ზურა დარახველიძე
ჭიპლარის სისხლის შენახვა —
თანამედროვე მშობლობის ახალი სტანდარტი
ესაუბრა ქეთია ბელქანია
ბავშვის დაბადება სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაულია, თუმცა თანამედროვე ეპოქაში ეს მოვლენა მხოლოდ ემოციურ განცდებთან აღარ ასოცირდება — იგი უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებსაც ითხოვს. სამშობიარო ბლოკში, სადღაც პირველ ტირილსა და დედასთან პირველ შეხებას შორის, ჩნდება კითხვა, რომელზე ფიქრიც წინა თაობებისთვის წარმოუდგენელი იყო: უნდა შევინახოთ თუ არა ის უნიკალური ბიოლოგიური მასალა, რომელიც მომავალში, შესაძლოა, სიცოცხლის გადარჩენის შანსად იქცეს?
დღეს ჭიპლარის სისხლი უბრალო სამედიცინო ნარჩენს აღარ წარმოადგენს. მან მძლავრი მეცნიერების, მომავლის იმედისა და თანამედროვე მშობლობის სრულიად ახალი, პრაგმატული რიტუალის სტატუსი შეიძინა.
ჭიპლარის სისხლის შენახვის მიმართულებით საქართველოში ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაციაა კომპანია „ჯეოქორდი“. 2006 წლიდან მოყოლებული, ეს კერძო ბანკი, რომელიც საერთაშორისო ISO სერტიფიკატს ფლობს, ოჯახებს ღეროვანი უჯრედების შენახვის სერვისს სთავაზობს. თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიებისა და სამედიცინო ინფრასტრუქტურასთან თანამშრომლობის საშუალებით, „ჯეოქორდი“ უზრუნველყოფს ახალშობილის ჭიპლარის სისხლის შეგროვებას, დამუშავებასა და თხევადი აზოტის საცავებში შენახვას, რათა საჭიროების შემთხვევაში, მასალა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყოს ხელმისაწვდომი.
სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე ვესაუბრებით ბატონ ზურა დარახველიძეს — სპეციალისტს, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს იმ უხილავ ზღვარზე, სადაც ადამიანური ემოცია, მშობლის მზრუნველობა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები ერთმანეთს ხვდება.

ბატონო ზურა, ჭიპლარის სისხლის შენახვა თანამედროვე მშობლობის ერთგვარ „დაზღვევად“ იქცა სიმშვიდისთვის?
ჭიპლარის სისხლის შენახვა, უდავოდ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პასუხისმგებლიან ნაბიჯად ითვლება, რომელსაც მშობელი საკუთარი შვილისთვის დგამს. აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ფსიქოლოგიურ სიმშვიდეს როდი განაპირობებს — იგი მომავალი ჯანმრთელი სიცოცხლის სრულიად რეალურ დაზღვევას წარმოადგენს. ღეროვან უჯრედებს აქვს უნიკალური უნარი, აღადგინოs დაზიანებული ქსოვილები და სისხლმბადი სისტემა. შესაბამისად, გადადგმული ნაბიჯი პირდაპირ კავშირშია ბავშვის უსაფრთხო მომავალთან.
რამდენად უსაფრთხოა ეს პროცესი დედისა და ახალშობილისთვის? ხშირად მშობლებს სამედიცინო ჩარევის ეშინიათ.
მინდა დავამშვიდო ყველა მომავალი მშობელი: ჭიპლარის სისხლის აღების პროცესი სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულოა როგორც დედისთვის, ისე ახალშობილისთვის. პროცედურა ხორციელდება უშუალოდ ბავშვის დაბადებისა და ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ. შესაბამისად, პროცესი არანაირად არ ერევა მშობიარობის ბუნებრივ მსვლელობაში, არ საჭიროებს ბავშვთან ფიზიკურ კონტაქტს და ნულოვან რისკს შეიცავს.
რა მიგაჩნიათ იმ ყველაზე დიდ მითად, რომელსაც თქვენს სფეროში ყოველდღიურად აწყდებით?
ყველაზე გავრცელებული და დამაზიანებელი მითი გულისხმობს, თითქოს, ჭიპლარის სისხლის შენახვას აზრი არ აქვს და მის გამოყენებას მსოფლიოს აღიარებულ ცენტრებშიც კი არ მოჰყვება შედეგი. რეალობა სრულიად საპირისპიროა — თანამედროვე მედიცინაში, წამყვან კლინიკებში, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები უკვე წარმატებით გამოიყენება ათეულობით მძიმე დაავადების სამკურნალოდ და ხშირად, სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ გზად გვევლინება.
თუ არსებობს შემთხვევები, როცა ოჯახს თავად ურჩევთ, ფინანსური ან სხვა მიზეზების გამო, უარი თქვან ჭიპლარის სისხლის შენახვაზე?
პირიქით, მე ვურჩევ ყველა ოჯახს, გამონახონ დრო, საფუძვლიანად გაეცნონ ჭიპლარის სისხლის გამოყენების საოცარ, მეცნიერულად დადასტურებულ შედეგებს და შვილებისთვის გაიღონ შესაბამისი ხარჯი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: გაღებული თანხა დაკარგულ ფინანსებად არ უნდა აღვიქვათ, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება საკუთარი გენეტიკისა და შვილის ჯანმრთელობის ფონდში დაბანდებულ ყველაზე გონივრულ ინვესტიციად მიიჩნევა.
მიუხედავად უსაფრთხოებისა, არსებობს თუ არა რაიმე სამედიცინო უკუჩვენება, როცა სისხლის აღება და შენახვა იკრძალება?
დიახ, გამონაკლისები ნამდვილად არსებობს. ვხვდებით რიგ სპეციფიკურ დაავადებებს, როდესაც ჭიპლარის სისხლის შენახვა უკუნაჩვენებია და სამედიცინო პროტოკოლით არ ხდება. ერთ-ერთ მკაფიო მაგალითს დედის მიერ B ჯგუფის ჰეპატიტის ქრონიკულად ტარება წარმოადგენს. ასეთ დროს, ბიოლოგიური უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, პროცედურისგან თავს ვიკავებთ.
თუ მშობლებმა, რაიმე მიზეზით, მსგავსი არჩევანი არ გააკეთეს, რას კარგავენ ისინი რეალურად?
მშობელი, რომელიც არ ირჩევს ჭიპლარის სისხლის შენახვის გზას, ფაქტობრივად უარს ამბობს თავისი შვილის ჯანმრთელობის დაზღვევის ყველაზე მაღალ, ბიოლოგიურ ხარისხზე. რა თქმა უნდა, საბედნიეროდ, ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა სრულიად ჯანმრთელი იზრდება. თუმცა შენახული ღეროვანი უჯრედები იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დაზღვევას ემსახურება, რომლისგანაც, სამწუხაროდ, არავინაა დაცული.
რამდენად ხშირად ინტერესდებიან დღეს პაციენტები ამ საკითხით? გაიზარდა თუ არა ინფორმირებულობის დონე ბოლო წლებში?
დღეს ინფორმაციაზე წვდომა უმარტივესია — ინტერნეტი სავსეა მსგავსი თემატიკით და ყოველდღიურად სულ უფრო მეტი კვალიფიციური, სამეცნიერო სტატია ქვეყნდება. მედიცინა უსწრაფესი ტემპით მიდის წინ, თუმცა, ამავე დროს, მატულობს იმ დაავადებების რიცხვიც, რომელთა ეფექტურ მკურნალობაში ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები კრიტიკულად აუცილებელია. ამიტომ, მშობლების ინტერესიც და ინფორმირებულობაც ლოგიკურად მზარდია.
თქვენი გადმოსახედიდან, ჭიპლარის სისხლის შენახვა სამედიცინო აუცილებლობას წარმოადგენს, ინდივიდუალურ არჩევანს თუ თანამედროვე მშობლობის ახალ სტანდარტს?
ცალსახად ვიტყოდი, რომ საქმე გვაქვს ახალ სტანდარტთან. საზოგადოების პროგრესული და გააზრებული არჩევანი უდიდეს უპირატესობას გვაძლევს სხვადასხვა რთული დაავადების ეფექტიან მკურნალობასა და დამარცხებაში. თანამედროვე მედიცინის მსგავსი მიღწევა ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
კომპანია „ჯეოქორდი“ და მსგავსი მაღალტექნოლოგიური ბანკები მშობლებს აძლევენ საშუალებას, შეაჩერონ დრო იმ უნიკალური უჯრედებისთვის, რომლებიც ადამიანის დაბადების პირველივე წამებში ყალიბდება. მეან-გინეკოლოგ ზურა დარახველიძის გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ ჭიპლარის სისხლის შენახვა ფუფუნებას ან ექსპერიმენტს უკვე კარგა ხანია აღარ წარმოადგენს — იგი მედიცინის ხვალინდელი დღეა, რომელიც უკვე დღეს შეგვიძლია ვაქციოთ ჩვენი შვილების საიმედო ფარად. ბავშვის დაბადება სასწაულია, მაგრამ ამ სასწაულის დაცვა უშუალოდ მშობლის ხელშია.