საიუბილეო კონგრესი და ქართველი ექიმების წარმატებული მონაწილეობა
როდესაც ქალთა ჯანმრთელობის სფეროს წამყვანი სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთ სივრცეში იკრიბებიან, ეს მხოლოდ პროფესიული შეხვედრა არ არის, ეს არის მეცნიერების განვითარების საერთო სივრცე, სადაც ყალიბდება ახალი იდეები, მიდგომები და თანამშრომლობები. სწორედ ასეთ გარემოში გაიმართა 2026 წელს რომში გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (International Society of Gynecological Endocrinology) საიუბილეო, მე-40 კონგრესი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა დარგის წამყვანი მეცნიერები და კლინიცისტები.
კონგრესის პრეზიდენტმა, Tommaso Simoncini-მ ღონისძიების წინ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა: „დიდი ენთუზიაზმით გიწვევთ ISGE-ს 40 წლის იუბილეს აღსანიშნავ კონგრესზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ექიმებსა და მეცნიერებს აერთიანებს. ეს არის პროფესიული განვითარების უნიკალური სივრცე, სადაც წარმოდგენილია ინოვაციური კვლევები, მიმდინარეობს დინამიკური დისკუსიები და ყალიბდება ახალი სამეცნიერო თანამშრომლობები“.გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება უკვე ოთხი ათწლეულია, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამეცნიერო პლატფორმას ქალთა ჰორმონალური ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული მედიცინის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია თანამედროვე კვლევების განვითარება, მათი კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვა და საერთაშორისო სამედიცინო თანამშრომლობის გაძლიერება.საიუბილეო, მე-40 კონგრესი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. მან არა მხოლოდ გასული ოთხი ათწლეულის სამეცნიერო მიღწევების შეჯამება წარმოადგინა, არამედ მომავალზე ორიენტირებული დისკუსიებიც. რომში შეკრებილმა ასობით სპეციალისტმა განიხილა ისეთი აქტუალური თემები, როგორებიცაა უნაყოფობა, ენდომეტრიოზი, ჰორმონალური დარღვევები, ორსულობის მართვა და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის თანამედროვე გამოწვევები.
საქართველოს წარმომადგენლობა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში
წლევანდელ კონგრესზე აქტიურად იყო წარმოდგენილი საქართველოც. საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საგამოფენო სივრცითა და სატელიტური სიმპოზიუმით თემაზე Infertility 35+, სადაც განხილული იყო ასაკთან დაკავშირებული უნაყოფობის თანამედროვე კლინიკური მიდგომები.განსაკუთრებით აღსანიშნავია კლინიკა GGRC-ის მონაწილეობა, რომლის ექიმებმაც საერთაშორისო აუდიტორიას საკუთარი კვლევები და კლინიკური გამოცდილება გააცნეს. ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის GGRC-ისა და საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციის დამფუძნებელი, პროფესორი ნინო მუსერიძე კონგრესის მნიშვნელობაზე ასე საუბრობს:„ISGE კონგრესი წლიდან წლამდე აერთიანებს მეცნიერებს, კლინიცისტებსა და მკვლევრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ერთმანეთს თავის გამოცდილებებს უზიარებენ და განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა უნაყოფობა, ენდომეტრიოზი, ჰორმონალური დარღვევები, ორსულობის მართვა და ქალთა ჯანმრთელობის თანამედროვე გამოწვევები. სიამოვნებით დავთანხმდით შეთავაზებას კონგრესის ფარგლებში ქართული სიმპოზიუმის წარდგენაზე, რადგან ამ დონის საერთაშორისო კონგრესებში
მონაწილეობა გვაძლევს შესაძლებლობას, გავაზიაროთ ჩვენი კვლევები, გავეცნოთ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების გამოცდილებას და შევიტანოთ წვლილი იმ ცოდნის განვითარებაში, რომელიც საბოლოოდ პაციენტების უკეთეს მოვლას ემსახურება“.
საქართველოს სახელით კონგრესზე მოხსენებებით წარდგნენ ქართველი ექიმები: ნინო მუსერიძე, მადონა ჯუღელი, ბელა ჯუღელი, ოლიკო მურღულია, ნინო დავიდოვა, ნია მეტონიძე, მერიკო ნატროშვილი, ლალი მელია, ნანი ტატიშვილი, მარიამ მახარაძე. მათ მიერ წარმოდგენილი კვლევები შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა HPV ინფექციის მართვა, ენდომეტრიოზის მოლეკულური მარკერები, რეპროდუქციული ტექნოლოგიების შედეგები, ორსულობის გართულებები და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის თანამედროვე გამოწვევები.
GGRC-ის დირექტორი, გიორგი არჩვაძე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე გამოცდილებას გვიზიარებს:„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასეთი მასშტაბის საერთაშორისო კონგრესზე საქართველო წარმოდგენილია საკუთარი კვლევებითა და სამეცნიერო გამოცდილებით. მსგავსი პლატფორმები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის გაზიარებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ მსოფლიომ დაინახოს ქართველი ექიმების პროფესიონალიზმი და მეცნიერებაში შეტანილი წვლილი. ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი, როგორც ავტორი და წარმდგენი ყოველწლიური კონფერენციისა „უნაყოფობა 35+“, წელს ამავე პლატფორმით შევუერთდით საერთაშორისო კონგრესს; მივეცით შანსი ჩვენს ახალგზარდა ექიმებს ხმა მიეწვდინათ გამოცდილი კოლეგებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათგან მიეღოთ მეტი ინფორმაცია დარგის ინოვაციებსა და გამოცდილებაზე“.
ISGE 2026 კიდევ ერთხელ იქცა სივრცედ, სადაც მეცნიერება, კლინიკური გამოცდილება და საერთაშორისო თანამშრომლობა ერთიანდება, ხოლო ქართველი სპეციალისტების აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში საქართველოს მედიცინის მზარდ როლს უსვამს ხაზს გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.

