Home IVFLOUISE BROWN

LOUISE BROWN

by Admin
0 comments

პირველი IVF ბავშვი მსოფლიოში
ისტორია, რომელმაც სამყარო შეცვალა

ლუიზ ბრაუნის მშობლები ქალიშვილის მოლოდინში

ლუიზ ბრაუნი იმ კონტეინერით ხელში, რომელშიც მისი განაყოფიერება მოხდა

სექტემბერი, 1969. Robert Edwards და Patrick Steptoe, რომლებმაც „სინჯარაში ჩასახული ბავშვის“ იდეა რეალობად აქციეს. მათმა მუშაობამ 1978 წელს IVF-ის გზით ჩასახული პირველი ბავშვის, Louise Brown-ის დაბადება განაპირობა.

ლუიზ ბრაუნი, პროფესორი ბობ ედვარდსი და ალასტერ მაკდონალდი, მსოფლიოში მეორე, თუმცა პირველი IVF ბიჭი, რომელიც ინ-ვიტრო განაყოფიერების გზით დაიბადა 1979 წლის 14 იანვარს შოტლანდიაში.

1978 წელი მსოფლიო მედიცინის ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ლესლი და ჯონ ბრაუნებისთვის ათწლიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ პირველი შვილის დაბადება მხოლოდ პირადი ბედნიერება არ გახლდათ – მეცნიერულმა ტრიუმფმა მილიონობით ადამიანს ჩამქრალი იმედი გაუცოცხლა. ლუიზ ბრაუნი დედამიწაზე პირველი ადამიანია, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) გზით მოევლინა სამყაროს.თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, ლუიზი სრულიად ჩვეულებრივი, მშვიდი რიტმით ცხოვრობს. ის მუშაობს, ზრდის ორ ვაჟს და, ამავდროულად, უზარმაზარი ისტორიული მემკვიდრეობის მატარებელია. ჩვენს ექსკლუზიურ ინტერვიუში ის გულწრფელად იხსენებს მუდმივი ყურადღების ცენტრში გატარებულ ბავშვობას, საუბრობს რეპროდუქციული მედიცინის წარმოუდგენელ ნახტომზე, დედობის ემოციურ მხარესა და იმ კითხვებზე, რომლებიც მთელი ცხოვრება თან სდევს.

როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც პირველად გაიაზრეთ საკუთარი დაბადების ისტორიული მნიშვნელობა?
დაახლოებით ოთხი წლის ვიქნებოდი, სკოლაში შესვლამდე მშობლებმა გვერდით დამისვეს და ამიხსნეს, რომ სამყაროს სხვა ბავშვებისგან ოდნავ განსხვავებული გზით მოვევლინე. დაბადების ვიდეოკადრებიც მაჩვენეს – საკეისრო კვეთა იყო, სისხლით და ლორწოთი სავსე, საკმაოდ უსიამოვნო სანახავი. მედიის განუწყვეტელი ყურადღებაც მახსოვს, თუმცა მაშინ ჟურნალისტები ძირითადად დედასა და მამას ესაუბრებოდნენ.სინამდვილეში, მომხდარის მასშტაბი თინეიჯერობისას გავიაზრე. სკოლაში სექსუალურ განათლებას გავდიოდით და აღმოვაჩინე, რომ სახელმძღვანელოებში ჩემზე ეწერა, რაზეც ჩემი მეგობრები კარგად ხალისობდნენ ხოლმე. 14-15 წლის ასაკში ერთადერთი რამ მაწუხებდა: ღამით, ძილის წინ ვფიქრობდი, რომ სადღაც, თუნდაც ავსტრალიაში, ვიღაცამ ჩემ შესახებ ყველაფერი იცოდა, მე კი მასზე – არაფერი. თუმცა დღეს, 47 წლის ასაკში, ამას აღარ განვიცდი, უბრალოდ ვხვდები, რამხელა მოვლენის ნაწილი ვარ.

ის ფაქტი, რომ პირველი „სინჯარის ბავშვი“ იყავით, სკოლის პერიოდზე თუ მოქმედებდა?
განსაკუთრებულად არა. სულ ერთი და იმავე ბავშვების გარემოცვაში ვიზრდებოდი. ერთადერთი, რაზეც კამათობდნენ, ის იყო, თუ ვინ მოუყვებოდა სკოლაში ახალმოსულ მოსწავლეს ჩემს ამბავს; თავად ნამდვილად არ ვყოფილვარ ამის ინიციატორი.ყველაზე რთული და, ამავდროულად, დასამახსოვრებელი მომენტი მაშინ დადგა, როცა ოთხი წლის ვიყავი. დედას სკოლაში მივყავდი და ქუჩის ორივე მხრიდან ფოტოგრაფებმა მოგვიმწყვდიეს. პანიკაში ჩავარდნილმა უკან, სახლში შემაბრუნა. შემდეგ მეზობელს ვთხოვეთ დახმარება – ღობეზე გადავძვერი და სკოლაში სხვისი მანქანით, მალულად წავედი. თუმცა დღეს ეს ყველაფერი მხოლოდ ღიმილს მგვრის და წარსულს ერთგვარ ხალისს სძენს.

თავად რას ფიქრობთ სამედიცინო ისტორიაში თქვენს უნიკალურ ადგილზე და გრძნობთ თუ არა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას?
წარმოუდგენლად ვამაყობ. ვამაყობ დედით, მამით და იმ პიონერებით, რომელთა ძალისხმევის გარეშეც არც მე ვიქნებოდი ცოცხალი და არც ის 15 მილიონი ადამიანი, ვინც ამავე გზით გაჩნდა. პიონერი გინეკოლოგი პატრიკ სტეპტო ჯერ კიდევ 10 წლის რომ ვიყავი, მაშინ გარდაიცვალა, პიონერი ემბრიოლოგი ჯინ პერდი კი უფრო ადრე – 1985 წელს. ყველაზე მჭიდრო კავშირი ნობელიანტ ფიზიოლოგთან, ბობ ედვარდსთან მქონდა, რომელიც ჩემს ქორწილსაც დაესწრო. როცა პირველ შვილზე დავორსულდი, ოჯახის წევრების შემდეგ სიხარული პირველად მას გავუზიარე.იმ ოთახში მყოფი ადამიანებიდან დღეს მხოლოდ მე და პატრიკ სტეპტოს ასისტენტი, ჯონ ვებსტერი დავრჩით. დედაჩემი მას „დრაკულას“ ეძახდა, რადგან გამუდმებით სისხლს უღებდა ხოლმე. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მას ნამდვილად ვგრძნობ. მართალია, სრული განაკვეთით ვმუშაობ, მაგრამ კუთვნილი შვებულებიდან 15 დღეს ყოველთვის IVF ღონისძიებებსა და კონფერენციებს ვუთმობ. ამასთან, International Federation of Fertility Societies-ის (IFFS) ელჩი ვარ. ვთვლი, რომ ამით მადლობას ვუხდი სამყაროს იმ სიცოცხლისთვის, რომელიც მაჩუქეს.

როგორ აფასებთ იმ პროგრესს, რაც რეპროდუქციულ მედიცინაში თქვენი დაბადების შემდეგ მოხდა?
ეს უბრალოდ საოცრებაა. დღევანდელი გადმოსახედიდან დედაჩემის პროცედურა საკმაოდ მარტივი ჩანს. მას ფალოპის მილები არ ჰქონდა, ამიტომ კვერცხუჯრედი პირდაპირ გადაუნერგეს. მაშინ არც კი იცოდნენ იმ გართულებების შესახებ, რომელთა პრევენციაც ახლა თავისუფლად შეუძლიათ. მეცნიერი არ ვარ და ბევრი სამედიცინო ტერმინი არც მესმის, მაგრამ როცა კლინიკებს ვსტუმრობ და უახლეს აპარატურას ვხედავ – თუ როგორ აკვირდებიან ემბრიონებს – განცვიფრებული ვრჩები. გინახავთ ინკუბატორი, რომელშიც მე შევიქმენი? ჩვეულებრივ მინის ქილას ჰგავდა.

ლუიზ ბრაუნი თავისი ავტობიოგრაფიის პრეზენტაციაზე Bourn Hall-ში, 2015 წლის ივლისში.

თქვენი აზრით, როგორი იქნება რეპროდუქციული მედიცინის მომავალი?
ცოტათი შემაშინებლადაც კი ჟღერს. უკვე მუშაობენ ხელოვნურ საშვილოსნოებზე, გენეტიკა წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება, საუბრობენ კოსმოსში ჩასახულ ბავშვებზეც. ალბათ, 47 წლის წინ საზოგადოება IVF-საც ასე უყურებდა. უნდა ვენდოთ მეცნიერებსა და ექიმებს, რათა ზუსტად იქამდე მიგვიყვანონ, სადამდეც საჭიროა.

თქვენ სამედიცინო გარღვევის შედეგად დაიბადეთ, მაგრამ რიგითი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობთ. სად იკვეთება და სად უპირისპირდება ეს ორი იდენტობა ერთმანეთს?
სხვაგვარი ცხოვრება არც მქონია. დიდი ხნის წინ ვისწავლე ერთ წუთს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მომდევნო წუთს კი – ოჯახთან ერთად მშვიდი ცხოვრების გაგრძელება. ხან მცნობენ ქუჩაში, ხან – ვერა. ექიმები, რა თქმა უნდა, ყოველთვის მცნობენ, რადგან ჩემს ისტორიას სტუდენტობიდანვე სწავლობენ. ძალიან მშვიდი ხასიათი მაქვს და ამ ორი სამყაროს ერთმანეთთან შერწყმა სულაც არ მიჭირს.დილით ნამდვილად არ ვიღვიძებ იმ ფიქრით, რომ „ვაუ, პირველი სინჯარის ბავშვი ვარ“. ვიღვიძებ და ვფიქრობ: „ბავშვებს საუზმე სჭირდებათ, სკოლაში არიან გასაშვები“. სრულიად ჩვეულებრივი რუტინა მაქვს. დილის 8-დან ვმუშაობ. ჩემი ბიჭები – 19 წლის კამერონი და 12 წლის ეიდენი – უკვე დამოუკიდებლები არიან.

ოდესმე თუ გიგრძნიათ, რომ თქვენი ისტორია ნაწილობრივ სამყაროს უფრო ეკუთვნის, ვიდრე უშუალოდ თქვენ?
დედაჩემი სულ ამბობდა, რომ მე სამყაროსთვის გამაჩინა. ოთხი წლის შემდეგ, როცა უკვე აღარ აპირებდა ბავშვის გაჩენას, პატრიკ სტეპტო დაუკავშირდა და ჰკითხა, კლინიკაში როდის დაბრუნდებოდა. დედამ უპასუხა: „მე უკვე მყავს შვილი, მიეცით სხვას შანსი“. პატრიკის პასუხი კი ასეთი იყო: „ეს ასე არ მუშაობს“. ასე გაჩნდა ჩემი და. დედა ხშირად იმეორებდა, რომ მე სამყაროსთვის გავჩნდი, ჩემი და კი – უშუალოდ მისთვის.

IVF-ზე ხშირად კლინიკური ტერმინებით საუბრობენ. თქვენი აზრით, რა არ ესმის მედიცინას იმ ემოციურ მხარეზე, რაც ამ ყველაფრის უკან დგას?
კლინიკური მაჩვენებლები და წარმატების პროცენტები მნიშვნელოვანია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის გულში დგას ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ბავშვის ყოლა სურს. ხშირად, მშრალი სამედიცინო მიდგომა ფარავს იმ წარმოუდგენელ ემოციურ ტვირთსა და ტკივილს, რასაც პაციენტები გადიან.

ლუიზ ბრაუნი საიდენტიფიკაციო სამაჯურით, რომელიც დაბადებისას მაჯაზე ეკეთა.

თქვენმა დაბადებამ შეცვალა „ბუნებრივის“ აღქმა. თავად თუ შეგეცვალათ ამაზე შეხედულება მას შემდეგ, რაც დედა გახდით?
ჩემი ორივე ბიჭი ბუნებრივი გზით ჩაისახა. მაგრამ თუ ადამიანს ბავშვის გაჩენა დახმარების გარეშე არ შეუძლია, სწორედ ამისთვის არსებობს IVF. ბობ ედვარდსს და მის გუნდს ზუსტად ეს უნდოდათ – პროცედურა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის, ვისაც დასჭირდებოდა. სამწუხაროდ, დღეს ის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა.დედობამ ნათლად დამანახვა, თუ რა გამოიარა დედაჩემმა. როცა გეუბნებიან, რომ რაღაც არ შეგიძლია, მიზანი კიდევ უფრო სასურველი ხდება. 10 წელი უშედეგოდ ცდილობდნენ. შემდეგ მოხვდა პროგრამაში, დასჭირდა მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი, ერთი ცდა და დაორსულდა. ეს, უბრალოდ, ასეც უნდა მომხდარიყო.

შვილებთან თუ საუბრობთ ხოლმე თქვენს ისტორიაზე?
იშვიათად. 19 წლის კამერონი უკვე ზრდასრულია და ყველაფერი ესმის. ნახა ფილმი Joy, სპექტაკლი The Child of Science – (ფილმიც და სპექტაკლივ ჩემი ისტორიის შთაგონებითაა შექმნილი) – და ეს სურათის სრულად აღქმაში დაეხმარა. 12 წლის ეიდენს კი ვიდეოთამაშები გაცილებით მეტად აინტერესებს. იცის, სად მივდივარ, როცა მივემგზავრები, მაგრამ 12 წლის ბიჭს ნამდვილად არ უნდა დედასთან რეპროდუქციაზე საუბარი. მე თავად 12 წლიდან მიწევდა მამაჩემის სპერმაზე საუბარი ჟურნალისტებთან; ასე რომ, კარგად მესმის მისი. თუ რამე დააინტერესებთ, ყოველთვის შეუძლიათ მკითხონ, თუმცა, სავარაუდოდ, Google-ში მოძიებას ამჯობინებენ.

თქვენი დაბადებისას საზოგადოება მზად არ იყო ამ სიახლისთვის. როგორ ფიქრობთ, მეცნიერებამ გაასწრო საზოგადოების ემოციურ მზაობას?
აბსოლუტურად. ჩემი დაბადებისას მშობლებმა საშინელი სიძულვილის წერილები მიიღეს. მეცნიერება ყოველთვის უსწრებს საზოგადოებას, შემდეგ კი ხალხს უწევს ამ ყველაფრის გააზრება და მიღება. დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან ჩემს დაბადებას. მათ აქვთ საკუთარი აზრის ქონის უფლება.

არის თუ არა კითხვა, რომლის მოსმენამაც უკვე დაგღალათ და რის მოსმენას ისურვებდით მის ნაცვლად?
ყველაზე ხშირად მეკითხებიან: „როდის გაიგეთ პირველად თქვენი დაბადების შესახებ?“. თუმცა ყველაზე აბსურდული კითხვა, რაც ოდესმე დაუსვამთ, ასე ჟღერს: „გახსოვთ სინჯარაში ყოფნის პერიოდი?“. ბავშვობაში ამას ხშირად მეკითხებოდნენ. ჩემი პასუხი უცვლელი იყო: „არასდროს ვყოფილვარ სინჯარაში, მე პეტრის ჯამში შევიქმენი!“.ერთხელაც, ამერიკაში გამოცემული წიგნის ყდაზე მუქი ფერის თმა მქონდა. ერთმა ინგლისელმა ჟურნალისტმა სერიოზული სახით მკითხა: „აქ მუქი თმა რატომ გაქვთ, შენიღბვას ცდილობდით?“. ავუხსენი, რომ არა, უბრალოდ თმის მელირება არ მქონდა გაკეთებული. ასეთ რამეებზე ბევრს ვიცინით, ნამდვილად არაფერი მწყინს.

და ბოლოს, რას ეტყოდით იმ წყვილებს, რომლებიც უშვილობას ებრძვიან და იმ ბავშვებს, რომლებიც IVF-ით დაიბადნენ?
IVF-ით დაბადებულ ბავშვებს ვეტყვი, რომ სრულიად ჩვეულებრივები ხართ – ზუსტად ისეთები, როგორიც თქვენი საუკეთესო მეგობარია. ერთადერთი, რაც დანამდვილებით იცით, ისაა, რომ ძალიან, ძალიან სასურველები იყავით. როცა გაიზრდებით და გაიგებთ, რა რთული გზა გაიარეს მშობლებმა თქვენს გასაჩენად, მიხვდებით, რა განსაკუთრებულები ხართ.ხოლო მათ, ვინც ახლა გადის მკურნალობას, უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. არ დანებდეთ. იპოვეთ ექიმი და გუნდი, რომელსაც ენდობით. ბევრი იკვლიეთ, რათა შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გააგრძელეთ ბრძოლა, არ დაკარგოთ რწმენა და იმედია, ყველაფერი გამოვა. დედაჩემიც ზუსტად ამას გეტყოდათ, ახლა აქ რომ იყოს.

ლუიზ ბრაუნის მშობლების მოსაწვვეი წერილი, ამერიკულ თოქ-შოუში Phil Donahue მონაწილეობის მისაღებად.