Home IVFგიორგი არჩვაძე

გიორგი არჩვაძე

by Admin
0 comments

სტრატეგია, რომელმაც ქართული კლინიკა საერთაშორისო რუკაზე მონიშნა

ესაუბრა ეკა ნონიაშვილი

გიორგი არჩვაძე იმ მენეჯერებს შორისაა, რომლებმაც ქართული ჯანდაცვის სფეროში საკუთარი ადგილი არა პროფესიით, არამედ ხედვით დაიმკვიდრეს. იურისტი განათლებით, თუმცა მრავალწლიანი გამოცდილებით სამედიცინო დაწესებულებების მართვაში, მენეჯერი, ვინც კლინიკას მხოლოდ ადმინისტრაციულ ერთეულად არ აღიქვამს, მისთვის ეს არის სისტემა, სადაც ერთმანეთთან იკვეთება ხარისხი, პასუხისმგებლობა და სტრატეგიული განვითარება.

ქართული-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი, რომელსაც ის დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს, სწორედ ამ მიდგომის შედეგია, კლინიკა, რომელმაც სულ რამდენიმე წელიწადში შეძლო სწრაფი ზრდა და საერთაშორისო სივრცეში პოზიციონირება.

GGRC-ს გენერალურ დირექტორს, გიორგი არჩვაძეს ვესაუბრეთ იმ გზაზე, რომელმაც ეს შედეგი მოიტანა, კლინიკის მართვაზე, საერთაშორისო კავშირებზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქართული მედიცინა დღეს ფლობს.

ბატონო გიორგი, თქვენ იურისტი ხართ განათლებით, თუმცა დღეს ერთერთი წარმატებული სამედიცინო დაწესებულების მართვაში ხართ ჩართული. როგორ დაიწყო ეს გზა?

ჩემი პროფესიული გზა იურიდიული განათლებით დაიწყო, თუმცა საკმაოდ ადრე მივხვდი, რომ მაინტერესებდა არა მხოლოდ სამართალი, არამედ ის სისტემები, სადაც ეს ცოდნა რეალურად მუშაობს. ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე რთული და მრავალშრიანი სფეროა. აქ იკვეთება სამართალი, მენეჯმენტი, ეთიკა და ადამიანური პასუხისმგებლობა.

სამედიცინო სფეროში ჩართვა სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე მოხდა. დროთა განმავლობაში დავაგროვე გამოცდილება სხვადასხვა კლინიკაში მენეჯერულ პოზიციებზე და მივხვდი, რომ ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია რეალური გავლენა მოახდინო, არა მხოლოდ პროცესებზე, არამედ შედეგზე, რომელიც პირდაპირ ადამიანებს ეხება.

უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართულგერმანულ რეპროდუქციულ ცენტრს ხელმძღვანელობთ. რას მიიჩნევთ ამ კლინიკის სწრაფი განვითარების მთავარ საფუძვლად?

როდესაც კლინიკა დაარსდა, თავიდანვე გვქონდა ძალიან მკაფიო ხედვა –  ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ეტაპობრივად გახდებოდა საერთაშორისო მოთამაშე, თავისი გუნდური ეთიკით, პაციენტზე ორიენტირებული სერვისებით, სამედიცინო ტურიზმის ელემენტებით და მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით.

ამისთვის აუცილებელი იყო სამი მთავარი კომპონენტი: ძლიერი და პროფესიონალი სამედიცინო გუნდი, ხარისხის მაღალი სტანდარტები და სტრატეგიული მართვა, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე. ამ სამი მოდულის სინერგიამ მოგვცა ის შედეგი, რასაც დღეს ვხედავთ.

კლინიკის განვითარება განსაკუთრებით შთამბეჭდავია 6 წლის ჭრილში. რა იყო ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი?

ვფიქრობ, მთავარი იყო სწორ დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ეს დრო „დაიჭირა“ კლინიკის დამფუძნებელმა ნინო მუსერიძემ, რომელმაც კლინიკამდე უშვილო წყვილების დასახმარებლად შექმნა ფონდი, და ამ სოციალური პასუხისმგებლობის გაგრძელება იყო კლინიკა, სადაც უფრო მეტის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი პაციენტისთვის. ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ აქცენტი საერთაშორისო ურთიერთობებზე, არა ფორმალურად, არამედ რეალურად. ვიმუშავეთ პარტნიორობაზე, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი პროგრამების დანერგვაზე.  ამასთან ერთად, მუდმივად ვცდილობდით გაგვეუმჯობესებინა პაციენტზე მორგებული სერვისები, რადგან საბოლოოდ, სწორედ ეს განსაზღვრავს კლინიკის რეპუტაციას. ზრდა არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის ხარისხის შენარჩუნება და განვითარება ერთდროულად.

თქვენ ძლიერი მხარე ხშირად სახელდება საერთაშორისო ურთიერთობები,  რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?

საერთაშორისო ურთიერთობები ჩემთვის არ ნიშნავს მხოლოდ კონტაქტების არსებობას. ეს არის ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყნის კლინიკებთან და სპეციალისტებთან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ მუდმივად პროცესში, ვსწავლობდეთ, ვხედავდეთ, რა ხდება მსოფლიოში, რა იცვლება, რა ვითარდება. ამან მოგვცა საშუალება, რომ კლინიკაში შემოგვეტანა პროგრამები, რომლებიც ადრე საქართველოში ხელმისაწვდომი არ იყო. ასევე, ეს ურთიერთობები ქმნის ნდობას პაციენტებში, როცა ისინი ხედავენ, რომ კლინიკა ინტეგრირებულია საერთაშორისო ქსელში, გადაწყვეტილების მიღებაც უფრო მარტივია.

საქართველოში, რეპროდუქციულ ცენტრებში პაციენტების დიდი ნაწილი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის და ამ მხრივ GGRC ლიდერია,  როგორ ახერხებთ ამ ინტერესის მოზიდვას?

ეს არის კომპლექსური პროცესი და სწორედ საერთაშორისო ურთიერთობების და პროგრამების ნაწილი. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია შედეგი – პაციენტი მიდის იქ, სადაც ხედავს რეალურ შედეგს. მეორე – კომუნიკაცია და ხელმისაწვდომობა. და მესამე – ნდობა, რომელიც დროთა განმავლობაში ყალიბდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პაციენტს არა მხოლოდ სამედიცინო სერვისი, არამედ სრული მომსახურება შევთავაზოთ, დაწყებული პირველი კომუნიკაციიდან, დასრულებული მკურნალობის პროცესით.

აქვე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, საზღვარგარეთიდან შემოსული პაციენტები ჩვენ მოვარგეთ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, სწორედ უცხოელი პაციენტების ხარჯზე ახერხებს დღეს კლინიკა დაეხმაროს ქართველ პაციენტებს რეპროდუქციული სერვისების დაფინანსებაში. მეტი უცხოელი პაციენტი – მეტი ფინანსური რესურსი ქართველი უშვილო წყვილების დასახმარებლად.

თქვენ უკვე გახსენით კლინიკა ერევანში და წარმომადგენლობა ამერიკაში, რას ნიშნავს ეს ეტაპი კლინიკის განვითარებისთვის?

ეს ნაბიჯები ჩვენთვის უბრალოდ გეოგრაფიული გაფართოება არ არის, ეს არის იმ სტრატეგიის გაგრძელება, რომელიც თავიდანვე გვქონდა. როცა კლინიკა იწყებს მუშაობას საერთაშორისო ბაზარზე, იცვლება არა მხოლოდ მისი მასშტაბი, არამედ აზროვნება,  მუშაობ სხვა სტანდარტებით, სხვა მოლოდინებით და სხვა პასუხისმგებლობით. ერევანში კლინიკის გახსნა და ამერიკაში წარმომადგენლობის დაფუძნება გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ უფრო ახლოს პაციენტებთან, გავამარტივოთ კომუნიკაცია და შევქმნათ ნდობა ჯერ კიდევ მანამ, სანამ ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამასთან, ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ ქართული კლინიკა უკვე აღარ არის მხოლოდ ლოკალური მოთამაშე, მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო ბაზარზე, შემოიტანოს ახალი მიდგომები და თავადაც გახდეს ამ პროცესის აქტიური ნაწილი. ეს ნაბიჯები არ არის მხოლოდ ზრდა,  ეს არის პოზიციონირება, რომელიც განსაზღვრავს, თუ სად ვხედავთ ჩვენს თავს მომავალში.

რამდენად რთულია კლინიკის მართვა ასეთ მასშტაბში?

ჯანდაცვა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო მართვის თვალსაზრისით. აქ არ მუშაობს მხოლოდ ბიზნეს-ლოგიკა, აქ აუცილებელია ბალანსი ადამიანურ ფაქტორსა და სისტემურ მართვას შორის. ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც იღებ, საბოლოოდ ეხება პაციენტს, და ეს პასუხისმგებლობა მუდმივად უნდა გახსოვდეს. ამაზე მნიშვნელოვანი კი არის გუნდი, ვისაც ეყრდნობი, ვინც მხარში გიდგას, აუცილებლად უნდა გყავდეს პარტნიორი, ვისაც ენდობი, მე გამიმართლა – ჩვენი კლინიკის დამფუძნებელი, ქალბატონი ნინო მუსერიძე განსაკუთრებულად მგრძნობიარე, მაღალი კორპორაციული პასუხიმგებლობის და გონიერი ექიმია, მე უფრო პრაგმატულად ვუდგები მართვას, ქალბატონი ნინოსთვის პაციენტი, ადამიანური ფაქტორი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს ქმნის იმ პლატფორმას, სადაც როგორც თანამშრომელს, ისე პაციენტს უხარია მოსვლა, საბოლოოდ ხომ მთავარი ესაა, რადგან ჩვენი მიმართულება ახალი სიცოცხლის შექმნაა და აქ უნდა იყოს ბევრი ბედნიერი ადამიანი, ისინიც, ვინც ამ სიცოცხლის შექმნაში იღებენ მონაწილეობას და ისინიც, ვინც ჩვენ გვანდობენ ოჯახის მომავალს.

როგორ ხედავთ ქართული მედიცინის ადგილს საერთაშორისო რუკაზე?

საქართველოს ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული ლიდერი. ჩვენ გვყავს ძლიერი ექიმები, კარგი კლინიკური სკოლა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოქნილობა, რაც გვაძლევს საშუალებას სწრაფად ავითვისოთ სიახლეები. თუ ამას დავუმატებთ სწორ მენეჯმენტს და საერთაშორისო ინტეგრაციას, შედეგი აუცილებლად იქნება.

და ბოლოს, რას ნიშნავს პირადად თქვენთვის კლინიკა, რომელსაც მართავთ? ცხოვრების რა ეტაპზე ხართ ახლა?

კლინიკა ჩემთვის არის მეტი, ვიდრე სამსახური, ეს ჩემი პროფესიული ოცნების მატერიალიზაციაა. ყოველდღე ვხედავ, როგორ იქმნება რეალური ცვლილება ადამიანების ცხოვრებაში. ამ ეტაპზე პასუხისმგებლობა და მოტივაცია ძალიან მაღალია. მომავალშიც ვხედავ ახალი პროგრამების დანერგვას, მეტ  საერთაშორისო პარტნიორობას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას და ქართული მედიცინის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას მსოფლიო სცენაზე. ეს ეტაპი ჩემთვის ნიშნავს პასუხისმგებლობას, ზრდას და შესაძლებლობას გავაკეთო ის, რაც ყოველთვის მიმაჩნდა მნიშვნელოვნად. გუნდი კი ჩვენი ყველაზე დიდი სიძლიერეა, რადგან სწორედ ისინი ახორციელებენ სტრატეგიას ყოველდღიურად. გამოცდილება კი თითოეულ გადაწყვეტილებას აძლევს სიღრმეს და სიზუსტეს. ეს არის საერთო პასუხისმგებლობა და ერთგვარი მისია, მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით, როცა ხედავ, რომ შენი საქმიანობა რეალურ შედეგს იძლევა და ადამიანებს ეხმარება, ეს გაძლევს მოტივაციას, რომ მუდმივად განვითარდე და წინ წახვიდე. ჩვენთან კი ეს პროცესი არ ჩერდება  და ალბათ ეს  არის მისი ყველაზე საინტერესო ნაწილი.