თამარ ანთელავა
მეან-გინეკოლოგი, ევექსის კლინიკების სამეანო-გინეკოლოგიური სამსახურის კოორდინატორი.
ერთი ნაბიჯი ორსულობამდე – ვიზიტი გინეკოლოგთან
ორსულობის დაგეგმვა არ იწყება დადებითი ტესტით, ის იწყება გაცილებით ადრე, მაშინ, როდესაც ქალი იღებს გადაწყვეტილებას საკუთარ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ.
გინეკოლოგთან ვიზიტი ამ პროცესში წარმოადგენს პირველ და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს. მისი მიზანი არ არის მხოლოდ არსებული პრობლემების გამოვლენა, არამედ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის შეფასება, შესაძლო რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება და მათი დროული მართვა. სწორედ ეს მიდგომა ქმნის საფუძველს უსაფრთხო ორსულობისა და ჯანმრთელი ახალშობილისთვის.
თანამედროვე რეკომენდაციები ხაზს უსვამს, რომ გინეკოლოგთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია ყველა რეპროდუქციული ასაკის ქალისთვის, მიუხედავად იმისა, გეგმავს თუ არა ორსულობას ამ ეტაპზე. თუმცა მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება მაშინ, როდესაც ორსულობა უკვე განხილვის ეტაპზეა ან არსებობს ფაქტორები, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ჩასახვასა და ორსულობის მიმდინარეობაზე.
ჩასახვამდელი კონსულტაცია გინეკოლოგთან წარმოადგენს ქალის ჯანმრთელობის მოვლის საკვანძო კომპონენტს (წყარო:ACOG , ASRM)
ვისთვის და როდის არის მნიშვნელოვანი გინეკოლოგთან ვიზიტი
რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალისთვის რეკომენდებულია გინეკოლოგთან გეგმიური კონსულტაცია, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა მას დაორსულება მოცემულ ეტაპზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი მათთვის, ვინც იყენებს კონტრაცეფციას, გეგმავს ორსულობას ან აწყდება შვილოსნობის პრობლემას, ამ შემთხვევაში კონსულტაცია არ უნდა გადაიდოს.
რეგულარული ვიზიტები აუცილებელია, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა და რისკ-ფაქტორები დროთა განმავლობაში შეიძლება იცვლებოდეს.
გინეკოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია:
- ქორწინებამდე — ჯანმრთელობის შეფასებისა და პრევენციული ღონისძიებებისთვის
- კონტრაცეფციის შერჩევისა და მართვის მიზნით
- ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე
- უარყოფითი ორსულობის ტესტის განმეორებითი შემთხვევისას
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ან ვაგინალური პრობლემების შეფასებისთვის
- ქრონიკული დაავადებების არსებობისას (მაგ. შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, ფსიქიკური დარღვევები), როცა საჭიროა მკურნალობის კორექცია
- მშობიარობის შემდეგ
- ორსულობის შეწყვეტის შემდეგ
რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზიტი ორსულობამდე
ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ორსულობამდე პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც ორსულობის მიმდინარეობაზე, ისე ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, ორსულობის დაგეგმვამდე მნიშვნელოვანია სრულფასოვნად შეფასდეს ჯანმრთელობის სტატუსი, გამოვლინდეს პოტენციური რისკ-ფაქტორები და განხორციელდეს შესაბამისი პრევენციული ან სამკურნალო ღონისძიებები. მხოლოდ ამის შემდეგ არის რეკომენდებული ორსულობის დაგეგმვა.
დაუგეგმავი ორსულობის შემთხვევაში იზრდება გართულებების რისკი. მაგალითად, მშობიარობებს შორის ოპტიმალური ინტერვალის (18–24 თვე) დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს ნაადრევი მშობიარობისა და ორსულთა ჰიპერტენზიული დარღვევების განვითარების სიხშირეს. ამ პროცესში გინეკოლოგს აქვს შესაძლებლობა, პაციენტს შესთავაზოს ეფექტური კონტრაცეფციის მეთოდები და დაეხმაროს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
რისკ–ფაქტორების შეფასება
გინეკოლოგთან კონსულტაცია პირველ რიგში პრევენციული აქტივობაა. მისი მიზანია ისეთი ფაქტორების აღმოჩენა, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩასახვაზე, ორსულობის მიმდინარეობაზე ან ნაყოფის განვითარებაზე. რისკების დროული იდენტიფიცირება იძლევა საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში დაიწყოს მკურნალობა ან განხორციელდეს კონტროლი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების ალბათობას. ამ ეტაპზე გადამწყვეტია დეტალური ანამნეზის შეგროვება, რაც ექიმს აძლევს სრულ სურათს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ.
ნუტრიციული სტატუსი – ხშირად დაუფასებელი, მაგრამ კრიტიკული ფაქტორი
ქალის კვებითი სტატუსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ჩასახვაზე, ისე ორსულობის მიმდინარეობაზე. სწორედ ამიტომ, ნუტრიციული შეფასება უნდა ჩატარდეს ორსულობამდე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კორექცია განხორციელდეს წინასწარ, გინეკოლოგისა და დიეტოლოგის ჩართულობით.
განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ მაღალი ნუტრიციული რისკის მქონე ქალებს, მათ შორის:
- სიმსუქნის შემთხვევაში (BMI ≥30 kg/m²)
- შაქრიანი დიაბეტის დროს
- მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკისას
- ძლიერი პირღებინებისადმი მიდრეკილების შემთხვევაში
შეფასებისას მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რამდენად იღებს პაციენტი საკმარისი რაოდენობით კალციუმს, რკინას, ვიტამინებს (A, B12, D). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფოლიუმის მჟავის მიღების დაწყება ორსულობამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე (0.4 მგ დღეში), რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ნერვული მილის დეფექტებისა და ნაყოფის განვითარების დარღვევების რისკს.
სწრაფი თვითშეფასება – როგორია თქვენი კვებითი ჩვევები
ნუტრიციული სტატუსის წინასწარი შეფასებისთვის შესაძლებელია მარტივი თვითშეფასების კითხვარის გამოყენება, რომელიც ეხმარება პაციენტს საკუთარი კვებითი ჩვევების გაანალიზებაში.
შეფასება მერყეობს 0-დან 16 ქულამდე, რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო ჯანსაღია კვებითი ჩვევები.
ნუტრიციული სტატუსის სწრაფი თვითშეფასების კითხვარი
უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში: | 0 ქულა | 1 ქულა | 2 ქულა |
1.კვირაში რამდენჯერ იღებთ სწრაფ ან წასახემსებელ საკვებს? | ≤1 | 2-3-ჯერ | >4ჯერ |
2.ხილის რამდენ პორციას იღებთ დღის განმავლობაში? | ≥5 | 3-4 | ≤ 2 |
3. რამდენ ჭიქა გაზიან სამელს ან ტკბილ ჩაის იღებთ რეგულარულად დღის განმავლობაში? | ≤1 | 2-3 | ≥ 3 |
4.კვირაში რამდენჯერ იღებთ რეგულარულად მარცვლოვნებს, ფრინველის ხორცს ან თევზს? | ≥3 | 1-2 | ≤ 1 |
5.კვირაში რამდენჯერ იღებთ რეგულარულად ჩიფსებს ან კრეკერებს? | ≤1 | 2-3 | ≥4 |
6.კვირაში რამდენჯერ იღებთ ტკბილეულს?
| ≤1
| 2-3 | ≥4
|