ჯენარო ქრისტესაშვილი და ლევან კობალაძე
პროფესიული გენეტიკა — გადადის თუ არა ექიმობა მშობლიდან შვილზე?
ესაუბრა ეკა ნონიაშვილი
არსებობენ ექიმები, ვისთვისაც მედიცინა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის აზროვნება, ყოველდღიური არჩევანი და პასუხისმგებლობა, რომელიც არ მთავრდება სამუშაო საათებთან ერთად.
ჯენარო ქრისტესაშვილისა და ლევან კობალაძის ისტორია სწორედ ასეთია, ორი თაობა, რომელიც ერთ სივრცეში ხვდება, თუმცა ამ გზამდე სრულიად განსხვავებული საწყისებიდან მოდის.
ჯენარო ქრისტესაშვილი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გენეტიკოსი, რეპროდუქტოლოგი და გინეკოლოგი, საქართველოში რეპროდუქციული მედიცინის და სამედიცინო გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს რეპროდუქციული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებული წევრი, ევროპის კონტრაცეპციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის და საქართველოს და საერთაშორისო 4 პროფესიული აკადემიის წევრი. მის მიერ პირველად საქართველოში ჩატარებული და დანერგილია ქრომოსომული ანალიზი – კარიოტიპირება.
მისი ვაჟი, ლევან კობალაძე, ექიმი-სექსოლოგი, მედიცინის დოქტორი, სახელმწიფო მართვის მაგისტრი, უკვე საკუთარი გზით აგრძელებს ამ სივრცეში მოღვაწეობას. აკადემიური გამოცდილება, მრავალპროფილური ცოდნა და თანამედროვე მიდგომები მას საშუალებას აძლევს, მედიცინას განსხვავებული კუთხით მიუდგეს, თუმცა ამ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გავლენა მაინც ის გარემოა, რომელშიც გაიზარდა.
საინტერესოა, რომ ამ პროფესიული თანხვედრის უკან წინასწარ გაწერილი გეგმა არ დგას. პირიქით, ორივეს არჩევანი სხვადასხვა წერტილიდან იწყება და ბუნებრივად ჩნდება ამ ისტორიის მთავარი კითხვა:
რამდენად ვირჩევთ ჩვენ პროფესიას და რამდენად გვირჩევს ის ჩვენ?
ჯენარო ქრისტესაშვილი: ჩემს ოჯახში ექიმები არ იყვნენ, მე სკოლაში ყველა საგანს ერთნაირად ვსწავლობდი, მე-9 კლასში წაკითხულმა კრონინის „ციტადელმა“ გამიჩინა ინტერესი ექიმის პროფესიის მიმართ და გადავწყვიტე ეს გზა ამერჩია, რაც შეეხება ლევანს, მე ვფიქრობ აღზრდის საუკეთესო მეთოდი, საკუთარი მაგალითია; თუმცა ლევანს არქიტექტურა აინტერესებდა. მე ვერ ვხედავდი ლევანს არქიტექტურაში, ვინაიდან „საბჭოთა არქიტექტურა” მკაცრ ჩარჩოებში იყო მოქცეული და ძნელი იყო შემოქმედებითი თვითრეალიზაცია, ამიტომაც მჯეროდა, რომ ის მედიცინაში უკეთ იქნებოდა რეალიზებული, დავეხმარებოდი მიმართულების არჩევაში, ვიცოდი რა გზით უნდა ევლო, კარგი ექიმი რომ დამდგარიყო.
ლევან კობალაძე: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სფეროში ხუმრობით „ჯენაროევიჩს“ მეძახიან (და ეს ჩემთვის პასუხისმგებლობა უფროა ვიდრე „ჩრდილი“), დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალი მქონდა. ზოგადად, ყველაფერი მაინტერესებდა, კარგად ვსწავლობდი, დედა სამაგალითოდ მკაცრი მშობელი იყო, იმდენად, რომ ჩემი მეგობრები დღესაც კედელს აეკვრებიან ხოლმე მისი გამოჩენისას; თუმცა მე არ მაკლდა თავისუფლება. სამოგზაუროდაც არაერთხელ გავუშვივარ მარტო და თავსაც დამოუკიდებლად ვუვლიდი მცირე ასაკიდან. არქიტექტორობა მინდოდა, საბჭოთა პერიოდი იყო და გაქანება არ აქვს ამ დარგსო – სამედიცინოზე ჩაბარება გადამაწყვეტინა. ჩავაბარე სამკურნალო ფაკულტეტზე, ბოლო კურსზე გავდიოდი პედიატრიას პროფესორ ირაკლი ფაღავას კათედრაზე, რომელმაც ისე შემაყვარა და დამაინტერესა პედიატრიით, რომ გადავწყვიტე პედიატრობა. ბავშვები ისედაც ძალიან მიყვარდა და ეს იყო არაჩვეულებრივი სკოლა. ჩავერთე მთელი არსებით – ორდინატურა, ასპირანტურაც პედიატრიაში გავიარე, დისერტაციაც ამ სფეროში დავიცავი. სტუდენტობის დროს, მესამე კურსის მერე, როგორც ბევრმა ჩემმა თანაკურსელმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში დავიწყე ექთნად მუშაობა, სადაც განყოფილების გამგე დათო კუჭავა იყო – არაჩვეულებრივი ექიმი, პროფესიონალი, რომელმაც ახალგაზრდებს, გარდა პრაქტიკული ჩვევებისა, გვასწავლა პაციენტის სიყვარული, კლინიკური და ანალიტიკური აზროვნება. სწორედ ამ დროს გავაცნობიერე, რომ სწორი პროფესია ავირჩიე და სწორედ იქ, სადაც თეორია პრაქტიკად იქცევა, იწყება ექიმობა.
შემდეგ დაგვიდგა რთული წლები, საბჭოთა კავშირის დაშლის გარდამავალი პერიოდი – იყო ბევრი ექიმი, ცოტა პაციენტი, უამრავი სტუდენტი, კუპონების ხელფასი, რომელიც სამსახურში მისასვლელ ტრანსპორტს ძლივს ყოფნიდა… მე გადავერთე სამედიცინო მენეჯმენტზე, დავამთავრე ჯიპა, შემდგომ მომიწია საჯარო სამსახურშიც და საერთაშორისო ორგანიზაციებში არაერთი პროექტის მართვა. 2010-2012 წლებში პროექტებმაც თანდათან იკლო და გადავწყვიტე კლინიკას დავბრუნებოდი.
და დაბრუნდით სრულიად სხვა მიმართულებით, ეს უკვე ნაფიქრი და საკუთარი არჩევანი იყო, ალბათ?
ლევან კობალაძე: სექსოლოგია რთული დარგია, ყველა სხვა დარგის მიჯნაზეა. პაციენტთან უნდა გაითვალსიწინო ფსიქიატრია, ფსიქოლოგია, უროლოგია, ნევროლოგია, ენდოკრინოლოგია, რეპროდუქტოლოგია, ანდროლოგია და ა.შ. პაციენტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა მხოლოდ კომპლექსური მიდგომითაა ეფექტური, რომელსაც კარგი აკადემიური განათლების გარეშე ვერ შეძლებ. ამავე დროს იშვიათი სპეციალობაა, ამ სპეციალობის სულ 14-15 ექიმი ვართ საქართველოში. ჩემთვის ეს იყო გამოწვევა – ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი და უკვე 15 წელია ამ „მოედანზე“ ვარ.
ვცდილობ მეტი გავიგო მათ დედა-შვილობაზე, ყოველდღიურ რუტინაზე, ყოველი მცდელობა ვისაუბროთ პირადზე, ოსტატურად და ძალიან ბუნებრივად გადადის პროფესიაზე, ვნებდები, ეს ამ ოჯახის ყველაზე ორგანული თემაა და პროფესიული არჩევანის წარსულიდან საუბარი ნელ–ნელა გადადის იმაზე, რაც ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანია – როგორ შეიცვალა მედიცინა დღეს.
რა არის დღეს ექიმობა — პროტოკოლი თუ აზროვნება?
ლევან კობალაძე: ოჯახში ხშირად განვიხილავთ სხვადასხვა სამედიცინო ისტორიებს, ახლახანს ჩვენს ნათესავს დიაგნოზი ვერ დაუსვეს ექიმებმა, მე და დედა დავსხედით და განვიხილეთ სიმპტომები, ანამნეზი და ვიმსჯელეთ დიაგნოზზე ჩვენი ზოგადი განათლებიდან გამომდინარე, სიღრმეებში ჩავედით. დღეს, სამწუხაროდ, ექიმები მხოლოდ ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს ეფუძნებიან, „დოქტორი ჰაუსი“ კი რითაა უნიკალური? ისაა ექიმი, რომელიც ეფუძნება არა მხოლოდ კვლევებს, არამედ ლოგიკას, გამოცდილებას, ზოგად ცოდნას, ზოგჯერ არასტანდარტულ აზროვნებას… დღეს უცხოეთშიც კი მედიცინა ძირითადად სტანდარტიზებულია, მხოლოდ გაიდლააინებით ხდება პაციენტის მართვა.
ანუ ოჯახში სამედიცინო თემებზე საუბარი კონსილიუმს ემსგავსება?
ჯენარო ქრისტესაშვილი: გული მწყდება რომ ჩვენთან კონსილიუმის კულტურა იკარგება, არადა, სწორედ ამით იყო ქართული სამედიცინო სკოლა ცნობილი და ძლიერი, პროტოკოლი და გაიდლაინი საჭიროა, მაგრამ ის ერთ კონკრეტულ დიაგნოზზეა აგებული, პაციენტს კი ხშირად არაერთი თანამდევი დაავადება აქვს, აქ გეხმარება ზოგადი სამედიცინო განათლება და ცოდნა, ასევე მომიჯნავე პროფილის ექიმებთან ერთად ისტორიის განხილვა.
ლევან კობალაძე: კონსილიუმიც დაიკარგა და კლინიკური აზროვნებაც.ზოგადი სამედიცინო განათლების მნიშვნელობა შეუფასებელია. თუ მყარი აკადემიური საფუძველი არ გაქვს, ვერ იქნები ექიმი. კლინიკური აზროვნება მოდის ბაზისიდან, ჩვენ ორივეს გვაქვს ეს საბაზისო ცოდნა, რაც გვაძლევს საშუალებას ვიწრო პროფილიდან უფრო ფართო სპექტრით დავინახოთ ესა თუ ის პაციენტი.
რამდენად მარტივია ასეთ აკადემიურ გარემოში თანაცხოვრება, ვინ ვისგან სწავლობს?
ლევან კობალაძე: მთელი საქართველო მისგან სწავლობს და რა თქმა უნდა მეც, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, მიუხედავად იმისა რომ ასაკით დიდია, ისეთი უნარიანია სიახლეებთან მიმართებაში, რომ ბევრ ახალგაზრდას ფორას მისცემს ამ ციფრულ ეპოქაშიც. 60 წელს გადაცილებული იყო, როცა სრულად აითვისა თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები, ინგლისური თვითონ ისე ისწავლა, რომ თავისუფლად წერს სტატიებს, მოხსენებებს და ზოგჯერ პროფესიონალი ლინგვისტებიც კი ასწორებინებენ ინგლისურად დაწერილ ტექსტებს ან თარგმანებს. როცა ვეკითხებით, რა არის შენი ახალგაზრდობის საიდუმლო, პროფესიულად გვპასუხობს, გენეტიკაო, მაგრამ, ვფიქრობ ამასთანავე ახალგაზრდებთან ერთად მუშაობა და ურთიერთობა. 33-მა ექიმმა დაიცვა მისი ხელმძღვანელობით დისერტაცია, ეს არაა მარტივი, ურთულესი შრომაა, თვეობით მუშაობს დისერტანტებთან ერთად, პერფექციონისტია და იგივეს მოითხოვს მათგანაც. პარალელურად ასწავლის ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს, სადაც ის არამხოლოდ პროფესორია, არამედ მენტორი, აღმზრდელი და გზის გზამკვლევი.
ახლა ორი თაობის ექიმს ვესაუბრები, თქვენ ასევე მუშაობთ ახალგაზრდა თაობის ექიმებთანაც, რა შეიცვალა ყველაზე მეტად ამ სფეროში? ტექნოლოგია თუ ექიმის აზროვნება?
ჯენარო ქრისტესაშვილი: ტექნოლოგიურად ყველაფერი წინ წავიდა, ჩვენ რომ ვიწყებდით, ნაკლები შესაძლებლობები იყო და ამიტომ უფრო ვამუშავებდით ტვინს. ექიმს დღეს ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრი აქვს და ეყრდნობა მათ შედეგებს. ეს კარგია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ექიმი უნდა ფიქრობდეს აკადემიურად, არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ გარე ფაქტორებზე, დღეს დიდი დოზით არის კომერციალიზაცია მედიცინაში, ექიმს უწევს კომპრომისზე წასვლა, ზღვარი გასავლებია პაციენტის საჭიროებებსა და კომერციულ ინტერესებს შორის. მე ჩემს კლინიკაში მაქვს ფუფუნება ვდისტანცირდე ამისგან, ჩემი ავტორიტეტი მაძლევს იმის საშუალებას, რომ კომერციალიზაციისგან შორს ვიყო.
ლევან კობალაძე: ექიმი დღეს აღარაა მხოლოდ მკურნალი, ისაა მენეჯერი, ადმინისტრატორი, ინფლუენსერი, მარკეტოლოგი, რადგან ხშირად შემოსავალი პაციენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ჩვენს საქმეში პროფესიული თავისუფლება მნიშვნელოვანია, ექიმის ანაზღაურება არ უნდა იყოს მიბმული მხოლოდ პაციენტების რაოდენობაზე, რაც მას ფინანსურ წნეხში აქცევს და ეს აისახება როგორც მომსახურების ხარისხზე, ასევე ექიმის კლინიკური აზროვნების თავისუფლებაზე. დღეს ქართული მედიცინა არ არის სათანადოდ დაფასებული, ხშირად პაციენტები საზღვარგარეთ გარბიან სამკურნალოდ, იმ დროს, როდესაც საქართველოში მედიცინის დონე ძალიან მაღალია. განსაკუთრებით, რეპროდუქციული მედიცინის სფეროში. მაგალითად, სულ რამდენიმე თვის წინ აშშ-ს მაღალრეიტინგულ ჟურნალში გამოქვეყნებულ ჩვენს სტატიაში მოყვანილი სამედიცინო შემთხვევა მსოფლიოში სულ 3-4 არის აღწერილი. ხშირად ვაკვირვებთ მსოფლიო მედიცინას ქართული მიღწევებით, საოცარი შედეგები გვაქვს და ასეთი შედეგებით ექიმს არ უნდა უწევდეს კომპრომისზე წასვლა.
ორი თაობა, ორი განსხვავებული პროფესიული რეალობა, თუმცა საერთო ღირებულებები, რომლებიც დროის მიუხედავად არ იცვლება და ამ ყველაფრის ფონზე თავისთავად ჩნდება კითხვა — რას აფასებენ ექიმი დედა-შვილი ერთმანეთში ყველაზე მეტად?
ლევან კობალაძე: ვაფასებ ყველაზე მნიშვნელოვანს, გარდა იმისა რომ სიცოცხლე მაჩუქა, მის პროფესიონალიზმს, პაციენტებთან და სტუდენტებთან, კოლეგებთან ურთიერთობის ფორმას. მე ამ მარათონში ვერ ვაჯობებ, არც მაქვს არავითარი მცდელობა, მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ უკონკურენტოა.
ჯენარო ქრისტესაშვილი: უსაზღვროდ მზრუნველია. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ჩემი შვილი, მისი მეუღლე და შვილი. რძალს ჩემს გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, იმიტომ რომ ის მე შვილივით მივიღე და ასეა დღემდე.
ამ ოჯახურ მოდელში ურთიერთობები მკაცრ იერარქიაზე არ დგას, პირიქით, აქ აშკარად იგრძნობა ერთმანეთის სივრცის პატივისცემა. ლევანი ამ ჰარმონიას თავისებურად, ერთგვარი იუმორითაც ხსნის:
ლევან კობალაძე: ხომ ამბობენ, რძალ-დედამთილის ცნობილი დაპირისპირების მიზეზი ისაა, რომ ერთ სამზარეულოში ორი ქალი ვერ ძლებსო; ჩვენთან არც ერთი არ არის სამზარეულოში და ამიტომაც აქვთ ასეთი სიამტკბილობა დედაჩემს და ჩემს მეუღლეს. გვყავს დამხმარე ქალბატონი და საჭიროების შემთხვევაში შეფ-მზარეული ოჯახში მე ვარ.
ეს ერთი ფრაზა თითქოს მოკლედ აჯამებს მათ ურთიერთობას, როლები გადანაწილებულია არა სტერეოტიპულად, არამედ შეთანხმებითა და კომფორტით. და მთავარი – ამ ისტორიაში არ არის კონკურენცია, არც ჩრდილი, რომელიც ახშობს. აქ არის გაგრძელება პროფესიის, აზროვნებისა და ღირებულებების, რომლებიც ერთი თაობიდან მეორეში გადადის და მომავალ თაობებს ცოდნისა და აკადემიური აზროვნების საფუძველს უყრის.