თამარა ნადირაშვილი – რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი
ავტორიტეტული სამედიცინო ჟურნალის, The Lancet Obstetrics, Gynaecology, & Women’s Health-ის (2026 წლის ივლისი) ფურცლებზე გამოქვეყნებული მასშტაბური, გლობალური კვლევა (GBD ჩარჩოზე დაყრდნობით) სერიოზულ საფიქრალს აჩენს. ეს უახლესი ნაშრომი გვიანი რეპროდუქციული ასაკის ქალებში უშვილობის (ინფერტილობის) მზარდ ტენდენციებს, სოციალურ დისბალანსსა და საგანგაშო პროგნოზებს ეხება.
ამ მონაცემების მიხედვით, მსოფლიო დემოგრაფიული და სოციალური კრიზისის ზღვარზეა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გამოწვევები გახდება. კვლევის თანახმად, მომავალ ათწლეულში გვიანი ასაკის ქალებში უშვილობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზრდება და 2036 წლისთვის ამ პრობლემის წინაშე, შესაძლოა, 80 მილიონზე მეტი ქალი აღმოჩნდეს.
როგორც ექიმი, რომლის ყოველდღიურობაც ახალი სიცოცხლის დაბადებასა და ამ გზაზე არსებულ ბრძოლას უკავშირდება, სრულიად ვიზიარებ კვლევის ავტორთა დასკვნას, რომ ანალიზი, რომელიც 1990 წლიდან 2023 წლამდე პერიოდს მოიცავს, ყველაზე დიდ დარტყმას განვითარებულ და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს უწინასწარმეტყველებს. სწორედ იქ, სადაც სოციალური აქტივობა მაღალია, ფიქსირდება დედობის გადავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც პირდაპირპროპორციულად ზრდის ბიოლოგიურ რისკებს.
რატომ ვერ აგვარებს პრობლემას მხოლოდ მედიცინა?
ჩემს კაბინეტში ხშირად მესმის ფრაზა: „დღეს ხომ მედიცინა ყოვლისშემძლეა?“. დიახ, რეპროდუქციული მედიცინა და ხელოვნური განაყოფიერების (IVF) ტექნოლოგიები ყოველდღიურად ვითარდება, თუმცა ჩემს კოლეგებთან ერთად მსოფლიოს გარშემო ვთანხმდები ერთ მთავარ ჭეშმარიტებაზე – პრობლემას მხოლოდ კლინიკური მიდგომით ვერ გადავჭრით, დიდი ხანია გასცდა სამედიცინო ჩარჩოებს და ღრმა სოციალური ფენომენია.
ახლახანს გახლდით ESHRE-ს კონფერენციაზე, სადაც სხვა სამეცნიერო საკითხებს შორის, ეს საკიტხიც გაჟღერდა. როგორც დარგის წამყვანი სპეციალისტები აღნიშნავენ, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაფართოება საკმარისი არ არის. აუცილებელია იმ სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების აღმოფხვრა, რომლებიც ქალებს დედობის გადავადებას აიძულებენ. მათ შორისაა:
- კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის ნაკლებობა;
- არასტაბილური ეკონომიკური გარემო ახალგაზრდებისთვის;
- სახელმწიფო და ინსტიტუციური მხარდაჭერის დეფიციტი ადრეულ ასაკში ოჯახის დაგეგმვისთვის.
პარადოქსი: მაღალი განვითარება და დაბალი შობადობა
ციფრები ჯიუტია – მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ინფერტილობის გამოწვევის წინაშე დგება, ხოლო უშვილობა თანაბრად ეხება როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს (წყვილთა 8-12%-ს).
თუმცა, მეცნიერების მთავარი აქცენტი მაინც გვიანი რეპროდუქციული ასაკის ქალებზე კეთდება. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ნარატივი ხშირად არასწორ მოლოდინებს აჩენს. ბევრს ჰგონია, რომ მედიცინას ნებისმიერ ასაკში შეუძლია სასწაულის მოხდენა. რეალობა კი, რომელსაც ჩემს პრაქტიკაშიც ყოველდღე ვხედავ, აჩვენებს, რომ ბიოლოგიურ საათს ტექნოლოგიებიც კი ვერ ეწევიან, თუ დროულად არ შეიცვალა სოციალური პოლიტიკა სამუშაო ადგილებზე და სახელმწიფო დონეზე.
რა ხდება ქართულ რეალობაში?
ეს გლობალური დემოგრაფიული ტენდენცია გვერდს არც საქართველოს უვლის. საქსტატის ბოლო მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანაში პირველი შვილის გაჩენის საშუალო ასაკი წლიდან წლამდე იზრდება და 26-დან უკვე 28-29 წლამდე გადაიწია, ხოლო 35 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში პირველი ორსულობის მაჩვენებელმა საგრძნობლად იმატა.
ჩემს პრაქტიკაშიც სულ უფრო მკაფიოდ შეიმჩნევა პირველი შვილის გაჩენის ასაკის გადავადება. ქალები ხშირად კარიერული განვითარების, ეკონომიკური სტაბილურობის ძიებისა თუ შესაბამისი სოციალური გარანტიების არქონის გამო დებენ ოჯახის დაგეგმვას სამომავლოდ. ეს აბსოლუტურად გასაგები სოციალური არჩევანია, თუმცა, როგორც ექიმი, ვალდებული ვარ თითოეულ პაციენტს შევახსენო ბიოლოგიური რეალობა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია უახლესი რეპროდუქციული ტექნოლოგიები, ასაკთან ერთად კვერცხუჯრედების ხარისხი და რეზერვი მაინც გარდაუვლად კლებულობს, ბიოლოგიურ საათს ტექნოლოგიები ვერ აჩერებს. სწორედ ამიტომ, ქალებს ვურჩევ, უფრო ადრეულ ასაკში იფიქრონ რეპროდუქციულ გეგმებზე. ხოლო მათ, ვინც სოციალური თუ კარიერული მიზეზების გამო დედობის გადადებას მაინც 35-40 წლისთვის აპირებს, ვურჩევ, მიმართონ კვერცხუჯრედების გაყინვის (ფერტილობის შენარჩუნების) თანამედროვე მეთოდს. ეს არის ერთგვარი ბიოლოგიური დაზღვევა, რომელიც მათ მომავალში რეპროდუქციულ თავისუფლებას შეუნარჩუნებს.
რა არის გამოსავალი?
The Lancet-ის მასალებზე დაყრდნობით, მეცნიერები მოუწოდებენ მთავრობებსა და დამსაქმებლებს, შექმნან დედობისა და მამობის მხარდამჭერი ეკოსისტემები. იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა კარიერასა და შვილს შორის არჩევანის გაკეთება არ მოუწიოთ, საჭიროა მოქნილი სამუშაო გრაფიკები, ფინანსური სტიმულირება და ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა.
როგორც პრაქტიკოსი ექიმი, დარწმუნებული ვარ მხოლოდ რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სოციალური უსაფრთხოების სინთეზით იქნება შესაძლებელი იმ დემოგრაფიული კრიზისის თავიდან აცილება, რომელიც 2036 წლისთვის რეალურად გვემუქრება.
წყარო: Y. Du et al., Epidemiological trends, disparities, and developmental correlates of infertility in women of advanced maternal age, 1990–2023: a comprehensive analysis within the GBD framework, The Lancet Obstetrics, Gynaecology, & Women’s Health, July 2026.