ANDREA GENAZZANI
40 წელი, რომელმაც გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია შეცვალა
ესაუბრა ეკა ნონიაშვილი
წლის ყველაზე მასშტაბური და დარგის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიების – გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISGE) 40 წლის საიუბილეო ფორუმი რომში შთამბეჭდავი სამეცნიერო მიღწევებით აღინიშნა. საზოგადოების 40-წლიანი ისტორია ერთ კონკრეტულ სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, პროფესორი ანდრეა ჯენაზანი, სწორედ ის იყო ინიციატორი და იმ მცირე ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც 1986 წელს გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება დააფუძნა და წლების განმავლობაში პრეზიდენტის როლში განსაზღვრავდა დარგის განვითარების მიმართულებას.
პროფესორი ჯენაზანი დღეს, უკვე 80 წელს გადაცილებული, დარგს ძველებურად ემსახურება როგორც ISGE-ს აღმასრულებელი დირექტორი და გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის ერთ–ერთი მთავარი იდეის „ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არა ფრაგმენტულად, არამედ უწყვეტად და მთლიანობაში“ – ავტორი.
კონგრესის ფარგლებში ჩვენ ვესაუბრეთ პროფესორ ანდრეა ჯენაზანის, გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას, რომელმაც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიამბო, როგორ იქცა ეს დისციპლინა მნიშვნელოვან მიმართულებად თანამედროვე მედიცინაში და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს.

როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიაში და როგორ ჩამოყალიბდა ეს დარგი კარიერის განმავლობაში?
ჩემი პროფესიული გზა ძალიან ხანგრძლივია და მთლიანად დაკავშირებულია რეპროდუქციულ ენდოკრინოლოგიასთან, კვლევებთან, საერთაშორისო კონგრესებთან და სამეცნიერო პუბლიკაციებთან. სამეანო გინეკოლოგით დავიწყე, როგორც პრაქტიკოს ექიმს, სულ მქონდა განცდა, რომ გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია სათანადოდ არ იყო დაფასებული. ზოგადი ენდოკრინოლოგია უფრო სხვა მიმართულებებზე იყო ორიენტირებული, მაშინ როცა ქალის ორგანიზმი სრულიად განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს.
ამ იდეის ირგვლივ გავერთიანდით რამდენიმე თანამოაზრე, ჩვენი მიზანი იყო, ერთი მხრივ, გინეკოლოგებისთვის გაგვეძლიერებინა ენდოკრინოლოგიური ცოდნა, ხოლო მეორე მხრივ, შეგვექმნა ახალი მკურნალობის მეთოდები, რომლებიც ქალის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იქნებოდა მნიშვნელოვანი. ეს ეხება მენსტრუალურ ციკლს, ორსულობას, ჰორმონულ დარღვევებს და განსაკუთრებით მენოპაუზას, რომელიც დღეს უკვე ქალის ცხოვრების ძალიან დიდ პერიოდს მოიცავს.
თქვენ მნიშვნელოვან როლს თამაშობთ ამ დარგის განვითარებაში. რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ მიღწევად?
ამაზე ალბათ სხვებმა უნდა ისაუბრონ, ექვსი ათეული წელია დარგს ვემსახურები, ვარ ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი, ასევე გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISGE) აღმასრულებელი დირექტორი და ევროპის გინეკოლოგთა საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი, თუმცა მე ერთ მთავარ მიღწევას გამოვყოფდი – ჩემი კვლევები მენოპაუზის ჰორმონულ თერაპიასთან დაკავშირებით.
დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მცდარი წარმოდგენა, რომ ჰორმონული თერაპია ზრდის სარძევე ჯირკვლის კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ეს დასკვნა ეფუძნებოდა ცნობილ ამერიკულ კვლევას – Women’s Health Initiative.
მე ამ პოზიციას არ დავეთანხმე. ჩემი შეფასებით, კვლევის დიზაინი და გამოყენებული პრეპარატები არასწორი იყო. ევროპაში ვიყენებდით სხვა ტიპის ჰორმონებს, უფრო ბუნებრივს, ფიზიოლოგიურს და მსგავსი რისკები არ ფიქსირდებოდა.
ბევრი ვიმუშავეთ ამ თემაზე და დღეს უკვე დადასტურებულია, რომ სწორად შერჩეული ჰორმონული თერაპია არა მხოლოდ უსაფრთხოა, არამედ მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს ქალის ჯანმრთელობაზე, ძვალსახსროვან, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ფსიქიკურ მდგომარეობასა და ზოგადად, ცხოვრების ხარისხზე.
თქვენ ბრძანდებით გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISGE) ერთ–ერთი დამფუძნებელიც და პირველი პრეზიდენტიც, როგორ განვითარდა საზოგადოება ბოლო 40 წლის განმავლობაში?
ჩვენი გუნდი მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაძლიერდა. დღეს ის ერთ-ერთი ავტორიტეტული პლატფორმაა ამ დარგში. ჩვენ გვაქვს მაღალი სამეცნიერო სტანდარტის ჟურნალი, საერთაშორისო კონგრესები, ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამები, ვებინარები. შევქმენით საერთაშორისო სკოლაც, რომელიც ახალგაზრდა ექიმებს ამზადებს.
ბოლო კონგრესზე, რომელიც რომში ჩატარდა, 3000-ზე მეტი მონაწილე გვყავდა. ეს უდიდესი წარმატებაა. მათ შორის იყო საქართველოდან სიმპოზიუმის სახით წარმოდგენილი ერთადერთი ქართული კლინიკა GGRC ნინო მუსერიძის და გიორგი არჩვაძის ხელმძღვანელობით. აუცილებლად უნდა ვთქვა ამ კლინიკის შესახებ, ეს არის ძალიან წარმატებული მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი შედარებით ახლახან შეიქმნა, მან უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.
მისი ხელმძღვანელები აერთიანებენ როგორც სამეცნიერო, ისე მენეჯერულ კომპეტენციას, რაც ასეთი ცენტრის განვითარებისთვის გადამწყვეტია.

როგორ შეაფასებთ საქართველოს ადგილს მსოფლიო მედიცინაში?
საქართველო ძალიან საინტერესო და სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა ამ მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აქ მუშაობენ ძლიერად მოტივირებული ექიმები და აქტიური სამეცნიერო ჯგუფები.
ამ კონტექსტში განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს პროფესორ არჩილ ხომასურიძის როლი, რომელიც საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია საქართველოდან. ის გახლავთ ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის წევრი, ორგანიზაციის, რომელიც მხოლოდ 50 წამყვან მეცნიერს აერთიანებს მსოფლიოში.
მისი საქმიანობა და გუნდი მნიშვნელოვანი ხიდია საქართველოსა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეს შორის. სწორედ ასეთი ფიგურები აძლიერებენ ქვეყნის პოზიციას გლობალურ რუკაზე და ქმნიან საფუძველს, რომ საქართველო აქტიურად იყოს ჩართული თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინის განვითარებაში.
თქვენი შეფასებით, რა განსაზღვრავს ამ სფეროს – გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის მომავალს?
თუ მომავალზე ვსაუბრობთ, დღეს უკვე ძალიან მკაფიო მიმართულებები გვაქვს. ერთ-ერთი მთავარი არის ბუნებრივ ჰორმონებზე გადასვლა, როგორც კონტრაცეფციაში, ისე ჰორმონულ თერაპიაში. წლების განმავლობაში გამოყენებული სინთეზური ფორმულები ხშირად არ იმეორებს იმ ბიოლოგიურ გზებს, რომლითაც ორგანიზმი თავად მუშაობს. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ ფიზიოლოგიას – იმ მოდელს, რომელსაც ბუნება თავად გვთავაზობს.
მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება არის მენოპაუზის სრულიად ახალი გაგება. დღეს ჩვენ აღარ ვუყურებთ მას მხოლოდ როგორც სიმპტომების მართვის პერიოდს. ეს არის ხანგრძლივი ფაზა ქალის ცხოვრებაში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ძვლების სიმტკიცეს, მეტაბოლიზმსა და ფსიქოემოციურ მდგომარეობას. ჰორმონული თერაპია, სწორად შერჩეული ფორმითა და ინდივიდუალური მიდგომით, შეიძლება გახდეს არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი.
ასევე მნიშვნელოვანია პერსონალიზებული მედიცინის როლი. ერთი და იგივე თერაპია ყველა პაციენტისთვის არ მუშაობს ერთნაირად. თითოეული ქალი განსხვავებულია, მისი ჰორმონული პროფილი, რისკები, ცხოვრების სტილი. მომავალში კიდევ უფრო დიდი აქცენტი გაკეთდება ინდივიდუალურ მიდგომაზე, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება არა პროტოკოლით, არამედ კონკრეტული პაციენტის საჭიროებებით.
და ბოლოს, მთავარი, რაც არ უნდა დავკარგოთ ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, არის ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა. მედიცინა არ არის მხოლოდ პრეპარატები და ალგორითმები. ის არის ნდობა, კომუნიკაცია და ადამიანის გაგება. თუ ამას შევინარჩუნებთ, მაშინ ყველა ინოვაცია რეალურად იმუშავებს ადამიანის ჯანმრთელობის სასარგებლოდ.
გასულ წელს თქვენ მონაწილეობა მიიღეთ საქართველოში ჩატარებულ სიმპოზიუმში. როგორ შეაფასებთ ამ გამოცდილებას?
ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ღონისძიება. სიმპოზიუმი გაიმართა პროფესორ არჩილ ხომასურიძის და ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დამფუძნებლის, პროფესორ ნინო მუსერიძის ძალისხმევითა და ორგანიზებით, საქართველომ მაღალი დონის სამეცნიერო პროგრამა წარმოადგინა. მასში მონაწილეობდნენ ექიმები არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი კავკასიის რეგიონიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ევროპიდან, ამერიკიდან.
ეს აჩვენებს, რომ საქართველო უკვე იქცა რეგიონულ სამეცნიერო ჰაბად, სადაც შესაძლებელია ცოდნის გაცვლა, თანამშრომლობა და ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება.
პირადად ჩემთვის ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი გამოცდილება, როგორც პროფესიული, ასევე კულტურული თვალსაზრისით.

რას ურჩევდით ახალგაზრდა ექიმებს, განსაკუთრებით საქართველოს მსგავს ქვეყნებში?
პირველ რიგში, იყვნენ სერიოზულები საკუთარი პროფესიის მიმართ. მედიცინა არ არის მხოლოდ ცოდნა, ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც არასოდეს სრულდება. უნდა სწავლობდნენ ყოველდღე, ეძებდნენ პასუხებს.
მნიშვნელოვანია ისწავლონ პაციენტის მოსმენა. თითოეული პაციენტი ინდივიდუალურია და ერთი და იგივე დაავადება სხვადასხვა ადამიანში სრულიად განსხვავებულად ვლინდება. ექიმმა უნდა შეძლოს არა მხოლოდ დიაგნოზის დასმა, არამედ ადამიანის გაგება, მისი შიშების, მოლოდინებისა და რეალური საჭიროებების. ზოგჯერ სიტყვას, დამოკიდებულებას, მხარდაჭერას ისეთივე ძალა აქვს, როგორც მედიკამენტს. პაციენტს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მარტო არ არის.
და ბოლოს, ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში – გაურკვევლობა, შიში, ომები… ასეთ დროს ექიმის როლი კიდევ უფრო იზრდება. ექიმი უნდა იყოს არა მხოლოდ პროფესიონალი, არამედ საყრდენი; ადამიანი, რომელსაც ენდობიან, რომელიც ამშვიდებს და გზას აჩვენებს.
თუ ახალგაზრდა ექიმი შეძლებს პაციენტს მოეპყროს ცოდნით, პასუხისმგებლობით და სიყვარულით, მაშინ ის ნამდვილად დაიმკვიდრებს ადგილს არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ ადამიანების ცხოვრებაში.