Home სიახლეებიოჯახის დაგეგმვა, სექსუალური ჯანმრთელობა და ფერტილობა: თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინის სამი ბოძი

ოჯახის დაგეგმვა, სექსუალური ჯანმრთელობა და ფერტილობა: თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინის სამი ბოძი

by Admin
0 comments

ლევან კობალაძე, ექიმი-სექსოლოგი

სპეციალურად ჟურნალ New Factor-ისთვის

თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინა და სექსოლოგია ფუნდამენტური გარდატეხის ეპოქაში იმყოფება. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში გაჟღერდა უმნიშვნელოვანესი სიახლე: ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Andrology-ში გამოქვეყნდა International Federation of Fertility Societies (IFFS) – ისა და ანდროლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISA) ერთობლივი გლობალური განცხადება (Scientific Statement).

როგორც პრაქტიკოსი სექსოლოგისთვის, ეს დოკუმენტი განსაკუთრებულად ღირებულია. ის საბოლოოდ ამსხვრევს ტრადიციულ, ხშირად ვიწრო და ფრაგმენტულ კლინიკურ მიდგომებს და აყალიბებს თანამედროვე მედიცინის სამ ურთიერთდაკავშირებულ ფუნდამენტურ ბოძს: სექსუალურობას, უნაყოფობის მართვასა და კონტრაცეფციას.


სექსუალური ფუნქცია და ფერილობა: „მანკიერი“ წრის გაწყვეტა

ჩემს ყოველდღიურ პრაქტიკაში ხშირად ვხედავ, თუ როგორ იგნორირდება სექსუალური ჯანმრთელობა უნაყოფობის მკურნალობის პროცესში. კლინიცისტები ხშირად ფოკუსირდებიან მხოლოდ ბიოლოგიურ მაჩვენებლებზე – ჰორმონალურ პროფილზე, ანატომიურ გამავლობასა თუ სპერმოგრამის ციფრებზე, მაშინ როცა სექსოლოგიური პრობლემები და უშვილობა ერთმანეთთან მყარად არის გადაჯაჭვული: ერთის მხრივ, გარკვეულმა სექსოლოგიურმა დარღვევებმა შესაძლოა ფიზიკურად შეუშალოს ხელი ჩასახვას, ხოლო მეორეს მხრივ, თავად უშვილობის დიაგნოზი და ბავშვის გაჩენის დამქანცველი, ხანგრძლივი მოლოდინი ანგრევს მანამდე სრულიად ჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებას. შესაბამისად სექსუალური დისფუნქციები შესაძლოა იყოს უნაყოფობის მიზეზი და პირიქით – უნაყოფობის შედეგიც.

სექსუალური დისფუნქციები, რომლებიც შეიძლება გახდნენ უნაყოფობის მიზეზი:

ქალებში – ვაგინიზმის და დისპარეუნიის შემთხვევაში მენჯის ფსკერისა და საშოს გარშემო არსებული კუნთების უნებლიე, მტკივნეული სპაზმი  პენეტრაციას ფიზიკურად შეუძლებელს ხდის ან აქტი იმდენად ნაადრევად შეიძლება შეწყდეს, რომ ეაკულაცია საშოს გარეთ მოხდეს. ტკივილის მუდმივი შიში ქალს აიძულებს ქვეცნობიერად აარიდოს თავი ინტიმურ კავშირს, რაც ცხადია განაყოფიერების შანსს მინიმუმამდე ამცირებს.

მამაკაცებშიქრონიკული ერექციული დისფუნქცია პირდაპირ ბლოკავს ჩასახვის შესაძლებლობას, რადგან სპერმის ტრანსპორტირება საშვილოსნოს ყელამდე ვერ ხერხდება; იგივე ხდება ანეაკულაციის ან რეტროგრადული ეაკულაციის დროს;

ნაადრევი ეაკულაციის (Ante Portam): შემთხვევაში თესლგამოყოფა უშუალოდ პენეტრაციამდე საშოს შესავალთან ასოს შეხებისას, სპერმატოზოიდების უდიდესი ნაწილი საშოს გარეთ ხვდება და ვერ აღწევს მიზანს.

სექსუალური ლტოლვის მკვეთრი დაქვეითება

თუ რომელიმე პარტნიორს (ან ორივეს) აქვს სექსუალური სურვილის ქრონიკული ნაკლებობა და ინტიმური კავშირი თვეში ან რამდენიმე თვეში ერთხელ მყარდება, მათემატიკურად მცირდება ე.წ. “ნაყოფიერების ფანჯრის” დამთხვევის ალბათობა. ქალის ორგანიზმში კვერცხუჯრედი ოვულაციის შემდეგ მხოლოდ 12-24 საათი ცოცხლობს, სექსის დაბალი სიხშირე კი ამ მოკლე დროის ხელიდან გაშვებას იწვევს.

უშვილობა როგორც  სექსუალურ ცხოვრებდანგრევის მიზეზი

განრიგით სექსისფენომენი და ემოციური გადაწვა

როდესაც წყვილს უშვილობის დიაგნოზი აქვს და იწყება ხანგრძლივი მკურნალობა, სექსი ხშირად კარგავს თავის ბუნებრივ ხიბლს და პირველად ფუნქციას – სიამოვნებას, განტვირთვასა და ემოციურ კავშირს, იგი ხდება კალენდრით დანიშნული “მექანიკური სამუშაო”, რის გამოც წყვილი უმძიმესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ექცევა. როგორც კი რეპროდუქტოლოგი წყვილს უნიშნავს ოპტიმალურ დღეებს განაყოფიერებისათვის, სექსიდან მომენტალურად ქრება სპონტანურობა, თამაში და რომანტიკა. აქტი ხდება მექანიკური, გრაფიკით გაწერილი დავალება. პარტნიორები სექსს უყურებენ არა როგორც ერთმანეთთან შერწყმისა და სიამოვნების საშუალებას, არამედ როგორც “ბიოლოგიური მასალის ჩაბარების” პროცესს. ამის შედეგად:

  • მამაკაცებში: ყალიბდება “შესრულების შფოთვა” (Performance Anxiety), რაც თავის მხრივ იწვევს  ერექციულ დისფუნქციასა და ანეაკულაციას (სქესობრივი აქტის დროს ეაკულაციის მიღწევის შეუძლებლობას).
  • ქალებში: უშვილობის სტრესი პირდაპირ აისახება ფიზიკურ აღგზნებადობაზე. როდესაც ქალი სექსის დროს ფიქრობს მხოლოდ იმაზე, “დაორსულდება თუ არა ამჯერად”, მისი ლიმბური სისტემა (ტვინის ემოციური ცენტრი) ბლოკავს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას, მცირედება ბართოლინის ჯირკვლების მიერ ვაგინალური ლუბრიკაცია (სეკრეტის გამოყოფა), რის გამოც აქტი ხდება მშრალი და ფიზიკურად მტკივნეული, ქალი კარგავს ორგაზმის განცდის უნარს (ანორგაზმია). შესაბამისად ქვეითდება ან საერთოდ ქრება სექსუალური კონტაქტის სურვილი, ინტერვალები კოიტუსებს შორის სულ უფრო მატულობს და მცირდება დაორსულების შანსი.

შედეგად ვიღებთ „მანკიერ წრეს“: უნაყოფობით გამოწვეული სტრესი აზიანებს სექსუალურ ფუნქციას, ხოლო სექსუალური დისფუნქცია კიდევ უფრო ამცირებს ბუნებრივი ჩასახვის შანსებს.


ფსიქოსექსუალური მხარდაჭერის აუცილებლობა

IFFS/ISA-ს დოკუმენტის მთავარი მოწოდებაა, რომ სექსუალური დისფუნქციის დიაგნოსტიკა და თერაპია გახდეს უნაყოფობის მკურნალობის განუყოფელი ნაწილი პირველივე ვიზიტიდან. წყვილმა უნდა შეინარჩუნოს სექსუალური სიამოვნება და ემოციური სიახლოვე, მიუხედავად რეპროდუქციული თერაპიის პროცესისა.


მამაკაცის ფაქტორი უნაყოფობაში და ადრეული, ინტეგრირებული დიაგნოსტიკა

საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძლიერია მცდარი სტერეოტიპი, რომ უნაყოფობა უმეტესად ქალის ორგანიზმთან დაკავშირებული პრობლემაა. თუმცა, თანამედროვე ეპიდემიოლოგიური მონაცემები სრულიად საპირისპიროს ადასტურებს:

  • უნაყოფო წყვილების 50%-ში მიზეზი მამაკაცის ფაქტორთან არის დაკავშირებული (იზოლირებულად ან ქალის ფაქტორთან კომბინაციაში).
  • ბოლო ათწლეულებში გლობალურად აღინიშნება სპერმის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების შემცირების ტენდენცია.

წყვილის ერთობლივი გამოკვლევა

საერთაშორისო განცხადება ხაზგასმით მოუწოდებს კლინიციტებს, პირველივე ეტაპზე მოახდინონ ორივე პარტნიორის პარალელური დიაგნოსტიკა. მამაკაცის ადრეული ანდროლოგიური შეფასება:

  1. დაზოგავს დროსა და რესურსებს: თავიდან აგაცილებთ ქალის ხშირად ინვაზიურ და ძვირადღირებულ პროცედურებს, როდესაც მიზეზი შესაძლოა მამაკაცის სპერმაში იყოს.
  2. ხსნის ფსიქოლოგიურ წნეხს: ქალს აშორებს უსაფუძვლო ბრალეულობის განცდას და პრობლემას აქცევს წყვილის საერთო ამოცანად.

ფერილობის შენარჩუნება

დოკუმენტში ცალკე ყურადღება ეთმობა მამაკაცის რეპროდუქციული პოტენციალის შენარჩუნებას კრიოპრეზერვაციის (სპერმის გაყინვის) გზით – განსაკუთრებით გონადოტოქსიკური მკურნალობის (ონკოთერაპია, ქიმიოთერაპია) დაწყებამდე, ან გარემო პირობებისა და ასაკობრივი ფაქტორების გათვალისწინებით.

თანამედროვე კონტრაცეფცია და მამაკაცის პასუხისმგებლობა

კონტრაცეფცია მხოლოდ არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვა არ არის, ეს არის ოჯახის დაგეგმვისა და სექსუალური ავტონომიის ფუნდამენტი. IFFS/ISA-ს განცხადებაში მკაფიოდაა გამოკვეთილი მამაკაცის როლის გაზრდის აუცილებლობა.

მამაკაცის კონტრაცეფციის ახალი მეთოდების შემუშავება საშუალებას მისცემს წყვილებს, თანაბრად გადაინაწილონ რეპროდუქციული პასუხისმგებლობა და აიცილონ თავიდან ქალის ორგანიზმზე ჰორმონალური გადატვირთვა.

რას ნიშნავს ეს ქართული რეალობისთვის?

ქართულ სინამდვილეში ჯერ კიდევ ძლიერია სოციალურ-კულტურული სტიგმები. მამაკაცები ხშირად ერიდებიან ანდროლოგთან ან სექსოლოგთან ვიზიტს, პრობლემას აღიქვამენ “მამაკაცურობის შელახვად”, ხოლო სექსუალური დარღვევები ოჯახებში მკაცრად გასაიდუმლოებულია.

IFFS-ისა და ISA-ს ერთობლივი განცხადების მთავარი გზავნილია: ოჯახის დაგეგმვა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ეფუძნება წყვილზე ორიენტირებულ ჰოლისტიკურ მიდგომას.

როგორც ექიმი, სრულიად ვიზიარებ და მივესალმები ამ მიდგომას. ჩვენი ამოცანაა, დავამსხვრიოთ მითები და გავხსნათ ტაბუირებული თემები, შევქმნათ ღია, ნდობაზე დაფუძნებული გარემო და პაციენტებს შევთავაზოთ არა მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა, არამედ სრულყოფილი სექსუალური და რეპროდუქციული ჰარმონია.

 

წყარო: https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/andr.70371