Dr. MARCOS HORTON
President of International Federation of Fertility Societies (IFFS)
სიცოცხლის შექმნის მომავალი, რეპროდუქციული მედიცინა და თანამედროვე გამოწვევები
ესაუბრა ქეთია ბელქანია
იყო დრო, როდესაც სიცოცხლე საიდუმლოებით მოცული, აუხსნელი სასწაულით იწყებოდა. დღეს კი, ძალიან ხშირად, ის ლაბორატორიაში, მიკროსკოპის ქვეშ და უმნიშვნელოვანესი სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღების შედეგად იბადება. რეპროდუქცია — პროცესი, რომელიც ოდესღაც ინტიმური, ინსტინქტური და გარდაუვალი იყო, ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ტექნოლოგიურად მართვად, ეთიკურად კომპლექსურ და პოლიტიკურად დატვირთულ სფეროდ იქცა. ამ გლობალური ტრანსფორმაციის ეპიცენტრში არა მხოლოდ ექიმები, არამედ ახალი შესაძლებლობების არქიტექტორები დგანან.
საერთაშორისო ფერტილობის საზოგადოებების ფედერაციის (International Federation of Fertility Societies – IFFS) პრეზიდენტი, მარკოს ჰორტონი (Marcos Horton), ზუსტად იმ გზაჯვარედინზე იმყოფება, სადაც მეცნიერება, საზოგადოებრივი ნორმები და თავად კაცობრიობის მომავალი იკვეთება.
ეს არ არის მხოლოდ საუბარი შვილების ყოლაზე. ეს არის ღრმა და მრავლისმომცველი დიალოგი იმაზე, თუ ვის აქვს სიცოცხლის შექმნის შესაძლებლობა, რა პირობებში ხდება ეს, როგორ ცვლის თანამედროვე ცხოვრების წესი ჩვენს ბიოლოგიას და სად გადის ეთიკური ზღვარი განკურნებასა და სიცოცხლის „დიზაინს“ შორის.
ჩვენ დღეს ყველაფერს სამომავლოდ ვდებთ — ურთიერთობებს, შვილებს. ხომ არ გამოდის ისე, რომ თანამედროვე ცხოვრების წესი ჩუმად, მაგრამ მიზანმიმართულად მუშაობს ჩვენივე ბიოლოგიის წინააღმდეგ?
სავსებით გეთანხმებით. კარიერისა და პროფესიული განვითარების გარდა, დღეს ყველაფერს ვაგვიანებთ. 1960-იანი და 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ქალების ჩართულობა სამუშაო ძალაში მკვეთრად გაიზარდა, რაც თავისთავად უაღრესად პოზიტიური მოვლენაა. თუმცა, მეორე მხრივ, შვილოსნობის ასაკის გადავადება დღეს უნაყოფობის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად იქცა. ჩვენ რეპროდუქციული ფანჯრის აშკარა გადანაცვლების მოწმენი ვართ. ბიოლოგიურად შვილის გასაჩენად იდეალური პერიოდი 20-დან 30 წლამდეა. დღეს კი ქალებში ამ მაჩვენებელმა 35-დან 40 წლამდე გადაიწია. სწორედ ასაკის მატებასთან დაკავშირებული ფერტილობის დაქვეითება წარმოადგენს უნაყოფობის საკვანძო განმაპირობებელ ფაქტორს.
მართალია, ფერტილობის კლება მამაკაცებშიც შეინიშნება, მაგრამ ქალების შემთხვევაში ასაკობრივი ეფექტი გაცილებით რადიკალურია. მამაკაცს შეუძლია, სპერმატოზოიდების გამომუშავება ხანდაზმულ ასაკშიც გააგრძელოს, ამიტომ მათთან რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითების პროცესი ბევრად თანდათანობითია.
ასაკის გადანაცვლებამ წარმოშვა მოვლენა, რასაც დღეს „ფერტილობის ნაპრალს“ ვუწოდებთ. საუბარია სხვაობაზე ბავშვების იმ სასურველ რაოდენობას, რომელიც წყვილს უნდა და იმ რეალურ რაოდენობას შორის, რომლის გაჩენასაც ისინი საბოლოოდ ახერხებენ. თუ შვილის ყოლას 36 ან 38 წლის ასაკში იწყებთ, ბუნებრივია, ნაკლები შვილი გეყოლებათ. 38 წლის ასაკში პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, 40 წლის ასაკში კლინიკაში დაბრუნებისას, დაორსულების შანსები გაცილებით დაბალია, 42-43 წლისთვის კი — თითქმის მინიმალური. მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპს დაგვიანებით ვიწყებთ.

რა არის ის ერთი თანამედროვე ცხოვრებისეული ჩვევა ან ფაქტორი, რომელიც დღეს ყველაზე მეტად და შეუმჩნევლად აზიანებს ჩვენს ფერტილობას?
ძალიან საინტერესო შეკითხვაა, რადგან დანამდვილებით ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა კარგად ვართ ინფორმირებული ისეთი კლასიკური მავნე ფაქტორების შესახებ, როგორებიცაა თამბაქოსა და ალკოჰოლის ხშირი მოხმარება. ასევე, არსებობს მონაცემები კანაფის უარყოფით გავლენაზე, განსაკუთრებით მამაკაცის ფერტილობის კუთხით.
ყველაზე საყურადღებო მაინც გარემოს დამაბინძურებლები, ქიმიკატები და პესტიციდებია. დღესდღეობით უდიდესი შეშფოთების საგანს პლასტმასა, კერძოდ კი, მიკრო და ნანოპლასტმასი წარმოადგენს. მისი ნაწილაკები ადამიანის სხეულის პრაქტიკულად ნებისმიერ ქსოვილში, მათ შორის ტვინშიც მოიძებნება. რაც ყველაზე საგანგაშოა ჩვენი სფეროსთვის, პლასტმასა ფოლიკულურ სითხეშიც აღმოაჩინეს. როდესაც რეპროდუქციული მკურნალობისთვის კვერცხუჯრედებს ვიღებთ, ზოგიერთი კვლევა ნანოპლასტმასის არსებობას ადასტურებს სწორედ იმ გარემოში, სადაც კვერცხუჯრედი ვითარდება. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები გარკვეულ სურათს გვიჩვენებს, მაგრამ ადამიანებზე გარემოს დამაბინძურებლების გრძელვადიანი ეფექტის სრულად დემონსტრირება ჯერ კიდევ რთულია. მიუხედავად ამისა, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ფერტილობაზე პირდაპირ აისახება.
გჯერათ თუ არა, რომ ბიოლოგია კვლავ უფრო მეტად განაპირობებს ჩვენს სასიყვარულო ისტორიებს, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ?
დიახ, ჩემი ღრმა რწმენით, სიყვარულისა და მიჯაჭვულობის მთავარ მამოძრავებელ ძალად კვლავ ბიოლოგია რჩება, რაც ფუნდამენტური მოცემულობაა. თუმცა თანამედროვე ცხოვრების სტილმა ჩვენს ბიოლოგიაში ერთგვარი „დამაბინძურებლები“ შემოიტანა. მხედველობაში მაქვს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა სოციალური ქსელები, კარიერული მიზნები, პერსონალური არჩევანის სიმრავლე და შფოთვითი აშლილობები. დღეს ისინი ბევრად მკვეთრადაა გამოხატული, ვიდრე, ვთქვათ, 40 ან 50 წლის წინ. შესაბამისად, მართალია პროცესებს ისევ ბიოლოგია მართავს, მაგრამ უკვე გარე ფაქტორების უზარმაზარი წნეხის ფონზე.
ფერტილობის მკურნალობა ხშირად საკმაოდ ძვირია. ასეთ პირობებში, რამდენად შეიძლება მშობლობა მაღალი კლასის პრივილეგიად მივიჩნიოთ?
ეს თემა მუდმივი დისკუსიის საგანია. ზოგადად, სამედიცინო ინტერვენციები იაფი არასდროსაა. ჩვენ იშვიათად ვსვამთ კითხვას, თუ რა ჯდება ონკოლოგიური მკურნალობა ან რთული კარდიოლოგიური ოპერაცია, მაგრამ ფერტილობის მკურნალობის მაღალ ფასზე გამუდმებით ვსაუბრობთ. სინამდვილეში, ის სხვა სამედიცინო პროცედურებზე ძვირი სულაც არ არის. მთავარ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ მიმართულებით სადაზღვევო დაფინანსება არ არსებობს.
ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მარტივი ჭეშმარიტება დავუმტკიცოთ: უნაყოფობა დაავადებაა. მას უამრავი სხვადასხვა დაავადება იწვევს, რასაც ასაკობრივი ფაქტორიც ემატება. აქედან გამომდინარე, ფერტილობის მკურნალობა დღეს სამედიცინო პრიორიტეტად უნდა იქცეს. ეს მზარდი გლობალური პრობლემაა და აუცილებლად უნდა ფინანსდებოდეს სოციალური დაცვის სისტემებისა თუ სადაზღვევო კომპანიების მიერ. საზოგადოების შეშფოთება სიძვირის გამო სწორედ იმით არის განპირობებული, რომ პაციენტებს ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან უწევთ.
ვქმნით თუ არა დღეს ფერტილობის, სრულყოფილი სხეულების, იდეალური ორსულობებისა და „სრულყოფილი ბავშვების“ არარეალურ სურათს?
ვფიქრობ, მსგავსი ნარატივი უფრო მედიის დამსახურებაა, ვიდრე სამედიცინო საზოგადოების. ექიმები „სრულყოფილ ბავშვებზე“ არ ვსაუბრობთ. პირველი ინ ვიტრო (IVF) ბავშვის დაბადების შემდეგაც კი, ეთიკური დისკუსიის მთავარი საგანი ეს არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ზოგიერთ სამედიცინო ჩარევას თან ახლავს გარკვეული ეთიკური კითხვები, მაგრამ ჩვენი მიზანი სრულყოფილი სხეულების ან იდეალური ორსულობების შექმნა არ არის. ჩვენ უბრალოდ ჯანმრთელი ბავშვების დაბადება გვსურს. მედიცინას შეუძლია, ხელი შეუწყოს რისკ-ფაქტორების ან გენეტიკური დაავადებების პრევენციას, თუმცა „სრულყოფილი ბავშვის“ შექმნა მეცნიერების მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენს. ამასთან, თავად ტერმინი „სრულყოფილი“ იმდენად პირობითია, რომ მისი ზუსტად განმარტებაც კი შეუძლებელია.
თქვენი აზრით, ტექნოლოგიები აძლიერებს ადამიანებს, თუ უფრო მეტად ზრდის მათ შფოთვას რეპროდუქციის მიმართ?
ტექნოლოგიები ინფორმაციაზე შეუზღუდავ წვდომას უზრუნველყოფს, რასაც უდიდეს უპირატესობასთან ერთად, რისკებიც მოაქვს და ერთგვარ ორლესულ მახვილს ჰგავს. იმისათვის, რომ პაციენტმა თავიდან აირიდოს ზედმეტი შფოთვა, ამ უზარმაზარი ინფორმაციის გადასამუშავებლად სათანადო გზამკვლევი სჭირდება. სწორედ აქ იკვეთება ექიმის როლი. დღეს თავს ვეღარ მოვიკატუნებთ, თითქოს პაციენტი ინფორმირებული არ არის — მათ შეუძლიათ მოიძიონ ნებისმიერი დეტალი, გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი, მაგალითად ChatGPT. ის, რომ პაციენტები ამას აკეთებენ, ძალიანაც კარგია. თუმცა მათ ხშირად არ აქვთ მიღებული მონაცემების სწორად გაანალიზების უნარი და ინსტრუმენტები. ამიტომ აუცილებელია სწორი კომუნიკაცია და სამედიცინო პერსონალის მხრიდან, მათ შორის სოციალურ მედიაში, გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება.

ერთი სიტყვა, რომელსაც ფერტილობის მომავალთან აკავშირებთ?
ინოვაცია. ფერტილობის სფერო მუდმივად ინოვაციებსა და კვლევებს ეფუძნებოდა. ბოლო 50 წლის განმავლობაში რეპროდუქციული მედიცინის რევოლუცია სწორედ ამ საყრდენზე იდგა: ჯერ იყო ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF), შემდგომ სპერმატოზოიდის ინტრაციტოპლაზმური ინიექცია (ICSI), ახლა კი გენეტიკამ დაიმკვიდრა წამყვანი ადგილი რეპროდუქციაში.
არსებობს თუ არა იმის რისკი, რომ სიცოცხლის „გაუმჯობესებისკენ“ სწრაფვაში დავკარგოთ მისი სპონტანურობა?
უდავოა, რომ უნაყოფობის მკურნალობის პროცესი სპონტანურობას სრულად გამორიცხავს. თუმცა ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ სიცოცხლე „სრულვყოთ“. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი დაავადებების რისკის შემცირებაა. ორსულობის მიღწევის პარალელურად, რეპროდუქციული მედიცინის მთავარი ამოცანა სწორედ მემკვიდრეობითი და სხვა პათოლოგიების თავიდან აცილებაა. უნაყოფობის მკურნალობის გზის გავლა წყვილისთვის ყოველთვის სერიოზული გამოწვევაა და ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ პროცესის არაბუნებრივობითა და სპონტანურობის ნაკლებობითაა განპირობებული.
თქვენ ხელმძღვანელობთ IFFS-ს, ნამდვილად გლობალურ ორგანიზაციას. რა არის დღეს რეპროდუქციულ ზრუნვაში ის ყველაზე მტკივნეული უთანასწორობა, რომელზეც სამყარო კვლავ თვალს ხუჭავს?
პირველ რიგში, ეს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობაა. ევროპაში, მაგალითად, მკურნალობის დაფინანსების მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, თუმცა ადგილობრივი რეგულაციების გამო ხშირად ვაწყდებით ტრანსსასაზღვრო რეპროდუქციული ტურიზმის ფენომენს (მაგალითად, თუ ერთ ქვეყანაში სუროგაცია ან დონაცია აკრძალულია, პაციენტი სხვა ქვეყანაში მიემგზავრება). მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი უთანასწორობა ისაა, რომ მსოფლიოს ბევრ რეგიონში — აფრიკასა თუ ლათინურ ამერიკაში, ზოგჯერ კი შეერთებული შტატების ცალკეულ ნაწილებშიც — ადამიანებს უნაყოფობის საბაზისო დიაგნოსტიკაზეც არ მიუწვდებათ ხელი. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ამ ხელმისაწვდომობაში გლობალური თანასწორობის მიღწევაა.
დგას თუ არა ფერტილობის მომავალი იმ საფრთხის წინაშე, რომ ის უნივერსალური უფლების ნაცვლად, გეოგრაფიისა და სიმდიდრის პრივილეგიად დარჩეს?
დღესდღეობით ის მართლაც რჩება გეოგრაფიულ პრივილეგიად, თუმცა ჩვენი მისია სწორედ ამ მოცემულობის შეცვლაა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პარტნიორი, გამუდმებით ვლობირებთ ამ საკითხს და ვცდილობთ ცნობიერების ამაღლებას იმ რეგიონებისთვის, სადაც წვდომა მკვეთრად შეზღუდულია.
ჩვენ შევდივართ ეპოქაში, სადაც შესაძლებელია ემბრიონების ანალიზი, შერჩევა და ოპტიმიზაციაც კი. პირადად თქვენ, სად ავლებთ ეთიკურ ზღვარს განკურნებასა და სიცოცხლის „დიზაინს“ შორის?
ეს საკმაოდ დინამიკური პროცესია. წარსულში მსგავსი წითელი ხაზი კლონირებაზე გავავლეთ — მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებში და ზოგადად ვეტერინარიაში ეს აქტიურად ხორციელდება, ადამიანებში კლონირებას მეცნიერული და ეთიკური გამართლება არ აქვს. დღესდღეობით მთავარ სადისკუსიო თემას პოლიგენური რისკების შეფასება წარმოადგენს. პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება (PGT) ამოწმებს ემბრიონის ქრომოსომებს, თუმცა უკვე შესაძლებელია გენების შემოწმება ისეთ დაავადებებზეც, რომლებიც ზრდასრულ ასაკში ვლინდება (მაგალითად, სიმსივნე ან დიაბეტი). აღნიშნული თემა ძალზე საკამათოა — რამდენად გვაქვს უფლება, მომავალი დაავადების ჰიპოთეტური რისკის გამო მივიღოთ გადაწყვეტილება ემბრიონზე, რომელიც ჯერ არც კი დაბადებულა? ეს დღევანდელ მეცნიერებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ეთიკური დილემაა.

მივდივართ თუ არა სამყაროსკენ, სადაც რეპროდუქცია ნაკლებად „ბუნებრივი“ და უფრო „კურირებადი“ ხდება? უნდა გვაშფოთებდეს ეს?
რა თქმა უნდა, პროცესი სულ უფრო ნაკლებად ბუნებრივი და მეტად მართვადი ხდება. თუმცა მეცნიერული სამყარო, 1978 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის იჩენდა მაქსიმალურ სიფრთხილესა და გონიერებას. ფოკუსი უცვლელად კეთდებოდა დაავადებების მკურნალობასა და გენეტიკური ანომალიების პრევენციაზე და არა უბრალოდ პროცესის ხელოვნურ მანიპულაციაზე.
როგორ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი (AI) გადაწყვეტილების მიღების პროცესს ინ ვიტრო განაყოფიერებისას? მზად ვართ, ადამიანის სიცოცხლის პირველი წამები მანქანებს მივანდოთ?
ხელოვნური ინტელექტი უდავოდ გამორჩეული ინოვაციაა. უკვე აშკარად ვხედავთ მანქანური სწავლების უპირატესობებს ინკუბატორებში, სადაც ადამიანის სიცოცხლის ყველაზე ადრეული ეტაპი ვითარდება. პროგრამული უზრუნველყოფა ბიოლოგებს ემბრიონების შერჩევაში ეხმარება; მას შეუძლია განვითარების ისეთი ნიუანსების დაფიქსირება და გაანალიზება ადამიანურზე გაცილებით სწრაფი ტემპით, რისი დანახვაც შეუიარაღებელი თვალით უბრალოდ წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია, დარწმუნებული ვარ, AI ბევრად მეტი სარგებლის მომტანი იქნება, ვიდრე პრობლემის.
ათწლეულების განმავლობაში, ფერტილობა განიხილებოდა როგორც ექსკლუზიურად „ქალის პრობლემა“. რა არის ყველაზე გავრცელებული მითი მამაკაცის ფერტილობაზე დღეს?
ყველაზე დიდი მითი მამაკაცის უნაყოფობის უარყოფაა. სამწუხაროდ, მსოფლიოს ბევრ რეგიონში ქალების მიმართ, რომლებიც ვერ ფეხმძიმდებიან, ჯერ კიდევ არსებობს სტიგმა, მაშინ როცა მამაკაცები გამოკვლევაზე უარს ამბობენ. სინამდვილეში, უნაყოფო წყვილების 50%-ში საქმე გვაქვს სწორედ მამაკაცის ფაქტორთან ან შერეულ უნაყოფობასთან. ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ ქალის საკითხი.
სათანადოდ ვაფასებთ თუ არა მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის გლობალურ დაქვეითებას? და თუ ასეა, რა განაპირობებს ამას?
აღნიშნული თემა მწვავე დებატებს იწვევს. თუ მხოლოდ სპერმოგრამის მონაცემებს დავეყრდნობით, გლობალური დაქვეითების ტენდენცია თითქოს სახეზეა. უბრალოდ, გასათვალისწინებელია, რომ 50 წლის წინ ანალიზი სრულიად სხვა ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით კეთდებოდა, შესაბამისად, ზუსტი პარალელების გავლება რთულია. მიუხედავად ამისა, არსებობს კონსენსუსი, რომ აგროქიმიკატებსა და გარემოს სხვა დამაბინძურებლებს მართლაც აქვს სერიოზული ნეგატიური გავლენა. მეცნიერთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა გასულ საუკუნესთან შედარებით აშკარად გაუარესებულია.
რომელია ის ყველაზე მყარი კულტურული მითი ფერტილობაზე, რომელიც დღეს აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს?
უპირველესად უნდა დავამსხვრიოთ მითი, თითქოს ქალს დაორსულება ნებისმიერ ასაკში მარტივად შეუძლია. მედია ხშირად დეტალების გარეშე აშუქებს 50 წლის ასაკში დაორსულებული ქალების ისტორიებს, რაც საზოგადოებაში ილუზიას აჩენს, რომ ეს ბუნებრივი და იოლია. სინამდვილეში, 50 წლის ასაკში ორსულობა ფიზიოლოგიურ ნორმას არ წარმოადგენს და თითქმის ყოველთვის ხანგრძლივ სამედიცინო ჩარევას, ხშირად კი კვერცხუჯრედის დონაციას მოითხოვს. რეალობა ისაა, რომ ადამიანები არ არიან ფერტილურები ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.
გაქვთ თუ არა ფერტილობის მედიცინაზე ისეთი მოსაზრება, რომელიც შესაძლოა არაპოპულარული იყოს თავად თქვენს სფეროში ან საზოგადოებაში?
საზოგადოებაში ხშირად ვხვდებით ნეგატიურ დამოკიდებულებას, თითქოს ამ სფეროს ექიმები მხოლოდ კომერციული მიზნებით არიან მოტივირებულნი და მკურნალობა ექსკლუზიურად პრივილეგირებული ფენისთვისაა განკუთვნილი. მსგავსი მოსაზრება საფუძველსაა მოკლებული. რეალურად, სიძვირე გამოწვეულია იმით, რომ მსოფლიოს ბევრ რეგიონში ჯანდაცვის სისტემა ამ ხარჯებს არ ფარავს და მთელი ფინანსური ტვირთი პაციენტებზე გადადის, და არა იმით, რომ ექიმებს კომერციული ინტერესები ამოძრავებთ.
ერთ ღამეში რომ შეგეძლოთ გლობალური ჯანდაცვის ერთი პოლიტიკის შეცვლა, რას შეცვლიდით და რატომ არ მოხერხდა ეს აქამდე?
უყოყმანოდ დავნერგავდი ფერტილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალურ დაფარვას. რეპროდუქციული ფანჯრის ასაკობრივი გადანაცვლების გამო, უნაყოფო ადამიანების რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. სახელმწიფოს მხრიდან ამის უზრუნველყოფა არ მოითხოვს ისეთ კოლოსალურ დანახარჯებს, რასაც ბევრი სხვა სამედიცინო პროცედურა საჭიროებს. ამასთან, ამგვარ ინვესტიციას უდიდესი უკუგება აქვს — იბადება ახალი ადამიანი, რომელიც მომავალში თავად შექმნის დოვლათს. სამწუხაროდ, პოლიტიკოსები ამას ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ სრულყოფილად.
როდესაც ისტორია ამ ათწლეულს გადახედავს, რას იტყვის, რა გავაკეთეთ სწორად და რა გამოგვრჩა თვალთახედვიდან?
სწორად ვაკეთებთ იმას, რომ გლობალურად ვზრდით რეპროდუქციულ ზრუნვაზე ხელმისაწვდომობას, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. მეორე მხრივ, სახიფათოდ ვაიგნორირებთ მოსახლეობის ზრდის ტემპის დრამატულ დაცემას. ახალგაზრდა თაობები სულ უფრო ხშირად ამბობენ ნებაყოფლობით უარს შვილის ყოლაზე. ეს არის კულტურული ცვლილება, რომელიც დაახლოებით 30 წელიწადში პიკს მიაღწევს და სერიოზულ დემოგრაფიულ კრიზისს, მათ შორის სამუშაო ძალის მკვეთრ დეფიციტს გამოიწვევს — ამის ნიშნები ევროპაში უკვე შკარაა.
და ბოლოს, არა როგორც ექიმი, არამედ როგორც ადამიანი, რა მთავარ სათქმელს დაუტოვებდით მომავალი თაობის მშობლებს?
ჩვენს გენებში ღრმადაა ჩაბეჭდილი შვილის ყოლისა და მომავალი თაობისთვის ამ გენების გადაცემის ფუნდამენტური ლტოლვა. ჩემი მთავარი სათქმელი ასეთი იქნება: მიეცით საკუთარ თავს უფლება, დატკბეთ შვილის ყოლის უდიდესი სიხარულით. მართალია სამყარო იცვლება და თანამედროვეობა რთულია, მაგრამ წმინდა ადამიანური გადმოსახედიდან, ამქვეყნად ახალი სიცოცხლის შექმნაზე და საკუთარ შვილზე უკეთესი არაფერია.
