ექიმი, მეგობარი ექიმი, კოლეგა ექიმი, ნათესავი ექიმი, ოჯახური თუ სხვა ღონისძიებები, დღესასწაულები ექიმებთან ერთად, ათი წლიდან დედასთან ერთად დავდიოდი კონფერენციებზე. მისი მეგობრები ჩემი გარემოცვა გახდა. დიდხანს ვფიქრობდი, რომ ექიმობა ჩემი არჩევანი იყო. ახლა ვამბობ – ეს იყო გარემო, რომელმაც დამაჯერა, რომ ამაში მეც ისეთივე კარგი ვიქნებოდი, როგორც ჩემი დედა, მადონა ჯუღელი.
ბუნებით მეამბოხე ვარ, ვერავინ მაიძულებს იმის გაკეთებას, რაც ჩემთვის ორგანული არაა, ამიტომაც მგონია, რომ ეს საინტერესო შემთხვევაა, არ ყოფილა ზეწოლა, მაგრამ იყო გარემო და პირადი მაგალითი, უბრალოდ სხვა რეალობა არ არსებობდა, სხვა პროფესია არ არსებობდა. დედა ჩემთვის ყველაფერი იყო, შეიძლება სწორედ ამიტომ მივიღე ეს გზა ისე, თითქოს ჩემი იყო.
ბელა, იმ მეამბოხე თაობას მიეკუთვნება, ვისაც ღია კითხვის დასმა არც თავად უჭირს და გაძლევს გამბედაობას პირდაპირ ჰკითხო:
პროფესიაში იყო მადონა ჯუღელის შვილი, ჩრდილია თუ მოტივაცია?
ბელა ჯუღელი: ეს ჩემთვის პირველ რიგში სიამაყეა. მე მყავს ერთი დედა და ის მადონა ჯუღელია. არასოდეს მქონია კომპლექსი. პირიქით, ეს ბენეფიტია. არ დაგიმალავთ, იყო პერიოდი, როცა მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ყველაფერი თავად შევძელი. მაგრამ მერე მივხვდი, არავისთან არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. მაქვს უნიკალური შესაძლებლობა ვისწავლო მადონა ჯუღელისგან უწყვეტად და უშურველად. თუმცა, ახლა ტრანსფორმაციის ეტაპზე ვარ. მინდა ზუსტად გავიგო, ეს ჩემი არჩევანია თუ გარემოს გავლენა. მედიცინას არ ვუღალატებ, რადგან ამაზე კარგად მე არაფერი ვიცი და ამხელა შენაძენს მე ვეღარ დავაგროვებ სხვა დარგში; ასევე ძალიან მიყვარს მედიცინაში ქალის ბიოლოგია, ამიტომ დავრჩები გინეკოლოგიაში, მაგრამ რა მიმართულებით, ჯერ ვფიქრობ.
ამ თემაზე კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, ვცდილობ ინტერვიუში მადონას დაბრუნებას, მინდა კოლეგა დედა-შვილის ურთიერთობაზე, სად გადის ზღვარი მშობელსა და კოლეგას შორის, უფრო მეტი გავიგო.
რთულია დაუტოვო შვილს სივრცე, როცა თავად ასეთი ძლიერი გავლენა გაქვს?
მადონა ჯუღელი: ხშირად მიფიქრია, ხომ არ შევუშალე შვილებს ხელი? ხომ არ იყო ჩემი გავლენა ზედმეტი? იყო მომენტი, როცა ვთქვი, რომ უნდა „წავიდე“და მათ მეტი სივრცე დავუტოვო. თუმცა ეს „წასვლა“ პროფესიის დატოვებას არ ნიშნავს, საკუთარ თავთან დაბრუნებას უფრო. აქ არაა მხოლოდ ბელას ფაქტორი, როგორც ჩანს, ჩემი „გადაჭარბებული“ მზრუნველობა კოტესთან, უფროს ვაჟთანაც იყო, ისიც ბელას მსგავსად ტრანსფორმაციის ეტაპზეა, თუმცა, მასთანაც იგივე მიჯაჭვულობა მაქვს, რაც ბელასთან. საღამოს სამსახურიდან რომ ვბრუნდები ყოველთვის მას ვურეკავ, მას აქვს კარგი ანალიტიკური აზროვნება და ყველაფერს აფასებს სწორად, გადაგილაგებს და გაგიკეთებს აბსოლუტურად სწორ ანალიზს. მიუხედავად ამ დამოკიდებულებისა შვილებთან, გადავწყვიტე მათთვის მეტი სივრცე მიმეცა, იყო პატარა გარდატეხა და ახლა უფრო მეტად ვუსმენ საკუთარ თავს. ნაკლებად ვერევი მათ ცხოვრებაში და მეტ დროს ვუთმობ მედიცინას, ვსწავლობ, ვვითარდები, ახალს ვნერგავ.
ბელა ჯუღელი: სინამდვილეში მადონას ეს ვერ გამოუვიდა, ის უკიდეგანოდ მზრუნველი დედაა, ჩვენ სამივეს დაუძლეველი მიზიდულობა გვაკავშირებს. ჩემთვის 10 წლით უფროსი ძმა იყო კაცის იდეალი, ის აკონტროლებდა ყველაფერს ჩემთან, თუმცა დედას კოტეზე არ ქონდა ის გავლენა, რაც ჩემზე. მე სრული დროით ვიყავი მადონასთან, მას ხომ დროის დეფიციტი ჰქონდა და სულ ვერგებოდი მის თავისუფალ დროს, ღამე რომ ვიძინებდი, მისი დაკარგვის შიში მქონდა, სიცხე მიწევდა როცა რამდენიმე დღე სხვაგან იყო, ეს ჩემი სხეული ითხოვდა ყველა გზით ვყოფილიყავი მასთან ახლოს…
ბელას კი გამოუვიდა და დღეს ის დედის კოლეგაცაა, სამუშაო დროსაც ერთ სივრცეში ატარებენ, თუმცა, როგორც ამბობს, ეს მაინც არაა ის რაც მას აკმაყოფილებს. ის ძიების პროცესშია, მისთვის ექიმობა საამაყო, სასურველი, საინტერესო, საყვარელი პროფესიაა, თუმცა ამ ძიებაში ერთი განცდა განსაკუთრებით იკვეთება:
ბელა ჯუღელი: ჩემი ასაკისთვის, ვფიქრობ ბევრს მივაღწიე, მადონას შვილობით, საკუთარი ძალებით, ყველა შესაძლებლობის გამოყენებით, გავიარე რეზიდენტურა, ვიყავი ამერიკული ჟურნალის „ფელოშიფ“-ის მონაწილე, ვარ სპიკერი საერთაშორისო მაღალი დონის კონფერენციებზე, ავიღე ლიცენზია, 2 შვილი გავაჩინე და თან ვსწავლობდი, კაბინეტიც გამიხსნეს, მიყვარს პაციენტთან მუშაობა, თუ კითხვა მექნება, იქვე მადონა მყავს… მიუხედავად ამისა, სრულად დედაზე და მეუღლეზე ვარ დამოკიდებული ფინანსურად. საქართველოში კარგი ექიმი ვერაა უზრუნველყოფილი, წლები გჭირდება რომ ამას მიაღწიო, მადონა დღესაც ღამის 11 საათამდე კლინიკაშია, არის ქოუჩიც, ექიმიც, სრულად ცხოვრობს პროფესიით… მე მიყვარს ექიმობა, მაგრამ თან მინდა ჩემი ცხოვრება მქონდეს, მე მინდა ვიყო მადონასნაირი ექიმი, მაგრამ არა იმ ფასად, რაც მას დაუჯდა. ამიტომ ვფიქრობ ჩემი უნარები და ცოდნა მივმართო იქით, სადაც მეტი შემოსავალი მექნება, ვიპოვო სწორი გზა, რაც უკვე კარგად ვიცი, გამოვიყენო, ვაკეთო რაც მიყვარს, ვიყო სასარგებლოც და ღირსეულად ანაზღაურებადი…
მაძიებელ, მეამბოხე და მიზანდასახულ ახალგაზრდა ექიმს მშვიდად და დაფიქრებით უსმენს გამოცდილი მადონა ჯუღელი და აი, ასე გვიბრუნდება დიალოგში:
მადონა ჯუღელი: ბელა ძალიან კარგი ექიმია, კარგი საბაზისო ცოდნით, ის უკვე ისეთ დეტალებს იჭერს, რასაც მე მის ასაკში ვერ ვაფიქსირებდი. ანალიტიკური აზროვნება აქვს, პაციენტს სიღრმისეულად სწავლობს, უსმენს. ხშირად მაკრიტიკებს დროის მენეჯმენტის გამო, თავად კი საათობით უსმენს პაციენტს. დღეს იშვიათია ასეთი ექიმი. ამიტომაც მენანება, რომ შეიძლება ამ სფეროდან გადაუხვიოს…
ბელა ჯუღელი: ჩემთვის კარგი ექიმი არის მადონა ჯუღელი, დიდი სამედიცინო ცოდნითა და გამოცდილებით, უყვარს პაციენტი, უდგება ყველას ინდივიდუალურად, ემპათიური, გულისხმიერი. მისი მასშტაბის მიუხედავად, ძალიან უბრალოა და უშუალო, სულ იზრდება, სწავლობს, უსმენს სხვებს, არ ჩერდება, და ამასთან ერთად არის ძალიან კარგი დედა, არ ვიცი ეს სწორი დედობაა თუ არა, მაგრამ ჰიპერმზრუნველი დედაა, მთელ რესურსს უძღვნის შვილებს და შვილიშვილებს. მიუხედავად ჩემი უნარებისა, შესაძლებლობისა, მე ვერასოდეს ვიქნები მადონა ჯუღელი, მაგრამ შემიძლია სათანადოდ მოვუარო ამ რესურსს, ჩემი ოცნებაა გავხსნა კლინიკა, სადაც მადონა იქნება სასიამოვნოდ რეალიზებული.
დასასრულისკენ ახალგაზრდა კოლეგის მიზანიც გამოიკვეთა, ამბობს რომ ის დიდი რესურსი, რაც მადონა ჯუღელს აქვს, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, „ჩემში თუ სხვაში, ვნახოთ“ – ალბათ სწორედ ამ გაურკვეველ, მაგრამ ძალიან მკაფიო მიმართულებაში იბადება მისი გზა.
მადონა და ბელა ჯუღელები — დედა და შვილი, დიდი მიზიდულობით და ამავე დროს განსხვავებული ტემპით, განსხვავებული კითხვებით. მათ აერთიანებთ ერთი სივრცე, სადაც მთავარი ღირებულება უცვლელია: ადამიანის სიყვარული.
და სწორედ ამ სიყვარულის სხვადასხვა ფორმით რეალიზებაში იკვეთება მათი განსხვავებაც, ერთი უკვე იქ დგას, სადაც პროფესია ცხოვრების ფორმად იქცა,
მეორე კი იმავე სივრცეში – საკუთარი ადგილის ძიებაში.