Home ექიმებიგივი და ნუკი ჩიქობავები

გივი და ნუკი ჩიქობავები

by Admin
0 comments

გივი და ნუკი ჩიქობავები

ზრუნვა – როგორც მემკვიდრეობა

ესაუბრა ეკა ნონიაშვილი

აქ მედიცინა არც მხოლოდ პროფესია და არც მხოლოდ არჩევანია, ეს არის ადამიანებზე ზრუნვის გზა, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდება, გამოცდილებით მყარდება და საბოლოოდ პასუხისმგებლობად იქცევა. მამამ ეს გზა თავისი სკოლით, პრინციპებით და ავტორიტეტით გაიარა. შვილი კი იმავე სივრცეში აგრძელებს საკუთარი გადაწყვეტილებებით, მაგრამ იმ ღირებულებებით, რომელიც ბავშვობიდან მოჰყვება. ორი გზა – შეგნებული გადაწყვეტილება და გარდაუვალი მიზიდულობა ერთმანეთს გადაეჯაჭვა ისე, რომ დღეს ძნელია გაიგო, სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე.  ეს გივი და ნუკი ჩიქობავების ისტორიაა.

გივი ჩიქობავა: ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი, სამედიცინო უნივერიტეტის ქირურგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ოთხი ათეული წლის გამოცდილებით. სტუდენტების საყვარელი ლექტორი, სოციალური მეწარმე, გამოცდილი ქირურგი, ვისი ყველაზე შთამბეჭდავი „საოპერაციო“ მოგონება პირველი დამოუკიდებელი ოპერაციაა, და ის, ვინც „შემთხვევით” შემოვიდა იმ ღამეს…

ნუკი ჩიქობავა: ქირურგიული ონკოლოგი, მამოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი, აუდიტორიაშიც, საოპერციოშიც მამა მის გვერდითაა,  „შემთხვევით“ არა – ეს გზა მან თავად აირჩია, უკვე 11 წლის ასაკში, როცა პირველად შეუღო მამას საოპერაციოს კარი…

ვჩქარობ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება ტელეფონმა დარეკოს და სხვა ამბავი დაიწყოს. ნუკი შვილი, კოლეგა, ქირურგი, ინტერვიუს პასიური მონაწილეა, სიამოვნებით უსმენს მამას, ჩვეულებრივ, ისე როგორც ლექციებზე, ოპერაციისას თუ უბარლოდ საღამოს, ფინჯან ჩაიზე. ის უფრო მეხმარება საამაყო მამის პორტრეტის გასახსნელად და ყველაზე უკეთ აქ ჩანს თავად მისი რეალური პროფილი.

რუბრიკის ტრადიციული კითხვით დავიწყეთ:

 

 როგორ შემოვიდა მედიცინა ჩიქობავების ოჯახში?

გივი ჩიქობავა: ოჯახში არავინ იყო ექიმი. მაგრამ ბავშვობიდან ვიცოდი, რომ გავიზრდებოდი ვინ უნდა ვყოფილიყავი – ქირურგი-პროფესორი. ცოტა რომანტიზებული იყო ჩემი გადაყვეტილება – კინო-გმირები მომწონდა, თეთრი ხალათით რომ შემოდიოდნენ კადრში და სიცოცხლესთან მებრძოლ ადამიანებს გადაარჩენდნენ. მეც მინდოდა გადამრჩენი  ვყოფილიყავი, ამიტომ ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში; თუმცა ჩემში, როგორც უმრავლესობაში, ექიმი დამოუკიდებელი ღამის მორიგეობების დროს ჩამოყალიბდა. „რესპუბლიკურში“ კლინიკური ორდინატორი ვიყავი, ზოგადი ქირურგიის კათედრაზე. კათედრის გამგე კი არაჩვეულებრივი პიროვნება, პროფესორი სერგო ხუნდაძე იყო. მსგავსი ადამიანი იშვიათად შეგხვდება – წესიერი, განათლებული ქირურგი, ახალგაზრდებს მამასავით გვექცეოდა. მახსოვს, აფხაზეთის ომის პერიოდია, დამწყები ექიმი ვარ, შუაღამეა, შემოიყვანეს პაციენტი ნაწლავთა მწვავე გაუვალობით,  ძალიან რთული შემთხვევაა; სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია, ვწვალობ, ვერ შევდივარ, და მესმის ხმა: „მარცხნიდან სცადე, ლატერალური ღარიდან.” ბატონი სერგო იყო. მოგვიანებით, პროფესორის 80 წლის იუბილეზე აღმოვაჩინეთ მისმა  მოწაფეებმა, რომ ეს არ ყოფილა „შემთხვევითი” დასწრება, ყველა მისი მოწაფის პირველ ოპერაციაზე ასე „შემთხვევით” შემოსულა. ასეთი საოცარი მასწავლებლები გვაყალიბებდნენ ჩვენ ექიმებად.

ვგრძნობ, თავად სწორედ ასეთი პედაგოგი იქნებით;  ნუკიზე გკითხავთ – ალბათ თქვენი მთავარი მოწაფეა და ექიმობის მემკვიდრეობაც თქვენ გადაეცით…

გივი ჩიქობავა: არა. მე არ მინდოდა ნუკის ექიმობა. ეს ლამაზი თეთრი ხალათი ასეთივე თეთრი და სუფთა გზით ვერ გატარებს, აქ ბევრია შავი დღეებიც, შეურაცხყოფები, უმადურობა, დამარცხებები. ექიმი ყველაზე მეტად განიცდის, როცა პაციენტთან ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გინდა – ღამეებს ვათენებ, სულ ვფიქრობ. მეცოდებოდა ჩემი გოგონა ამ გზისთვის. თუმცა დედა და ბაბუა , ასე არ ფიქრობდნენ და თავისი გაიტანეს…

 

ნუკი, მოგვიყევი, როგორ „გაიტანა თავისი“ ოჯახში უმრავლესობამ ექიმის პროფესიის სასარგებლოდ?

ნუკი ჩიქობავა: სინამდვილეში ყველაფერი მაინც გივის ბრალია…

ჩემს ბავშვობას ექიმის ხალათის სუნი ჰქონდა, მაგრამ სულ მენატრებოდა მასში მამის სუნი, ის სულ მორიგე იყო. გვიან მოდიოდა, ან საერთოდ არ მოდიოდა. 11 წლის დაბადების დღეზე, როცა მკითხეს, რა მინდოდა საჩუქრად, ვისურვე ოპერაციაზე მამასთან ერთად დგომა,  სხვა არაფერი. მამას არ მოეწონა. მაგრამ უარი ვერ მითხრა. იმ ღამეს სამი ოპერაცია ჩატარდა. მე სამივეს დავესწარი. ყველა მახსოვს, ოპერაციის ოთახიდან გამოვედი და ვიცოდი რომ მეც ქირურგი გავხდებოდი. მიუხედვად იმისა, რომ ჩემი „გავიტანე“, სულ ვითვალისწინებ მამის რეკომენდაციებს და ისრაელში რეზიდენტურაში სწავლისას ამაზე განსაკუთრებულად დავფიქრდი – ღამის თენებები, დღეში ათი ოპერაცია – ძალიან რთული იყო ჩემთვის. ჩემმა კურატორმაც ხელი შემიწყო. ზოგადი ქირურგიის კურსის შემდეგ გადავდიოდი ძუძუს ქირურგიაზე. ძალიან „გამიმართლა“, საუკეთესო პედაგოგი შემხვდა, გვერდში დამიდგა, ერთად ვაკეთებდით ოპერაციებს. ძალიან მომწონს ზოგადი ქირურგია, მაგრამ ქალისგან დიდ მსხვერპლს მოითხოვს – არ გაქვს პირადი დრო, არ ეკუთვნი შენს ოჯახს,  მთლიანად ეკუთვნი შენს პროფესიას. მამოლოგი ვიწრო პროფილია, ქირურგიულ ოპერაციებსაც ვაკეთებთ ერთად მე და მამა, ამ მხრივ მაინც იმ გზას ვაგრძელებ, რამაც მომიყვანა მედიცინაში.

 

ნუკი, პირდაპირ გკითხავ და გულწრფელ პასუხს ველოდები – ხარ თუ არა მამის, პროფესორ გივი ჩიქობავას  ჩრდილში?

ნუკი ჩიქობავა: უპირველეს ყოვლისა,  ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ადრეულ ასაკში ვერ ვაცნობიერებდი ამ სიმძიმეს. ინსტიტუტში გვარი მეხმარებოდა, გივის შვილი, გურამის შვილიშვილი. ხანდახან ბრაზი მქონდა, რადგან გვარის გამო მეტს მთხოვდნენ; თუმცა მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ეს ბენეფიტზე მეტად ტვირთია,  ყოველდღიურად გახსენებს თავს, ყოველ ოპერაციაზე, ლექციაზე. შენ არ გაქვს უფლება იყო კარგი, საშუალოდ კარგი, რადგან საზომი მაღალია, შენ მათსავით კარგი უნდა იყო, უკეთესიც კი.  გაგიმხელთ, ლექციებზე მიწევს ჩემი სტუდენტების მამასთან გაშვება და სულ მეშინია, მას რომ მოუსმენენ, ჩემთან დაბრუნება აღარ მოუნდებათ. მამა არაჩვეულებრივი ლექტორია.

გივი ჩიქობავა: ალალად გეტყვით,  მე მისი მუშაობით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ.  1984 წლიდან ვარ კათედრაზე, ვიცი, რა არის შრომა. დიდი შრომა – პრაქტიკა, თეორია, წიგნების კითხვა. ახლა სტუდენტებთან მუშაობა ყველაზე მეტ სიამოვნებას მანიჭებს, იმიტომ რომ სრულიად თავდაჯერებული ვარ, ყველა კითხვაზე მიქვს პასუხი. თუ არ მაქვს, ვამბობ: არ ვიცი, დრო მჭირდება. ამის არ მრცხვენია, ამას წლები გაძლევს, მაგრამ თუ გადაწყვიტე ექიმობა, ბოლომდე უნდა იწვოდე მასში, დიდი შრომა უნდა ჩადო. ამას ვასწავლი სტუდენტებს, ნუკისაც, ვცდილობ ეს გავუზიარო…

 

ნუკი, მამა შენი ლექტორიც ყოფილა. გაიხსენე პირველ ლექცია, რა ემოცია იყო?

ნუკი ჩიობავა: მეოთხე კურსი, ლექცია ზოგად ქირურგიაში. გივი შემოვიდა. ძალიან მინდოდა, ჩემს ჯგუფელებს „სხვა გივი” გაეცნოთ. 15 წუთში ოპერაციაზე გამოიძახეს, ბოდიში მოგვიხადა, დაგვემშვიდობა და გაიქცა. გული დამწყდა.

მაგრამ შემდეგ ლექციებზე ისე შეუყვარდათ ჩემს კურსელებს, რომ დღემდე მამასთან უფრო მეგობრობენ, მას უფრო ეკონტაქტებიან, ულოცავენ დღესასწაულებს, ვიდრე მე. ერთხელ კამათი მომივიდა ერთ სტუდენტთან და მომახალა: „სულ არ გავხარ მამაშენს – ის რა ადამიანიაო!”  თან მეწყინა, თან გულწრფელად მესიამოვნა.

გივის თავად აქვს  არაჩვეულებრივი სკოლა გავლილი და სწორედ ამას ცდილობს – იგივე სიყვარული, პროფესიონალიზმი დანერგოს სტუდენტებში. მართალია დღეს მედიცინა სხვა კონტურებში ჩაჯდა, ვიდრე მის დროს, ის თავდადება აღარაა, მაგრამ მე და მამა ერთად ვახერხებთ დავაბალანსოთ დიდი სკოლის გამოცდილება და თანამედროვე შესაძლებლობები მომავალ ექიმებთან.

 

ქართულ მედიცინაზე გკითხავთ, სად ხედავთ ყველაზე დიდ გამოწვევას დღეს ამ სფეროში?

გივი ჩიქობავა: ინსტრუმენტული მედიცინა, დიაგნოსტიკა, ოპერირების ახალი მეთოდები – ყველაფერი ეს კარგია, წინ გადადგმული ნაბიჯია.  კარგია ის ფაქტიც, რომ პაციენტებს საზღვარგარეთ ვუშვებთ სახელმწიფო დაფინანსებით, მათ უნდა ჰქონდეთ ამისი შესაძლებლობა და მხარდაჭერა, მაგრამ მხოლოდ ამ გზით ვერ განვითარდება ქართული მედიცინა; ასეთივე მხარდაჭერაა საჭირო ადგილობრივი ექიმების, დარგის მიმართ. ჩვენ გვაქვს უდიდესი რესურსი, ძალიან ბევრი მსოფლიო დონის ექიმია საქართველოში, ქირურგიულ ოპერაციებს ერთეული ქირურგები აკეთებენ მთელ მსოფლიოში ისე, როგორც ქართველი ქირურგები.

მაგალითად, მუცლის თიაქრების სეპარაციული რეკონსტრუქციის მეთოდი. ევროპაში 2014 წელს შემოვიდა, ძალიან რთული ოპერაციაა, ზოგადი ქირურგიის ერთ-ერთი ყველაზე დაცული ჩარევა გართულებებისგან. ჩვენთან ვერ დამკვიდრდა. მაინტერესებდა და ვცადე, დაახლოებით 60 ოპერაცია გავაკეთე 5 წელიწადში, კარგი შედეგებით. სამინისტროს მივმართე რომ მიენიჭებინათ კოდი, ეს არაა ჩვეულებრივი ჭიპის თიაქრის პროტოკოლი, ბევრად კომპლექსური ოპერაციაა, თუ არ იქნება სათანადო ანაზღაურება, ვერ შევძლებთ მის დანერგვას. არადა, გვაქვს რესურსი, ქართველი პაციენტი კი უცხოეთში მიდის…

ჩიქობავებთან მედიცინაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, ზომიერად, ფრთხილად, ადამიანის, პაციენტის, მოწაფის  სიყვარულით, თუმცა, ეს ყველაფერი არაა, მათი ცხოვრების „აისი“ – მეორე და ვფიქრობ, ყველაზე ვრცელი ნაწილი ის პროექტია, რომელიც ასევე ოჯახიდან, უფროსი შვილიდან იწყება. ამ  ყველაფერს კი მაღალი სოციალური პასუხიმგებლობა – ადამიანზე ზრუნვის დაუოკებელი სურვილი აერთიანებს.

 

თქვენს სოციალურ პროექტზე გვიამბეთ, როგორ დაიბადა დღის ცენტრი „აისი“?

გივი ჩიქობავა: ჩემს უფროს ვაჟს გონებრივი შეზღუდვა აქვს. 42 წლის ბავშვია, კეთილი, საყვარელი. როგორც ჩემი მამაო ამბობს, ის ჩემი ჯვარიც არის და საჩუქარიც.

როცა პატარა იყო, ვფიქრობდი, ხომ უნდა იყოს რაღაც წამალი, გამოსავალი. ასე მოვიარეთ მთელი მსოფლიო. შვედეთში ეპილეფსიის ევროპის ცენტრში გაგვიშვეს, პეტერ ვოლფს პირადად შევხვდი (მისი სინდრომები სახელმძღვანელოშია შეტანილი). მოვუყევი ყველაფერი, სად ვიყავით, რა გავაკეთეთ და ცოტა უიმედოდ ვკითხე – ნუთუ რამე წამალი არ არსებობსთქო?!… იქ რამდენიმე დღე დავყავით.  ბოლოს პეტერმა მიმიყვანა იქვე დღის ცენტრში.  პირველად ვნახე, 250 ბავშვზე სასწაულად მოწყობილი მსგავსი სივრცე, პიტერმა მითხრა – აი, ესაა ამათი წამალიო. დაბრუნებისთანავე გადავწყვიტე იგივე საქართველოშიც გამეკეთებინა.

2004 წელს თავდაპირველად შევიძინე ფართი ლარსის ქუჩაზე. ძალიან დამეხმარა თურქეთის სახელმწიფო, ჩემი ახლობლები, მეგობრები. ახლა ავჭალაში გვაქვს ცენტრი ეზოთი, მარნით, სათბურებით, ბაღით. ოჯახის წევრები ყოველთვე 5,000 ლარამდე დონაციას ვაგროვებთ. ბავშვებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა უტარდებათ აქტივობები, სპექტაკლებს დგამენ, ორჯერადი კვება აქვთ. ჩემი გურიკოც ამ ცენტრში „მუშაობს“

ახლა ახალი გამოწვევაა: ეს ბავშვები იზრდებიან და ასაკში ბევრი, სამწუხაროდ, მშობლის, მზრუნველის გარეშე რჩება; ამიტომ, ჩემი მთავარი პროექტია „ზრუნვის სახლი“, სადაც მომავალში, მარჩენალის გარეშე დარჩენილი შშმ პირები შეძლებენ მზრუნველ გარემოში ცხოვრების ღირსეულად გაგრძელებას.  

ყველაფრის გაყიდვა რომ მომიწიოს, ეს პროექტი უნდა მოვასწრო ამ ცხოვრებაში.

 

როგორ შეაჯამებდით იმ გზას,  რომელსაც დღეს ჩიქობავები გადიან? ერთი სიტყვით, რას დაარქმევდით თქვენს ცხოვრებას?

გივი ჩიქობავა: 90-იან წლებში ეკლესიას დავუახლოვდი, სახარებას მანამდეც ვკითხულობდი, მაგრამ ტაძარში ყველაფერი შეიცვალა, ყველა კითხვას პასუხი გაეცა. ღვთის დიდ საჩუქრად მივიჩნევ, რომ სულის ცხონებისკენ გზას დავადექი. ყველაზე მოკლე გზა კი – სხვაზე ზრუნვაა. და ამ გზაზე უკეთესი ადგილი, ვიდრე  მედიცინაა,  ვეღარ ვნახე.

ერთადერთი, რაზეც გული მწყდება – თითქოს ბევრი დრო მაქვს დაკარგული. მეტის გაკეთება შემეძლო. ყოველ დილით, ლოცვისას, ორ სიტყვას ვუმეორებ უფალს: მადლობა – ყველაფრისთვის, რაც გამაკეთებინა. ბოდიში -ყველაფრისთვის, რაც ვერ გავაკეთე ჩემი უვარგისობის გამო.

მადლობა და ბოდიში. ეს ორი სიტყვაა ჩემი ცხოვრებაცაა და ჩემი მედიცინაც.

ნუკი ჩიქობავა: ჩემი ცხოვრების მთავარი გმირი მამაა, შვილებზე გადაყოლილი და ირგვლივ ყველაზე მზრუნველი; ყველაფერი კარგი, ყველა სიკეთე ასოცირდება ჩემთვის მამასთან. მე მას ვუმადლი ყველაფერს, რაც მაქვს და ჩემი მადლობაც მას ეკუთვნის, მადლობა ყოველი დღისთვის…

გივი ჩიქობავა ზემოთ იხედება – ღმერთს მიმართავს, ნუკი მამის გზას გაყოლილი მადლობას მას უძღვნის, ყოველი დღისთვის. ალბათ, სწორედ ესაა ამ ისტორიის არსი – ღმერთისკენ სავალი გზა ადამიანის სიყვარულით გასავლელი, რომელიც მამიდან შვილზე გადადის და გაგრძელდება თაობებში, როგორც სიკეთის, სიყვარულის, ადმიანობის, პროფესიონალიზმის მაგალითი.