თამარ მაღულარია
რეპროდუქციული საათი – დრო, რომელიც უხილავად მუშაობს
ესაუბრა ეკატერინე ვაზირი
რეპროდუქციული ჯანმრთელობა არ იწყება იმ დღეს, როცა შვილის გაჩენას გადაწყვეტ. ის ბევრად ადრე იწყება, ხშირად მაშინ, როცა ამაზე არც კი ვფიქრობთ. დრო ამ პროცესში უხილავი, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორია: ის არ გვეკითხება, არ ჩერდება და არ ელოდება ჩვენს მზადყოფნას.
თანამედროვე მედიცინა გვაძლევს შესაძლებლობას, მეტი ვიცოდეთ საკუთარ სხეულზე, დავგეგმოთ მომავალი და საჭიროების შემთხვევაში, გადავავადოთ დედობა. თუმცა რეალობა უფრო რთულია: ბიოლოგიური საათი ტექნოლოგიებზე სწრაფად მუშაობს.
რამდენად გვესმის საკუთარი რეპროდუქციული დროის მნიშვნელობა? როდის არის „ადრე“ და როდის ხდება „გვიანი“? და რატომ მოდის ბევრი პაციენტი ექიმთან უკვე მაშინ, როცა არჩევანი მნიშვნელოვნად შეზღუდულია?
ამ თემებზე ვესაუბრებით გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგს, პროფესორ თამარ მაღულარიას.
დავიწყოთ დროით, როდის უნდა დაიწყოს ადამიანმა რეპროდუქციული ჯანმრთელობაზე ზრუნვა?
რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ იწყება მაშინ, როცა ადამიანი თავად იწყებს ამაზე ფიქრს, ის იწყება ბევრად ადრე, ოჯახში.
პირველი პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება. ბავშვის დაბადებიდანვე მნიშვნელოვანია მისი ზოგადი ჯანმრთელობის დაცვა, სწორი განვითარება, ინფექციების პრევენცია, ჰორმონული და ფიზიკური განვითარების დაკვირვება.
შემდეგ, მოზარდობის პერიოდში, ეს ზრუნვა უნდა გადაიზარდოს ცნობიერების ამაღლებაში, განათლებაში და ჯანსაღ ჩვევებში. სწორედ ამ ასაკში ყალიბდება დამოკიდებულება საკუთარი სხეულის მიმართ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა არ იყოს ტაბუირებული. როცა მოზარდი სწორად და დროულად იღებს ინფორმაციას, მომავალში ის უფრო პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს იღებს საკუთარ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
ზრდასრულ ასაკში კი ეს უკვე პირადი პასუხისმგებლობა ხდება, რეგულარული კონსულტაციები, პროფილაქტიკური შემოწმებები და საკუთარი რეპროდუქციული რესურსის გაცნობიერება.
რეპროდუქციული ჯანმრთელობა არის უწყვეტი პროცესი, ბავშვობიდან ზრდასრულობამდე.
და რაც უფრო ადრე იწყება ზრუნვა, მით მეტი შესაძლებლობა გვაქვს, მომავალში თავიდან ავიცილოთ პრობლემები, რომელთა გამოსწორება მოგვიანებით ბევრად რთული ხდება.
როდესაც ვსაუბრობთ შვილოსნობაზე, რა მნიშვნელობა აქვს დროს?
დროს რეპროდუქციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ქალისთვის.
საშუალოდ, ქალს დაახლოებით 30–35 აქტიური წელი აქვს, როდესაც მისი რეპროდუქციული პოტენციალი მაქსიმალურად არის მობილიზებული. ამის შემდეგ კი ეს რესურსი ბუნებრივად იწურება.
ხშირად გვგონია, რომ დრო გვაქვს, მაგრამ რეალურად, ქალის საკვერცხის რეზერვი არ აღდგება და არ „იცდის“. ის თანდათან მცირდება, ზოგჯერ კი სრულიად შეუმჩნევლად.
მამაკაცებში ეს პროცესი შედარებით ნაკლებად მკვეთრია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ჯანმრთელი შთამომავლობისთვის ორივე პარტნიორის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
როდის დავიწყოთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონტროლი?
პრევენცია უნდა იწყებოდეს ადრე, პრაქტიკულად იმ ასაკიდან, როცა რეპროდუქციული სისტემა ფუნქციონირებას იწყებს.
საშუალოდ, რეპროდუქციული ასაკი 15-დან 49 წლამდე განისაზღვრება, თუმცა ეს მხოლოდ სტატისტიკური ჩარჩოა.
ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უკვე ვთქვი, რომ გოგონებს ადრეული ასაკიდან ჩამოუყალიბდეთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ პასუხისმგებლობა, თავდაპირველად მშობლების დახმარებით, შემდეგ კი დამოუკიდებლად.
რეპროდუქტოლოგთან ვიზიტი მხოლოდ პრობლემის არსებობას არ უნდა უკავშირდებოდეს, ის უნდა იყოს ინფორმაციის, პრევენციისა და საკუთარი სხეულის უკეთ გაგების ნაწილი.
რეპროდუქციულ მედიცინაში, რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები ყველაზე ხშირად?
ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის გადადება.
ადამიანი ყოველთვის იმედით ცხოვრობს და ხშირად ფიქრობს: „ამაზე მერე ვიზრუნებ“. მაგრამ რეალობა ისაა, რომ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში გადადებული გადაწყვეტილებები ხშირად გადამწყვეტ შედეგებზე აისახება.
ზოგჯერ წლები ისე გადის, რომ ადამიანი არც ერთხელ არ ამოწმებს საკუთარ რეპროდუქციულ მდგომარეობას და ექიმთან უკვე მაშინ მოდის, როცა დროის რესურსი მნიშვნელოვნად შემცირებულია.
თანამედროვე მედიცინა ნამდვილად გვაძლევს შესაძლებლობას, გარკვეულწილად გადავავადოთ დედობა, მაგალითად, კვერცხუჯრედის გაყინვით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომლებსაც მკურნალობამდე შეუძლიათ ბიოლოგიური მასალის შენახვა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილებები ინფორმირებულად მიიღებოდეს. ტექნოლოგიები შესაძლებლობაა, მაგრამ ისინი არ ანაცვლებენ ბუნებრივ ბიოლოგიურ პროცესებს სრულად.
რა არის უშვილობის ყველაზე ხშირი მიზეზები დღეს?
უშვილობის მიზეზები მრავალფეროვანია და ხშირად რამდენიმე ფაქტორის კომბინაციას წარმოადგენს.
ეს შეიძლება იყოს ინფექციური, ანატომიური, ჰორმონული, ანთებითი ან სხვა ტიპის პრობლემები როგორც ქალის, ისე მამაკაცის მხრიდან.
თანამედროვე მონაცემებით, შემთხვევების დაახლოებით მესამედი დაკავშირებულია ქალის ფაქტორთან, მესამედი მამაკაცთან, ხოლო დანარჩენში ორივე პარტნიორი ან გაურკვეველი მიზეზებია ჩართული. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ყველა ამ მიზეზს აერთიანებს, არის დრო. დაგვიანებული მიმართვა ხშირად ამცირებს მკურნალობის ეფექტურობას, სწორედ ამიტომ არის პრევენცია და დროული დიაგნოსტიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
როდესაც წყვილი იწყებს თანაცხოვრებას და სურს შვილი, რა დროის განმავლობაში არის ნორმალური ლოდინი და როდის უნდა მიმართონ ექიმს?
თუ წყვილი ცხოვრობს რეგულარული სქესობრივი ცხოვრებით და არ იყენებს კონტრაცეფციას, ორსულობა, როგორც წესი, ერთ წელიწადში უნდა დადგეს. ეს არის დროის ის მონაკვეთი, რომელსაც მედიცინა „ნორმალურ მოლოდინად“ მიიჩნევს. თუმცა აქაც ასაკი გადამწყვეტ როლს თამაშობს. თუ ქალი 35 წლამდეა, ექიმთან მიმართვა რეკომენდებულია 12 თვიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ. 35 წლის შემდეგ ეს ვადა მცირდება 6 თვემდე, რადგან ამ ასაკიდან რეპროდუქციული რესურსი უფრო სწრაფად იკლებს. არის შემთხვევები, როდესაც ლოდინი საერთოდ არ არის რეკომენდებული, მაგალითად, თუ ცნობილია ჰორმონული დარღვევები, არარეგულარული ციკლი, გადატანილი ოპერაციები ან ინფექციები. ასეთ დროს ექიმთან კონსულტაცია პროცესის დასაწყისშივეა მიზანშეწონილი.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთის გააზრება: ლოდინი ყოველთვის ნეიტრალური დრო არ არის, ხშირად ეს არის დრო, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. ამიტომ, ინფორმირებული გადაწყვეტილება და დროული რეაგირება მნიშვნელოვნად ზრდის წარმატების შანსს.
რა არის ყველაზე რთული თქვენს პრაქტიკაში?
ყველაზე რთული ის მომენტია, როცა პაციენტს უნდა უთხრა, რომ დრო უკვე გადამწყვეტ ფაქტორად იქცა და მისი რეპროდუქციული შესაძლებლობები დასასრულს უახლოვდება. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ემპათია, სწორი კომუნიკაცია და პაციენტის მომზადება რეალობისთვის. ხშირად ვცდილობ, ეს საუბარი მაქსიმალურად ადრე შედგეს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არსებობს არჩევანი და შესაძლებლობა.
კარიერა თუ შვილი – არსებობს ასეთი არჩევანი?
როგორც ექიმი, ვფიქრობ, რომ ეს არჩევანი ხშირად ხელოვნურად არის შექმნილი. ცხოვრებაში ბევრი მიზანი მიღწევადია, მაგრამ შვილის გაჩენა უნიკალური გამოცდილებაა, რომელსაც დროის კონკრეტული ჩარჩო აქვს.
რა არის რეპროდუტოლოგის მთავარი გზავნილი პირველი საჟურნალე ინტერვიუს ბოლოს ?
საპასპორტო ასაკი არ ნიშნავს რეპროდუქციულ შესაძლებლობას. ქალს აქვს გარკვეული დროის მონაკვეთი, როდესაც შეუძლია თავისი რეპროდუქციული პოტენციალის რეალიზება და ეს პერიოდი შეუცვლელია. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა არის – არ დაიგვიანოთ!