ალექსანდრე ბოჭორიშვილი
უროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
უშვილობის მიზეზი, რომელსაც ხშირად სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ
დღეს მსოფლიოში უშვილობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ის წყვილების დაახლოებით 15%-ში ფიქსირდება. ჩვენს რეალობაში, ხშირად, უსაფუძვლოდ, უფრო მეტად ქალს მიეწერება პასუხისმგებლობა, რაც მცდარი წარმოდგენაა, რადგან უშვილობის მიზეზები ორივე სქესში თანაბრად გვხვდება. სამწუხაროდ, ზოგჯერ თავად ჩვენც – ექიმები ვუშვებთ შეცდომას, როცა ყურადღებას მხოლოდ ლაბორატორიულ ანალიზებზე ვამახვილებთ და პაციენტის ანამნეზს სათანადოდ არ ვუღრმავდებით. წესისამებრ, წყვილი უშვილოდ ითვლება, თუ რეგულარული, დაუცველი სქესობრივი ცხოვრების პირობებში 1–1,5 წლის განმავლობაში არ დგება ორსულობა. აღნიშნული დებულება საჭიროებს წყვილთან ერთად სათანადო განმარტებას, რადგან პრაქტიკაში ეს პირობები ყოველთვის სრულად არ არის დაცული.
მამაკაცის ფაქტორის შეფასების მნიშვნელობა
არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ თუ მამაკაცის სპერმის ხარისხი დამაკმაყოფილებელია (მით უმეტეს მაშინ, როცა სპერმის ჩაბარებაც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული) და პასუხში ფიქსირდება ნორმოზოოსპერმია, მამაკაცის ფაქტორი ავტომატურად გამორიცხულად ითვლება, რაც ყოველთვის სწორი არ არის. სწორედ აქ იწყება პრობლემა. სპერმოგრამა წარმოადგენს მხოლოდ ერთჯერად სურათს და არ ასახავს სრულად მამაკაცის რეპროდუქციულ პოტენციალს.
ანდროლოგიური პრაქტიკაში მამაკაცის შეფასება უნდა იყოს კომპლექსური და მოიცავდეს ჰორმონული პროფილის განსაზღვრას (ტესტოსტერონი, LH, FSH, პროლაქტინი), სათესლე ჯირკვლების ულტრაბგერით კვლევას და სპერმატოგენეზის მარეგულირებელი მექანიზმების ანალიზს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფუნქციური და ორგანული მიზეზების დიფერენცირება, რადგან მართვის ტაქტიკა სწორედ ამაზეა დამოკიდებული.
სპერმის ხარისხი და რეალური ფერტილობა
კლინიკურ პრაქტიკაში ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც ნორმოზოოსპერმიის მიუხედავად, ფერტილობა მაინც შემცირებულია. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სპერმატოზოიდების ფუნქციურ დეფექტებს, მათ შორის დნმ-ის ფრაგმენტაციას, მოძრაობის ხარისხის სუბკლინიკურ დარღვევებს ან ეაკულაციის მექანიზმის შეფერხებას. შესაბამისად, მხოლოდ სტანდარტული სპერმოგრამა ყოველთვის ვერ ასახავს რეალურ რეპროდუქციულ პოტენციალს.
ანამნეზი და სქესობრივი ცხოვრების რეალური სურათი
ხშირად, სამწუხაროდ, საერთოდ არ ისმის კითხვა, რა სიხშირით მიმდინარეობს სქესობრივი ცხოვრება, ან საერთოდ აქვს თუ არა მას ადგილი. დღევანდელ სტრესულ გარემოში, მამაკაცებში ერექციული დისფუნქცია გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე ოდესმე ყოფილა – რეპროდუქციული ასაკის მამაკაცებში ის დაახლოებით 20%-ს აღწევს. მიზეზები მრავალფეროვანია: ქრონიკული სტრესი, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვადასხვა დაავადება, რომლებიც თან სდევს სქესობრივ დისფუნქციას.
კლინიკურ პრაქტიკაში არაერთხელ გვხვდება შემთხვევები, როდესაც ტექნიკურად „ნორმალური“ სპერმოგრამის ფონზე, ფაქტობრივად არ არსებობს საკმარისი სქესობრივი აქტები, რაც ბუნებრივად ამცირებს კონცეფციის ალბათობას. სწორედ ამიტომ, დეტალური ანამნეზი და წყვილის სქესობრივი ცხოვრების ობიექტური შეფასება დიაგნოსტიკის აუცილებელი ნაწილია.
ერექციული დისფუნქცია და ჰორმონული დისბალანსი
ამ ეტაპზე გამოვყოფდი ორ ძირითად მიზეზს: ერთი გამოიხატება ლიბიდოს დაქვეითებაში, ხოლო მეორე უკავშირდება არასაკმარის ერექციას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი სქესობრივი აქტის განხორციელებას.
ლიბიდოს დაქვეითება უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია სხვადასხვა ჰორმონის დონის შემცირებასთან, განსაკუთრებით ანდროგენული სტატუსის ცვლილებასთან, რაც სქესობრივი ლტოლვის შესუსტებას იწვევს. ასეთ სიტუაციაში ქალს, შესაძლოა გაუჩნდეს განცდა, რომ მამაკაცს მის მიმართ ინტერესი დაეკარგა, აღარ უყვარს, ან სხვა პარტნიორი გაიჩინა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც წყვილს შორის იწყება ემოციური გაუცხოება. სამწუხაროდ, პრობლემის მიზეზების ერთობლივად გააზრებისა და მოგვარების მცდელობის ნაცვლად, ხშირად პირიქით ხდება ანუ ურთიერთობაში არსებული უფსკრული კიდევ უფრო ღრმავდება.
ასევე არსებობს მეორე პრობლემა, როდესაც მამაკაცს უჭირს ერექციის მიღწევა, მისი შენარჩუნება ან ეაკულაციის დადგომა. ასეთ შემთხვევაში ლიბიდოს დაქვეითება შესაძლოა საერთოდ არ იყოს პრობლემა, თუმცა მამაკაცი ხშირად განიცდის ძლიერ სტრესს. მას უჩნდება წარუმატებლობის მოლოდინი, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერექციული დისფუნქცია ხშირად მხოლოდ ლოკალური პრობლემა არ არის და შესაძლოა ასოცირებული იყოს ენდოთელური დისფუნქციით, კარდიოვასკულურ რისკებთან და მეტაბოლურ სინდრომთან. შესაბამისად, მისი შეფასება უნდა განიხილებოდეს როგორც რეპროდუქციული, ასევე ზოგადი ჯანმრთელობის კონტექსტში. თუ ეს პრობლემა დროულად არ იქნება დიაგნოსტირებული და სათანადოდ ნამკურნალები, შესაძლოა ის უფრო რთულ და ზოგ შემთხვევაში ხანგრძლივ, ძნელად შექცევად მდგომარეობაშიც გადაიზარდოს.
უროლოგიურის რეკომენდაცია
მნიშვნელოვანია, რომ უშვილობის შეფასებისას გათვალისწინებული იყოს ისეთი უროლოგიური ფაქტორებიც, როგორიცაა ვარციკოცელე, ქრონიკული პროსტატიტი, უროგენიტალური ინფექციები და მეტაბოლური დარღვევები. ასევე საყურადღებოა ქრონიკული ანთებითი პროცესები, რომლებიც შესაძლოა მიმდინარეობდეს სუბკლინიკურად, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს როგორც სპერმის ხარისხზე, ასევე სქესობრივ ფუნქციაზე. შესაბამისად, დიაგნოსტიკა უნდა მოიცავდეს როგორც ლაბორატორიულ, ასევე ინსტრუმენტულ კვლევებს და ინდივიდუალურად მორგებულ მკურნალობის გეგმას.
მთავარია, წყვილებმა ერთმანეთთან ღიად ისაუბრონ და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ მკურნალ ექიმებს, რათა პრობლემა დროულად იქნეს გამოვლენილი და შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ დაიწყოს.