Home სიახლეებიგაყინული კვერცხუჯრედი – დაზღვეული დედობა და თანამედროვე მედიცინის პასუხები

გაყინული კვერცხუჯრედი – დაზღვეული დედობა და თანამედროვე მედიცინის პასუხები

by Admin
0 comments

რამდენად უსაფრთხოა IVF გაყინული კვერცხუჯრედით და ხომ არ მცირდება ორსულობის შანსი ახალ (Fresh) კვერცხუჯრედთან შედარებით?

ბოლო წლებში ოოციტების (კვერცხუჯრედების) ვიტრიფიკაციის (სწრაფი გაყინვის) ტექნოლოგიამ რევოლუცია მოახდინა დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებში (ART). კვერცხუჯრედების გაყინვას ქალები მიმართავენ როგორც ონკოლოგიური თუ სხვა სამედიცინო ჩვენებებისას, ისე სოციალური მიზეზების გამო (რეპროდუქციული ასაკის გადავადება).

დედობის გადავადება კარიერის, პირადი გეგმების თუ სამედიცინო ჩვენებების გამო დღეს ჩვეულებრივი რეალობაა. ამ გზაზე ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც პაციენტებს უჩნდებათ, ასე ჟღერს: რამდენად უსაფრთხოა კვერცხუჯრედის გაყინვა და ხომ არ მცირდება ორსულობის შანსი ახალ (Fresh) კვერცხუჯრედთან შედარებით?“

ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის (UNSW Sydney) მკვლევრებმა, ავსტრალიის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრებთან თანამშრომლობით, ჩაატარეს ფართომასშტაბიანი რეტროსპექტული კოჰორტული კვლევა, რომელშიც რეალურ კლინიკურ მონაცემებზე (Real-World Evidence) დაყრდნობით შეადარეს კრიოკონსერვირებული და შემდგომ გამლღვალი ოოციტების გამოყენების შედეგები fresh ოოციტების გამოყენების შედეგებს. ამ კვლევაში რამიდენიმე ორგანიზავია მონაწილეობდა

საერთაშორისო ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ Fertility and Sterility-ში გამოქვეყნდა მასშტაბური კვლევის შედეგები, რომელიც სწორედ ამ ეჭვებს ფანტავს და რეალურ კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით პასუხობს კითხვებს.

რეალური კლინიკური პრაქტიკა: რას ამბობს მეცნიერება?

კვლევამ აჩვენა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ, სწრაფი გაყინვის (ვიტრიფიკაციის) პირობებში:

შედეგი იდენტურია: გაყინულ-ლღობილი კვერცხუჯრედებით მიღებული ცოცხალშობადობის (ჯანსაღი ბავშვის დაბადების) მაჩვენებელი პრაქტიკულად არ ჩამოუვარდება ახალი კვერცხუჯრედებით მიღებულ შედეგებს.

ემბრიონის ხარისხი არ იცვლება: განაყოფიერების (ICSI) და ჯანსაღი ემბრიონის (ბლასტოცისტის) ჩამოყალიბების პროცესი გაყინულ და ახალ ოოციტებში თანაბრად მაღალი ეფექტურობით მიმდინარეობს.

რა არის წარმატების მთავარი საიდუმლო?

თუ ფიქრობთ კვერცხუჯრედების გაყინვაზე, უნდა იცოდეთ ყველაზე მთავარი ოქროს წესი, რომელიც კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა:

წარმატების მთავარი განსაზღვრელი ფაქტორი არის ქალის ასაკი კვერცხუჯრედის გაყინვის მომენტში და არა მაშინ, როცა მის გამოყენებას გადაწყვეტთ.

ეს ნიშნავს, რომ 30-35 წლამდე ასაკში გაყინული კვერცხუჯრედი ინარჩუნებს სწორედ იმ ასაკის „ბიოლოგიურ ხარისხს“. შესაბამისად, როდესაც ქალი მოგვიანებით (მაგალითად, 38 ან 40 წლის ასაკში) გადაწყვეტს ამ კვერცხუჯრედის ლღობას და ემბრიონის გადატანას, დაორსულების შანსი მაინც ისეთივე მაღალი იქნება, როგორიც 30-35 წლისას ჰქონდა.

რეკომენდაცია ქალბატონებს

თუ ჯერ არ გეგმავთ შვილის გაჩენას და გსურთ დრო დაუთმოთ კარიერას, სწავლას, პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ან უბრალოდ ჯერ არ ხართ მზად დედობისთვის, თუმცა ამჩნევთ, რომ წლები გადის, არ გადადოთ კონსულტაცია რეპროდუქტოლოგთან.

დრო თქვენს სასარგებლოდ იმოქმედებს, თუ ნაბიჯს ადრე გადადგამთ: ქალის საკვერცხის რეზერვი და კვერცხუჯრედების გენეტიკური ხარისხი ბუნებრივად იკლებს 35 წლის შემდეგ. კვერცხუჯრედების გაყინვა 30–35 წლის ასაკში არის ყველაზე გონივრული „სადაზღვევო პოლისი“ თქვენი მომავლისთვის.

მოიხსენით ასაკობრივი სტრესი: კვერცხუჯრედების კრიოკონსერვაცია გარკვეულ ფსიქოლოგიურ სიმშვიდესაც გაძლევთ – აღარ გიწევთ პირად ცხოვრებასა და დედობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღება მხოლოდ იმის განცდით, რომ „ბიოლოგიური წამზომი ჩართულია“.

 

გადაამოწმეთ თქვენი რეზერვი დღესვე: მარტივი სისხლის ანალიზით (AMH ანტიმიულერის ჰორმონი) და ულტრაბგერითი გამოკვლევით შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი საკვერცხის მიმდინარე მდგომარეობა და ზუსტად დაგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები.

არჩევანი – ახალი (Fresh) თუ გაყინული (Frozen)?

თუ არჩევანის წინაშე დგახართ – დაიწყოთ ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი ციკლი თუ გამოიყენოთ უკვე კრიოკონსერვირებული კვერცხუჯრედები – თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ორივე მიდგომა შეიძლება ეფექტური იყოს. გადაწყვეტილება კი ინდივიდუალურად უნდა მიიღებოდეს, ქალის ასაკის, კვერცხუჯრედების გაყინვის ასაკისა და მათი რაოდენობის, ასევე კონკრეტული კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

მენტალური სიმშვიდე: კვერცხუჯრედების გაყინვა გაძლევთ დროის და ბიოლოგიური საათის მართვის თავისუფლებას.

მკურნალობის მოქნილობა: გაყინული ოოციტები საშუალებას იძლევა, ექიმმა ორგანიზმი იდეალურად მოამზადოს ემბრიონის გადატანისთვის (ენდომეტრიუმის მომზადება), ჰორმონალური ზეწოლის გარეშე, რაც ხშირად ზრდის მიმაგრების შანსს.

თანაბარი შანსი: მეცნიერულად დადასტურებულია, რომ გაყინვის პროცესი არ აზიანებს უჯრედის გენეტიკურ სტრუქტურას და დაბადებული ბავშვების ჯანმრთელობის მაჩვენებლები სრულიად იდენტურია.

და ბოლოს,

კვერცხუჯრედების გაყინვა აღარ არის „საფრთხილო ექსპერიმენტი“, ეს არის ნაცადი, უსაფრთხო და მაღალეფექტური მეთოდი, რომელიც ქალებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის დაგეგმვის სრულ თავისუფლებას ანიჭებს.

 

წყარო: Fertility and Sterility (2026) „The efficacy of frozen-thawed oocytes compared with fresh oocytes: real-world evidence“ (O. Fitzgerald et al., UNSW Sydney / Virtus Health).