წარმოიდგინეთ ხელოვნება, სადაც ქაოსიდან სიცხადე იბადება, ხოლო მოფარფატე ქსოვილი ჰაეროვან, მედიტაციურ პორტრეტებად იქცევა. ბენჟამინ შაინი (Benjamin Shine) ის მულტიდისციპლინური არტისტია, რომელმაც ტიულით „ხატვის“ უნიკალური ტექნიკით მსოფლიო ხელოვნებაში სრულიად ახალი სიტყვა თქვა. მისი შემოქმედება მუდმივი ტრანსფორმაციის, სიცოცხლის სიმყიფისა და ფარული ენერგიების ფიზიკური მანიფესტაციაა — მომენტები, რომლებიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია და ქმნადობის ზღვარზე არსებობს.
სწორედ ამიტომ, სიმბოლურია, რომ ბენჟამინ შაინის ნამუშევარი რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ცხოვრების სტილზე ფოკუსირებული ჟურნალის, N FACTOR-ის პირველი ნომრის ყდას ამშვენებს. სიცოცხლის ჩასახვა, ორსულობა და ემბრიონის განვითარება ხომ ისეთივე იდუმალი პროცესებია, როგორც ახალი ფორმის დაბადება ხელოვანის ხელში.
პირველი ქალის სახე, რომელიც შექმენით, რეალურ ქალს ეფუძნებოდა?
დიახ, სინამდვილეში, ჩემი პირველი ნამუშევრები, რომლებიც ტიულის გამოყენებით შევქმენი, პორტრეტები იყო, სადაც მთავარ გამოწვევას რეალიზმის ზუსტად გადმოცემა წარმოადგენდა. ამ მასალასთან მუშაობის პირველი რამდენიმე წელი სწორედ ამას მივუძღვენი; ამან მომცა საფუძვლიანი ცოდნა თავად მასალისა და მისი პოტენციალის შესახებ, სანამ სხვადასხვა მიმართულებით დავიწყებდი იდეების განვითარებას.
თქვენი აბსტრაქტული სახეების სერია მინიმალური ფორმებით საოცრად ბევრ ემოციას იტევს. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორია თქვენი მიდგომა სხვადასხვა იდენტობისა და, განსაკუთრებით, ქალების ასახვისას თქვენს შემოქმედებაში?
მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ ადამიანის რეალისტური მსგავსების შესაქმნელად საჭირო დეტალიზაციის მიღწევა შესაძლებელი იყო, გარკვეულწილად, ამის გამარტივება მომინდა, რათა თავად მასალას შეესრულებინა უფრო ცენტრალური ვიზუალური როლი. „Flow“ სერიის ნამუშევრები, არსებითად, ბუნებრივად მოფარფატე ქსოვილისა და ნაოჭებიდან გამოკვეთილი სახის ჰიბრიდს წარმოადგენს. მთავარი იდეა ქაოსში სიცხადის პოვნის პირდაპირი და მეტაფორული გამოხატვა იყო. ამ ნამუშევრებში ასახული სახეები მედიტაციის ადამიანურ გამოცდილებას გადმოსცემს. ჩემთვის ქალის სახე საუკეთესოდ განასახიერებს „ადამიანურს“, რადგან ის პოზიტიური მახასიათებლების მატარებელია, ხოლო სხვადასხვა იდენტობა კაცობრიობის ბუნებრივ მრავალფეროვნებას ირეკლავს.
თქვენს შემოქმედებაში სინაზე და სირბილე არქიტექტურულ სიმტკიცეს იძენს, ზუსტად ისე, როგორც N Factor იკვლევს ორსულობისა და დედობის მიღმა არსებულ მძლავრ ძალებს. როგორ ახერხებთ ასეთი დახვეწილი, „ფაქიზი“ თვისებების თარგმნას ისეთ ფორმებში, რომლებიც ასე ძლიერად და ტრანსფორმაციულად აღიქმება?
ამ კუთხით წინასწარ გამიზნული მიდგომა არ მაქვს — უბრალოდ ვცდილობ, ვიპოვო ოქროს შუალედი ორ რამეს შორის: დავემორჩილო იმ შეზღუდვებს, რასაც თავად ქსოვილი მიწესებს და, ამავდროულად, ნამუშევარი მაქსიმალურად მივამსგავსო კონკრეტულ ადამიანს. ვცდილობ, საბოლოო შედეგი ამ ორი ძალის სინთეზს მივანდო და ვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რომელიც მუშაობის პროცესში ჩნდება ხოლმე.
N FACTOR-ის პირველი ნომრის ყდაზე მოხვედრა მნიშვნელოვანი ეტაპია. რას ნიშნავს თქვენთვის, რომ თქვენი ხელოვნება წარმოადგენს ჟურნალს, რომელიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ცხოვრების სტილზეა ფოკუსირებული?
ჩემი შემოქმედების უდიდესი ნაწილი ადამიანურ მდგომარეობას, სიცოცხლის სიმყიფესა და ფიზიკური და სულიერი გამოცდილების დუალობას ეხება — ამიტომაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემი ნამუშევრის ამ კონტექსტში წარმოჩენა.
არსებობენ კონკრეტული ქალები, ან იქნებ ისტორიები თუ მომენტები, რომლებმაც გავლენა იქონია იმაზე, თუ როგორ გამოხატავთ სახეებსა და ადამიანურ ემოციებს?
უმეტესწილად, ნამუშევრები, რომლებშიც სახეებია ასახული, განსაკუთრებით კი ერთი მთლიანი ნაჭრისგან შექმნილი „Flows“, მედიტაციური განწყობის გადმოსაცემად არის შექმნილი, ამიტომ ეს სახეები სიმშვიდის მდგომარეობაშია და თვალები დახუჭული აქვთ.
თქვენი პორტრეტები აფიქსირებს მომენტებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია და ქმნადობის ზღვარზე არსებობს. ანალოგიურად, N Factor იკვლევს პროცესებს — ორსულობას, ემბრიონის განვითარებას, თავად სიცოცხლის ჩასახვას. როგორ ხედავთ შექმნისა და ტრანსფორმაციის ამ იდეების ასახვას თქვენს შემოქმედებაში და რას ნიშნავს, იყო ფორმის დაბადების მოწმე მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია?
რა ზუსტი დაკვირვებაა ამ კავშირთან მიმართებით! ჩემს ნამუშევრებში, როგორც წესი, ორი ძალა მოქმედებს — ერთი ფიზიკური გამოწვევაა: როგორ გამოვიყენო მასალა კონკრეტული მიზნის მისაღწევად; მეორე კი ვიზუალური მისწრაფებაა: როგორ შევქმნა ისეთი რამ, რაც ამ იდეას გამოხატავს. ტრანსფორმაციის კონცეფცია სკოლის პერიოდიდან მოყოლებული სულ ფიგურირებდა ჩემს შემოქმედებაში, რაც, სავარაუდოდ, 80-იანი წლების სათამაშოების, „ტრანსფორმერების“ დამსახურებაა. იქნება ეს პროდუქტი, სკულპტურა თუ სამოსი, მიყვარს ისეთი რამის შექმნა, რაც შემდეგ სხვა რამედ იქცევა. და რა თქმა უნდა, ეს ცხოვრებისა და ადამიანური ყოფის ნაწილია — ცვლილება, ტრანსფორმაცია, განვითარება. თუმცა საბოლოო ჯამში, ის წარმავალი და დროებითია — სინამდვილეში ხომ ყველაფერი ენერგიაა. სწორედ ამ კონცეფციების გაცოცხლებას ვცდილობ და აღმოვაჩინე, რომ ტიული საოცრად კარგად ერგება ამ იდეების გადმოცემას.
თქვენი ტექსტურები ავლენს ისეთ უხილავ ძალებს, როგორებიცაა ჰაერი, მოძრაობა და დაჭიმულობა. მსგავსადვე, N FACTOR ხილულს ხდის ფარულ პროცესებს. როგორია თქვენი მიდგომა იმის გამოსააშკარავებლად, რაც ჩვეულებრივ უხილავია, და რას ისურვებდით, რომ მაყურებელმა ამ ფარული შრეების დანახვით მიიღოს?
დიდი ხანია, რაც მაოცებს და ინტერესს მიღვიძებს ის „უხილავი“ ასპექტები, რომლებსაც ზოგჯერ ვგრძნობთ და რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში ასეთ საიდუმლოებას წარმოადგენდა. პირადად მე ვფიქრობ, რომ კაცობრიობა გარკვეულწილად ერთ ადგილას გაიყინა და, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, ვერ ვახერხებთ გავიაზროთ ან გავიგოთ ის ნაწილები, რომლებიც შესაძლოა პროგრესისთვის აუცილებელი თავსატეხის დეტალები იყოს. თუნდაც თანამედროვე კვანტურ ფიზიკაში, გვაბნევს ისეთი სცენარები, რომლებსაც ჩვენი ამჟამინდელი ფიზიკის გაგებით ახსნა არ ეძებნება. მაგრამ ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ აშკარად უფრო დიდი რეალობა მოქმედებს — ის, რომელიც ბოლომდე არ გვესმის და ვერ ვიგებთ. იქ, სადაც ჩემი ნამუშევარი დემატერიალიზაციაზე მიანიშნებს, ფიზიკურ ფორმაში ენერგიის მანიფესტაციასა და მუდმივი ცვლილების მდგომარეობაში მყოფ ობიექტებზე, ჩემი სურვილია, წვლილი შევიტანო იმ დისკუსიასა და კითხვის დასმაში, თუ „სინამდვილეში რა ხდება აქ?“. იმიტომ, რომ თუ კითხვებს არ დავსვამთ, ნაკლებად სავარაუდოა პასუხები მივიღოთ — ხოლო პასუხების გარეშე, ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა წავიდეთ წინ.
ხელოვნებას შეუძლია წამოიწყოს დისკუსიები, რომლებსაც სხვა მედიუმები შეიძლება ვერ მისწვდეს. თქვენი აზრით, როგორ წაახალისებს თქვენი შემოქმედება დიალოგს ქალთა იდენტობისა და გაძლიერების შესახებ?
ჩემთვის ქალები კაცობრიობის ელჩები არიან — სწორედ ამიტომ ფიგურირებს ქალის სახე ჩემს ნამუშევრებში ასე ჭარბად. სიყვარულის, მზრუნველობის, თანაგრძნობის, ემპათიის, ძალისა და მედეგობის ცნებები, როგორც ჩანს, გაუცნობიერებლად და საყოველთაოდ სწორედ ქალის სახის წარმოჩენით აღიქმება. კაცის სახე, მეორე მხრივ, არ გადმოსცემს იგივე მახასიათებლებს, ამიტომ, თუ მინდა შევქმნა ნამუშევრები, რომლებიც კაცობრიობის პოზიტიურ, ამაღლებულ იდეებს ირეკლავს, უპირატესობას იმ სახის გამოყენებას ვანიჭებ, რომელიც ამ თვისებებს ატარებს.
შემოქმედებითი პროცესის რომელი ნაწილი განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას?
უმეტესწილად, ეს იდეის ჩამოყალიბების ეტაპი და სამყაროში რაიმე ახლის შემოტანის პერსპექტივით გამოწვეული აღფრთოვანებაა — შემდეგ კი, როცა დასრულდება, ამის მიღწევით განცდილი კმაყოფილება. მუშაობის პროცესის გარკვეული ნაწილები სასიამოვნოა, მაგრამ ეს ხშირად ნამდვილი ამერიკული მთებივითაა და სავსეა გამოწვევებით!
როგორ მოქმედებს გარემო თქვენს შემოქმედებით პროცესზე? თუ არსებობს რაიმე კონკრეტული გარემო — მაგალითად, მუსიკა, სიჩუმე ან ბუნება — რომელიც შექმნის პროცესში ყველაზე მეტად გეხმარებათ?
სიჩუმეში მუშაობა სრულიად მაკმაყოფილებს, მაგრამ ზოგჯერ მუსიკას ან პოდკასტებსაც ვუსმენ. წლების განმავლობაში სიამოვნებით ვისმენდი იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი (NDE) გამოცადეს. ვფიქრობ, ეს ისტორიები ჩემს გონებას ყოველდღიურობას სწყვეტს და იმ სიურრეალისტურ სამყაროებში გადაჰყავს, რომლებიც სრულიად განსხვავებულ პერსპექტივას შთაგვაგონებს.
თქვენ მრავალ ცნობილ მოდის (და არა მხოლოდ) ბრენდთან და გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გითანამშრომლიათ. მედიცინაც შედის თქვენს სამომავლო გეგმებში?
წარმოების პროცესში დაწუნებული წამლის შეფუთვებისგან ფარმაცევტული კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ნამუშევარი შევუქმენი. ეს თეთრი ბლისტერები საკმაოდ კლინიკურ და მინიმალისტურ ტექსტურას ქმნიდა, მაგრამ ფონური განათების ჩართვისას კონკრეტული ბლისტერები ნათდებოდა და პორტრეტის გამოსახულებას აჩენდა. ამ ეტაპზე ნამდვილი წამლებით რაიმეს შექმნას არ ვგეგმავ, თუმცა ახალაშენებულ საავადმყოფოსთან ნამუშევრის განთავსების თაობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებ.
წარსულს რომ გადავხედოთ, როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში თქვენი სახელოვნებო მიდგომა?
საინტერესოა, რომ ამას მეკითხებით; სულ ახლახან ჩემს არქივს ვათვალიერებდი და ვნახე ჩემი ჩანახატების რვეულები, რომლებიც სკოლის პერიოდიდან ინახება, ანუ დაახლოებით 30 წელს ითვლის. შევამჩნიე, რომ ფუნდამენტურად ჩემი მიდგომა უცვლელი დარჩა. ყოველთვის მომწონდა სიღრმეებში ჩასვლა და რაიმე ახლისა და ღირებულის პოვნა გამოსაკვლევად. ახლაც ზუსტად იგივე ვარ — ყოველთვის მაინტერესებს საკუთარი საზღვრების გაფართოება და რაიმე სიახლის მოსინჯვა.
რომელი მიმართულებების ან იდეების გამოკვლევა გაინტერესებთ ყველაზე მეტად სამომავლოდ?
არსებობს არაერთი მიმართულება, რომლითაც ჩემი ტიულის ნამუშევრების განვითარება მსურს — ზოგიერთი იმ ხაზის გაგრძელება, რომლებიც უკვე ვახსენე, განსაკუთრებით კი ჩემი ახალი სერია „ინკარნაცია“ (Incarnation) და იდუმალ და ამოუხსნელ ფენომენებთან დაკავშირებული ახალი ნამუშევრები. ამისგან დამოუკიდებლად, მიმდინარეობს მრავალი პროექტი, რომლებიც გამოგონებისა და ინოვაციის კატეგორიაში ექცევა, მათ შორის საჯარო სკულპტურა, კოლაბორაცია 3D პრინტერით დაბეჭდილი ფეხსაცმლის ბრენდთან, რომელიც მალე ჩაეშვება გაყიდვაში, ტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც ამჟამად შექმნის პროცესშია, და ჩემი ორი ახალი სახელოვნებო სერიის, „Fold“-ისა და „Nexus“-ის უწყვეტი განვითარება, რომლებიც სულ ახლახან გამოვფინე სიდნეიში, ავსტრალიაში.
ავტორი: ირინა კალანდაძე
Benjamin Shine-ის ნამუშევარი John Galliano-ს მიერ შექმნილ კაბაზე.Maison Margiela / Spring-Summer 2017