Home LifestyleTHE SPOILED MAMA

THE SPOILED MAMA

by Admin
0 comments

 TAMARA JOHNSON &
THE SPOILED MAMA

The Spoiled Mama – ბრენდია, რომელმაც დედობა მხოლოდ პასუხისმგებლობად კი არა, საკუთარი თავის სიყვარულის ფორმად აქცია. ეს არის ისტორია ქალზე, რომელმაც სამყაროს შეახსენა რომ დედებს მხოლოდ ზრუნვა კი არა, განსაკუთრებულად განებივრებაც სჭირდებათ. თამარა ჯონსონის ისტორია სწორედ იმ ძალაზე გვიყვება, რომელიც მაშინ იბადება, როცა ქალი საკუთარ პრობლემას სხვებისთვის შთაგონებად აქცევს.

ბრენდის მიდგომა ასეთია –  დედობა არ უნდა ნიშნავდეს კომპრომისს საკუთარ მოვლასა და თვითშეგრძნებაზე. პირიქით, ეს შეიძლება იყოს პერიოდი, როცა ზრუნვა საკუთარ თავზე უფრო გააზრებული და სიღრმისეული ხდება.

The Spoiled Mama, დღეს უკვე ბევრისთვის ასოცირდება ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის კანის მოვლის სანდო და გააზრებულ არჩევანთან; თუმცა ამ ბრენდის უკან მთავარი კითხვა დგას, რომელიც ბევრ მომავალ დედას უჩნდება – რა არის უსაფრთხო ჩემთვის და ბავშვისთვის? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის ძიებიდან დაიწყო  თამარა ჯონსონმა ბრენდის ფორმირება.

რა იყო The Spoiled Mama- შექმნის თავდაპირველი მოტივაცია და როგორ გაჩნდა იდეა?

ორსულად ვიყავი, მაღაზიაში ვიდექი, თავის მოვლის საშუალებების ანოტაციებს ვკითხულობდი და მივხვდი, რომ იქიდან ნახევარსაც კი ვერ ვენდობოდი. სწორედ აქ მოხდა გარდატეხა. ბრენდის შექმნას სულაც არ ვგეგმავდი, უბრალოდ საკუთარი პრობლემის მოგვარებას ვცდილობდი. სახლში დაბრუნებულმა პირდაპირ სამზარეულოში დავიწყე პროდუქტების შექმნა, რადგან მჭირდებოდა რაღაც ერთდროულად უსაფრთხო და ეფექტური. ჩემთვის მსგავსი კომბინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ორსულობა ისედაც უდიდეს ძალისხმევას ითხოვს სხეულისგან და თავის მოვლის საშუალებები დამატებით გაურკვევლობას აღარ უნდა იწვევდეს.

შეგიძლიათ აღწეროთ კომპანიის შექმნის საწყისი ეტაპები და ის მთავარი გამოწვევები, რომლებსაც წააწყდით?

ურთულესი და ქაოსური პერიოდი გავიარე, სხვანაირად ვერც შევაფასებ. ერთდროულად ვმუშაობდი, ბავშვებს ვზრდიდი და ბიზნესს ვაშენებდი. პირველი დღეები სავსე იყო მუდმივი ცდებით, შეცდომებითა და იმის სწრაფი გააზრებით, თუ რა არ უნდა გამეკეთებინა. მთავარ გამოწვევას ფული ან რესურსები კი არა, დრო წარმოადგენდა. როდესაც ერთდროულად ახალშობილს, კარიერასა და მზარდ ბიზნესს უმკლავდები, მუდმივად რაღაც ითხოვს შენს მეტ ყურადღებას. ასეთ დროს ძალიან სწრაფად სწავლობ ეფექტურობას და იმის მკაცრად განსაზღვრას, თუ რას მოაქვს რეალური შედეგი.

როგორია თქვენი მიდგომა შემოქმედებითი ხედვისა და ოპერაციული მოთხოვნების ბალანსირების მიმართ?

პროცესის რომანტიზებას არასდროს ვახდენ. ზოგიერთი დღე შემოქმედებითია, ზოგი წმინდად ოპერაციული, უმეტესად კი ორივე ერთად. გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ხედვა მყარი ბიზნესსაყრდენის გარეშე უბრალოდ იდეად რჩება; ამიტომ, პროდუქტის განვითარებისა და ბრენდის მიმართულების ჩამოსაყალიბებლად საგანგებოდ გამოვყოფ დროს, თუმცა ფინანსურ და ყოველდღიურ ოპერაციულ საკითხებსაც მუდმივად ვაკონტროლებ. რეალურად, მთავარი ბალანსის პოვნა კი არა, სიჩქარის დროულად გადართვა და საქმეზე სწრაფად ფოკუსირებაა.

მომხმარებლების რომელმა გამოხმაურებამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა ბრენდის მიმართ თქვენს ხედვაზე?

შეტყობინებებმა შინაარსით: „ბოლოს და ბოლოს, ვიპოვე რაღაც, რაც ნამდვილად მუშაობს“; და არა ფრაზებმა „კარგი სუნი აქვს“ ან „ლამაზი შეფუთვაა“. როცა დედა მეუბნება, რომ ორსულობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში საკუთარ კანში თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს, ჩემთვის ეს უკვე ყველაფერია. სწორედ მსგავსი მომენტები მიმტკიცებს ჩვენი საქმის არსს: ვარსებობთ არა ტრენდულობისთვის, არამედ იმისთვის, რომ ვიყოთ ეფექტურები და სანდოები.

რა პრიორიტეტები გაქვთ The Spoiled Mama-სთვის მომავალი ხუთი წლის განმავლობაში?

თვითმიზნური გაფართოების ნაცვლად, დახვეწას ვირჩევთ. მინდა უფრო მეტად ჩავუღრმავდე ჩვენს ძლიერ მხარეებს და მომხმარებლის ნდობის მოპოვება განვაგრძო. რეალობაში ეს უკეთეს ფორმულებს, უფრო ჭკვიანურ რუტინებსა და აუდიტორიასთან მჭიდრო ურთიერთობას გულისხმობს. ზრდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ოღონდ არა იმ ღირებულებების ხარჯზე, რამაც თავიდანვე მოგვაპოვებინა ხალხის ნდობა.

ამჟამად თუ განიხილავთ პროდუქციის ახალ კატეგორიებს ან გაფართოებას?

დიახ, თუმცა ძალიან მიზანმიმართულად. ვეძებთ იმ სფეროებს, სადაც დედების მოთხოვნილებები ჯერ კიდევ არ არის სრულად დაკმაყოფილებული და გავურბივართ გადაჯერებულ ბაზარს. ახალ კატეგორიაში მხოლოდ მაშინ შევდივართ, თუ დარწმუნებულები ვართ, რომ საქმეს უკეთესად ან განსხვავებულად გავაკეთებთ. ცოტა ხნის წინ თმის შრატი და ცელულიტის საწინააღმდეგო გელი გამოვუშვით უშუალოდ მომხმარებელთა გამოხმაურებისა და მოთხოვნის საფუძველზე. გაფართოებისთვის მსგავსი მიდგომა ყოველთვის ამართლებს. შემდეგი ნაბიჯი იგივე ფილოსოფიის — „პირველ რიგში უსაფრთხოება და შედეგზე ორიენტირებულობა“ — ბავშვთა ხაზზე გავრცელება იქნება. ჩვენი მომხმარებლების ნდობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებ; ყველა ახალმა პროდუქტმა თავისი ადგილი უნდა დაიმსახუროს.

უშუალოდ პროდუქტის მიღმა, რეალურად ვინ დგას The Spoiled Mama- ბრენდის უკან?

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მართალია, პატარა გუნდი მყავს, მაგრამ უაღრესად ძლიერი. ისინი ყოველდღე ზუსტად ისეთივე ზრუნვითა და ერთგულებით მოდიან სამსახურში, რითაც თავის დროზე ბრენდის შენება დავიწყეთ. ამ მონდომებას არცერთი წამით არ ვიღებ, როგორც მოცემულობას. პარალელურად, ჩვენი მომხმარებლები, დედები, რომლებიც ერთხელ გვენდნენ, შემდეგ უკან გვიბრუნდებიან და მეგობრებსაც გვირჩევენ — ბრენდის მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩებიან. მათ გარეშე აქ არ ვიქნებოდით და მინდა იცოდნენ, რამდენად ვაფასებთ თითოეულ მათგანს.

თქვენი განვლილი გზიდან რა არის ის, რაც დღემდე ძალიან პირად ან ემოციურ საკითხად რჩება თქვენთვის?

საქმე იმაშია, რომ ყველაფერი ძალიან ნამდვილი, შეულამაზებელი ადგილიდან დაიწყო — წინასწარ გათვლილი სტრატეგიით კი არა, უბრალოდ აუცილებლობით. მსგავსი განცდა ბოლომდე არასდროს ქრება. ახლაც კი, გამორჩეულად ვიცავ ბრენდს მისი წარმოშობისა და იმ ღირებულებების გამო, რასაც განასახიერებს. გულწრფელად რომ გითხრათ, დღემდე მაოცებს ქუჩაში ისეთ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებმაც უკვე იციან The Spoiled Mama-ს შესახებ. ასეთ წუთებში სულ მეღიმება, რადგან ვრწმუნდები, რომ ადამიანებზე გაცილებით დიდი გავლენა ვიქონიეთ, ვიდრე უბრალოდ თაროზე დადებულმა პროდუქტმა.

როგორც დამფუძნებლისთვის, რა იყო თქვენი გზის ყველაზე რთული ნაწილი, რასაც ხალხი, როგორც წესი, ვერ ხედავს?

პირველ რიგში, მუდმივად გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. საუბარია არა დიდ, თვალშისაცემ მომენტებზე, არამედ ყოველდღიურ წნეხზე — მუდმივად მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ხშირად არასრული ინფორმაციის ფონზე. თანაც ისე, რომ სრულფასოვან მშობლად დარჩე. ვფიქრობ, მსგავს ტვირთზე საკმარისად არ საუბრობენ.

დამფუძნებლისთვის სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსი თითქმის არ არსებობს, საზღვრები მუდმივად იშლება. მახსენდება გრძელი ღამეები ახალი პროდუქტის ჩაშვებამდე, მთელ მისაღებ ოთახში მოდებული საგამოფენო ინვენტარი და გასაკეთებელი საქმეების სია, რომელიც არასოდეს მთავრდება. თუმცა ყველაზე მეტად იმის მადლიერი ვარ, რომ ოჯახი ყოველ ნაბიჯზე გვერდით მედგა. შვილები პროდუქტებს ტესტავდნენ, დიზაინზე გულწრფელ რჩევებს მაძლევდნენ და გამოფენებზე ნიმუშებს არიგებდნენ. ჩემი ქმარი თავიდანვე მთავარი გულშემატკივარი იყო და ასეა დღემდე. ბრენდის შენებისას ნამდვილად განსაკუთრებულია იმის ყურება, თუ როგორ იქცევა ოჯახი პროცესის რეალურ ნაწილად და არა უბრალოდ გარედან მაყურებლად. მართალია, ვითარება ყოველთვის გლამურულად არ გამოიყურება და ბალანსის შენარჩუნებაც იშვიათად გამოდის, მაგრამ სამაგიეროდ შექმნილი საქმე ჩვენია, რაც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.

რა იყო პირველი პროდუქტი, რომელიც შექმენით და დღეს რომელი პროდუქტი მიგაჩნიათ ბრენდისთვის ყველაზე წარმატებულად?

სულ პირველად სტრიების საწინააღმდეგო ზეთი — Bump Gloss Stretch Mark Oil შევქმენი. სწორედ მასზე ვმუშაობდი სამზარეულოში ორსულობისას, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ბრენდს The Spoiled Mama დაერქმეოდა. როდესაც მივხვდი, რომ აღმოჩენა სხვა ქალებისთვისაც უნდა გამეზიარებინა, კომპანიის დაფუძნება დამჭირდა. სახელწოდებაც აქედან მოდის; პირდაპირი გაგებით ვართ The Sp-OIL-ed Mama (სიტყვების თამაში ინგლისურ სიტყვაზე „ზეთი“ — oil). ორიგინალ ლოგოში სიტყვა OIL დიდი ასოებით ეწერა, რადგან ზეთს ჩვენი მთავარი პროდუქტის და ისტორიის გულის როლი უნდა ეთამაშა.

Tummy Butter მოგვიანებით დავამატეთ და ახლა უკვე ბესტსელერია. ყველაზე ლამაზი კი ის არის, რომ ორი საწყისი მთავარი პროდუქტი — Bump Gloss და Tummy Butter, კვლავ გაერთიანდა. ისინი სტრიების პრევენციის ნაკრებში შევკარით და კომბინაცია ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად იქცა. ვფიქრობ, მსგავსი დასასრული სრულად კრავს იმ წრეს, საიდანაც ბრენდმა არსებობა დაიწყო.

ექთანი რომ არ ყოფილიყავით, როგორ ფიქრობთ, იარსებებდა ეს კომპანია თუ ენდობოდით ბაზარს ისეთს, როგორიც ის იყო?

არა მგონია კომპანიას ზუსტად ამ ფორმით ეარსება, თუმცა მიზეზი მხოლოდ კლინიკური ცოდნა არ არის. ჯანდაცვის სფეროში კარიერის განმავლობაში შეძენილი ურთიერთობები არანაკლებ ღირებული აღმოჩნდა. ამ კავშირებმა უფრო გამიღრმავა იმის გაგება, თუ რა სჭირდებათ ქალებს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში, საქმიანობის საწყის ეტაპზე კი სწორედ მსგავსმა გამოცდილებამ შემძინა სანდოობა.

აქვე დავამატებდი, რომ ფიტნესსა და ჯანსაღ კვებაში მიღებულმა გამოცდილებამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სურსათის ეტიკეტებს ყოველთვის ვამოწმებდი და ჩვევა პირდაპირ აისახა კანის მოვლის საშუალებების ინგრედიენტების კითხვაზეც. რეალურად, თვალი სწორედ ამ პრაქტიკამ ამიხილა. როცა იწყებ ეტიკეტების კითხვას და საკუთარი თავის განათლებას, შეუძლებელია უბრალოდ თვალი დახუჭო იმაზე, რასაც ხედავ. მხოლოდ ექთნობას არ გაუჩენია კითხვები ბაზრის მიმართ; მთავარი ბიძგი ეტიკეტის წაკითხვის ცოდნა და იმის გააზრება იყო, რომ უკეთესი ალტერნატივები ჯერ უბრალოდ არ არსებობდა. საბოლოოდ, კლინიკური მომზადების, ურთიერთობებისა და ეტიკეტების კითხვის ჩვევის სინთეზმა პირადი იმედგაცრუება ბიზნესად აქცია.

რა დაეხმარა თქვენს ბრენდს ზრდაში საწყის ეტაპზე ყველაზე მეტად? იყო თუ არა მომენტი, როცა მიხვდით: „ეს ნამდვილად მუშაობს“?

უდავოდ, საზოგადოება და ერთობა. პირველ ხანებში Bay Area-ს ტერიტორიაზე ბევრ ადგილობრივ ბაზრობასა და ღონისძიებაში ვიღებდით მონაწილეობას. დედებს პირისპირ ვხვდებოდით, ვსაუბრობდით რეალურ თემებზე და ვაძლევდით საშუალებას, პროდუქტები პირადად გამოეცადათ. არ გვქონია დიდი კამპანიები ან მსხვილი სარეკლამო ბიუჯეტი. ვეყრდნობოდით მხოლოდ გულწრფელ კომუნიკაციას. ყველაფერი თავის ადგილას მაშინ დადგა, როცა მომხმარებლებმა დაბრუნება და თან მეგობრების მოყვანა დაიწყეს. მოგვიანებით წამოვიდა ელექტრონული წერილებისა და შეტყობინებების ტალღაც — დედები გვიკავშირდებოდნენ მადლობის გადასახდელად და გვიზიარებდნენ, რომ The Spoiled Mama-ს ორსულობის განმავლობაში აქტიურად იყენებდნენ. მსგავსი შეტყობინებები არასდროს ძველდება. სწორედ ასეთ მომენტებში ხვდები, რომ ააშენე რაღაც ტრანზაქციაზე ბევრად მეტი და დედობისკენ მიმავალ გზაზე ვიღაცისთვის სანდო მეგზური გახდი.

ინგრედიენტების შერჩევისას რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

პირველ რიგში — ფუნქცია. თითოეულ ინგრედიენტს მკაფიო დანიშნულება უნდა ჰქონდეს. არ მაინტერესებს ხელოვნური შემავსებლები ან ტრენდების ბრმად აყოლა. პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს ქმედითი და აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების იმ სტანდარტებს, რომლებსაც საკუთარი თავისა და ოჯახის შემთხვევაში ვენდობოდი.

როგორ აბალანსებთ ფუფუნებასა და უსაფრთხოებას თქვენს პროდუქციის ხაზში?

ეს ორი ცნება ერთმანეთს არ გამორიცხავს. მსგავსი მცდარი წარმოდგენის დამსხვრევას წლები შევალიე. სავსებით შესაძლებელია ისეთი პროდუქტების შექმნა, რომლებიც პრემიუმ ასოციაციებს იწვევს და, ამავდროულად, მკაცრ უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს. პროცესი უბრალოდ მეტ დაკვირვებულობას მოითხოვს ფორმულების შექმნისა და ნედლეულის მოპოვებისას. ჩვენ ამ საკითხში დათმობებზე არ მივდივართ და არც მომავალში წავალთ.

რა იყო კომპანიის შენების ყველაზე არაგლამურული ფაზა, რაზეც არავინ საუბრობს?

შეკვეთების მართვის საწყისი დღეები. ამანათებს თავად ვფუთავდი, ვაგვარებდი დაბრუნებულ ნივთებთან დაკავშირებულ საკითხებს და პირადად ვპასუხობდი მომხმარებლების თითოეულ ელფოსტას. შორიდან ლამაზ სურათს ნამდვილად არ ჰგავს, მაგრამ საკუთარ ბიზნესს შიგნიდან სწორედ ასე სწავლობ. უკიდურესი დაღლილობის მიუხედავად, იმ პერიოდის მაინც მადლიერი ვარ.

ოდესმე თუ გიგრძნიათ წნეხი, რომ ინგრედიენტების სტანდარტები დაგეთმოთ უფრო სწრაფი ზრდისთვის?

დიახ, თუმცა ჩემი პასუხი ყოველთვის „არა“ იყო. მსგავსმა მიდგომამ მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა პროცესები შეანელოს, მაგრამ ნდობის საკითხში კომპრომისზე წასვლა ისეთი ტრავმაა, რასაც ბრენდი მარტივად ვერასდროს იშუშებს — თუ საერთოდ შეძლებს გადარჩენას.

როგორ იმოქმედა დედობამ თქვენს, როგორც მეწარმის, რისკისადმი მიდრეკილებაზე?

ბევრად მიზანდასახული გამხადა. რისკზე წასასვლელად ახლაც მზად ვარ, ოღონდ ნაბიჯი კარგად გააზრებული და გათვლილი უნდა იყოს. იმ მომენტიდან, როცა გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის აღარ იღებ, შენი შინაგანი სისტემა რადიკალურად იცვლება.

დედებისგარშემო ბრენდის შენება ოდესმე ხომ არ გაგრძნობინებდათ თავს შემოქმედებით ან კომერციულ ჩარჩოებში მოქცეულად?

ნამდვილად არა. პირიქით, მსგავსმა მიდგომამ პროცესებში სიცხადე შემოიტანა, სიცხადე კი, თავის მხრივ, თავისუფლებას გაძლევს. როცა ზუსტად იცი ვის ემსახურები და რატომ, გადაწყვეტილებების მიღება ბევრად მარტივდება. ფოკუსირებული მისიის ფარგლებში უზარმაზარი შემოქმედებითი სივრცე იხსნება. საბოლოო ჯამში, არეალი უფრო ფართოვდება, ვიდრე ვიწროვდება. ამჟამად ბავშვთა ხაზის მიმართულებით გადასვლაზე ვფიქრობთ, რაც განვითარების ძალიან ბუნებრივი ეტაპია. აქამდე სწორედ დედებმა მოგვიყვანეს, ახლა კი უკვე მათი შვილებისთვისაც შეგვიძლია ზრუნვა.

რომელი იდენტობის შენარჩუნება იყო უფრო რთული: ექთნის, დედის თუ აღმასრულებელი დირექტორის?

აღმასრულებელი დირექტორის, უდავოდ. დანარჩენი ორი უფრო ბუნებრივი მდგომარეობაა. CEO-ს ამპლუა კი ისეთი რამაა, რაშიც დროთა განმავლობაში აქტიურად უნდა გაიზარდო; სრულიად სხვანაირ თავდაჯერებულობას მოითხოვს და ერთ ღამეში ნამდვილად არ მოდის.

რა იყო თქვენი პირველი რეალური ზრდის ბერკეტი: პროდუქტი, ამბის თხრობა თუ საზოგადოება და რატომ იმუშავა ამან?

ერთმნიშვნელოვნად საზოგადოება. პროდუქტი უდიდეს როლს თამაშობს, მაგრამ ადამიანები ერთმანეთთან მუდმივად საუბრობენ. როცა დედები კონკრეტულ ნივთს ენდობიან, გამოცდილებას გულწრფელად და ენთუზიაზმით აზიარებენ. მსგავსი ორგანული ზრდის გამეორება მხოლოდ რეკლამით თითქმის შეუძლებელია.

დღეს რომ მოგიწიოთ თავიდან დაწყება აუდიტორიის გარეშე, რას გააკეთებდით პირველი 30 დღის განმავლობაში?

დაველაპარაკებოდი რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს. წამოვიწყებდი პირდაპირ, გულწრფელ საუბრებს, შევაგროვებდი უკუკავშირს და სიღრმისეულად გავიგებდი მათ ამჟამინდელ საჭიროებებს. შემდგომ უკვე ამ ბაზაზე ავაშენებდი ყველაფერს. როცა საქმე რეალური ნდობის მოპოვებას ეხება, მოკლე გზები უბრალოდ არ არსებობს.

როგორ ფიქრობთ, მომავალი უფრო ზესპეციალიზებული პროდუქტებისაა თუ რუტინის გამარტივების?

ცალსახად გამარტივების. დედები უკიდურესად გადატვირთულები არიან, რაც ტრენდი კი არა, ყოველდღიური რეალობაა. მათ ათი განსხვავებული ეტაპი არ სჭირდებათ; მათთვის მთავარი სწორი ნაბიჯებია. ჩვენი ფილოსოფიაც ყოველთვის ამას ეფუძნებოდა და ვფიქრობ, ბაზარიც საბოლოოდ ეწევა მსგავს მიდგომას.

პროდუქტებს მიღმა, რა შეხედულების შეცვლას ცდილობთ საზოგადოებაში დედების მიმართ დამოკიდებულების კუთხით?

გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან ბევრის. საიდან დავიწყო? ძუძუთი კვების ირგვლივ ჯერ კიდევ ძლიერი სტიგმა არსებობს, რაც დაფიქრების შემთხვევაში სრულიად დაუჯერებელია. თანამედროვე კულტურაში უამრავი რამ ნორმად იქცა, მაგრამ შვილის მკვებავმა დედამ საზოგადოებაში შეიძლება მაინც უხერხულობა გამოიწვიოს. მსგავსი დამოკიდებულება აუცილებლად უნდა დავასრულოთ.

მეორე პრობლემა თავად ორსულობის კლასიფიკაციაა. ტექნიკურად და იურიდიულად, ის სამედიცინო მდგომარეობად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური ლოგიკა მესმის, მსგავსი ფორმულირება მძიმე ტვირთს ატარებს და ვფიქრობ, ქალებს ზიანს აყენებს. პრობლემა იმაზეც აისახება, თუ როგორ ვაწარმოებთ მარკეტინგულ კამპანიებს ორსულებისთვის. ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Google, რიგი პროდუქტების რეკლამირებას მხოლოდ იმიტომ გვიზღუდავს, რომ ორსულობა სამედიცინო კლასიფიკაციაში ხვდება. ვცდილობთ ქალებს უსაფრთხო, დამხმარე პროდუქტები მივაწოდოთ და ამ პროცესში ხელ-ფეხი შეკრული გვაქვს. მსგავსი ბარიერები უკიდურესად იმედგამაცრუებელია და ინდუსტრიამ მას ფეხი დროულად უნდა აუწყოს.

თუმცა ყველაზე მეტად თავად ორსულობის ნარატივის შეცვლა მინდა. ეს არ არის მდგომარეობა, რომელსაც „მართვა“ სჭირდება. საქმე გვაქვს ერთ-ერთ ყველაზე არაჩვეულებრივ პროცესთან, რისი გაკეთებაც ადამიანის ორგანიზმს შეუძლია. ჩვენ ვზრდით სიცოცხლეს, ვინარჩუნებთ მას და საკუთარი სხეულით ვკვებავთ. ეს შეზღუდვა კი არა, უდიდესი ძალაა. ორსულობა მშვენიერია და დედები ზუსტად იგივე მოწიწებით მოპყრობას იმსახურებენ — მათთვის ხელმისაწვდომ პროდუქტებში, გარშემო არსებულ მხარდამჭერ სისტემებსა თუ იმაში, თუ როგორ საუბრობს საზოგადოება მათ გამოცდილებაზე.

რას ნიშნავს თქვენთვისდედის განებივრებაახლა, იმასთან შედარებით, როცა დაიწყეთ?

როცა დავიწყე, კონცეფცია ორსულობისას საკუთარ სხეულზე ზრუნვის უფლების მიცემას გულისხმობდა. დღეს ტერმინმა ბევრად ფართო დატვირთვა შეიძინა. ახლა უკვე მთავარია, დედები უზრუნველვყოთ ისეთი პროდუქტებითა და რუტინით, რომლებიც რეალურად დაეხმარებათ — ყოველგვარი კომპრომისისა და შიშის გარეშე. აღარ უნდა უწევდეთ არჩევანის გაკეთება უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას შორის. საბოლოო ჯამში, განებივრება მხოლოდ სიტყვა აღარ არის; იგი რეალურ მზრუნველობად იქცა, რომელსაც ხელშესახები შედეგი მოაქვს.