Home IVFJOY

JOY

by Admin
0 comments

JOY

ფილმი Joy (2024) – ბრიტანული ბიოგრაფიული დრამა, მაყურებელს ადამიანის სურვილების, მეცნიერების პროგრესისა და ემოციური გამძლეობის გადაკვეთაზე არსებულ ისტორიას სთავაზობს. სიუჟეტი შთაგონებულია მსოფლიოში პირველი ინ ვიტრო განაყოფიერებით დაბადებული ბავშვის – Louise Brown-ის ისტორიით, რომელმაც არა მხოლოდ მედიცინა, არამედ ადამიანთა წარმოდგენა მშობლობაზე სამუდამოდ შეცვალა (იხ. ლუიზ ბრაუნთან ექსკლუზიური ინტერვიუ ამავე გამოცემის წინა გვერდებზე). ფილმი იმ სამ მეცნიერზეა (მედდა და ემბრიოლოგი ჟან პერდი, მეცნიერი რობერტ ედვარდსი და ქირურგი პატრიკ სტეპტო), რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ შეექმნათ მეთოდი, რომელიც დაეხმარებოდა უშვილო ადამიანებს შვილების ყოლაში. მათი გზა მარტივი არ იყო – საზოგადოების წინააღმდეგობა, ეკლესიის კრიტიკა, ფინანსური პრობლემები, მრავალი წარუმატებელი ექსპერიმენტი; თუმცა საბოლოოდ ისინი აღწევენ დიდ სამეცნიერო წარმატებას – IVF ტექნოლოგიის შექმნას

ფილმის სცენარისტები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ პერსონაჟების შინაგან სამყაროს. მათი ნამუშევარი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტების გადმოცემით, ისინი ქმნიან ემოციურ ძაფს, რომელიც მაყურებელს პერსონაჟებთან აკავშირებს. დიალოგები დახვეწილი და ბუნებრივია, ხოლო სიუჟეტის განვითარება – თანდათანობითი, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს სრულად შეიგრძნოს ისტორიის სიმძიმე და მნიშვნელობა. სცენარის ერთ-ერთი მთავარი ძალა სწორედ ბალანსში მდგომარეობს: ის თანაბრად აერთიანებს სამეცნიერო პროგრესის თემას და პირად, ინტიმურ ისტორიებს.

 

 

Joy-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მისი თემატური სიღრმეა. ფილმი სვამს კითხვებს: რამდენად შორს უნდა წავიდეს მეცნიერება? რა ფასად მიიღწევა პროგრესი? და ყველაზე მნიშვნელოვანი – რას ნიშნავს იმედი, როცა ყველაფერი შეუძლებლად ჩანს? ამ კითხვებზე პასუხები ერთმნიშვნელოვანი არ არის, რაც ფილმს კიდევ უფრო საინტერესოსა და დასამახსოვრებელს ხდის.

 

ფილმის უკან დგანან სცენარისტი ცოლ-ქმარი  Jack Thorne-ი და Rachel Mason-ი, რომლებმაც ერთობლივად გადაწყვიტეს ამ ისტორიის ეკრანიზაცია. რეჟისორის სავარძელს იკავებს Ben Taylor, რომლის მიდგომაც გამოირჩევა ინტიმურობითა და პერსონაჟებზე კონცენტრაციით. ის არ ცდილობს სიუჟეტის ზედმეტ დრამატიზაციას – პირიქით, ის სიჩუმესა და დეტალებში ეძებს ემოციას. ტეილორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ ატმოსფეროს შექმნას, რომელიც 1970-იანი წლების სამედიცინო სამყაროს სიზუსტით აცოცხლებს.

 

გადაღებები ძირითადად მიმდინარეობდა ინგლისში, მათ შორის ისტორიულად მნიშვნელოვან ლოკაციებზე, რომლებიც დაკავშირებულია ინ ვიტრო განაყოფიერების პირველ ექსპერიმენტებთან. რეალური გარემოს მაქსიმალურად ზუსტად აღდგენა მნიშვნელოვანი იყო როგორც რეჟისორისთვის, ისე სცენარისტებისთვის, რაც ფილმს ავთენტურობას და სიღრმეს მატებს. ფილმში მონაწილეობენ ბრიტანული კინოს გამორჩეული მსახიობები. მთავარ როლებში არიან Thomasin McKenzie (ჟან პერდი), James Norton (რობერტ ედვარდსი) და Bill Nighy (პატრიკ სტეპტო), რომლებიც სხვადასხვა პერსონაჟის მეშვეობით გვაჩვენებენ იმ ადამიანურ და პროფესიულ დაძაბულობას, რაც ამ ისტორიის საფუძველში დგას.

 

 

ფილმის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პლატფორმა Netflix-მა. დღეს, როდესაც სტრიმინგ-სერვისები აქტიურად განსაზღვრავენ კინოსა და სერიალების განვითარების ტენდენციებს, Netflix-ის ჩართულობა მსგავსი თემატიკის ფილმებისთვის მნიშვნელოვანია. Netflix-ისთვის მსგავსი ფილმები განსაკუთრებით ღირებულია, რადგან ისინი უნივერსალურ თემებს ეხება. უშვილობა, მეცნიერული პროგრესი, ეთიკური დილემები და ადამიანური გამძლეობა – ეს საკითხები გლობალურ აუდიტორიას აერთიანებს. პლატფორმა კი, თავისი მრავალმილიონიანი მომხმარებლით, ამ ისტორიებს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში მიაწვდის.

 


ასევე აღსანიშნავია, რომ Netflix-ის მხარდაჭერა ხშირად გულისხმობს შემოქმედებითი თავისუფლების შენარჩუნებას. „Joy“-ის შემთხვევაში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისტორია ეხება სენსიტიურ და ზოგჯერ სადავო საკითხებს. პლატფორმამ მისცა შესაძლებლობა ავტორებს, არ მოერიდებინათ რთული თემების გაშლა და მაქსიმალურად გულწრფელად ეჩვენებინათ როგორც წარმატება, ისე ის სირთულეები, რაც ამ გზაზე იდგა.