დაბადებაა… 2000-ზე მეტი ისტორია ერთ სივრცეში
22 მაისს „თეატრის“ სცენაზე ჩვენი ჟურნალის პირველი ნომერი 400-მდე მეგობრის, კოლეგისა და პარტნიორის, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა წინაშე თამამად და ამბიციურად დაიბადა. ჟურნალის პრეზენტაციამ კიდევ მეტი დაბადების ისტორია იზეიმა. საიუბილეო ღონისძიება, რომელსაც „დაბადებაა… 2000 და მეტი ისტორია“ დავარქვით აერთიანებდა ერთ სცენაზე ნინო მუსერიძის ფონდის „შენთვის“ 7 წლიან და მისი მხარდაჭერით დაბადებული 2000-ზე მეტი ბავშვის ისტორიას, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის ახალი კლინიკური განვითარების ეტაპს და თავად მასპინძელის, ნინო მუსერიძის დაბადების დღეს.
საღამო ემოციურად და შინაარსობრივად ეძღვნებოდა იმ გზას, რომელიც რეპროდუქციულ მედიცინაში ადამიანური ისტორიების, იმედის და პროფესიული პასუხისმგებლობის ერთიანობას ასახავს.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს წარედგინა სპეციალურად მომზადებული ვიდეო-სიუჟეტი, რომელიც ფონდის ისტორიას, ბენეფიციარი ოჯახების გამოცდილებებსა და ახალი სიცოცხლის დაბადების რეალურ ისტორიებს აერთიანებდა.
ასევე გაიმართა ჟურნალ New Factor-ის ოფიციალური პრეზენტაცია – გამოცემის, რომელიც რეპროდუქციულ მედიცინას არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ადამიანური, კულტურული და „ლაიფსტაილ“ ჭრილში განიხილავს.
საღამოს განსაკუთრებული ემოციური ნაწილი იყო საერთაშორისო მილოცვები და სიურპრიზები, მათ შორის მსოფლიოში პირველი ინ ვიტრო ბავშვის, ლუიზ ბრაუნის ვიდეო-მიმართვა.
საღამომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ერთ მთავარ იდეას –
როცა მეცნიერება, პროფესია და ადამიანური ემპათია ერთიანდება, იქ იბადება ისტორია – ახალი სიცოცხლის ისტორია.


















